პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზად არის, თანამდებობაზე მეორე ვადით დარჩენა განიხილოს, რათა საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს. ამის შესახებ მან ფრანგულ გამოცემა Le Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც ჰკითხეს, როგორი იქნება მისი პირადი პოლიტიკური მომავალი პრეზიდენტის მანდატის ამოწურვის შემდეგ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 3 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
„მზად ვარ ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის მეორე ვადით, რათა საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას. თუ ჩემ მიერ შეთავაზებული ქარტია ამოქმედდება, მზად ვარ ვიყო მომლაპარაკებელი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან“, - თქვა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, „ქართული ქარტია“, რომელსაც ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ მოაწერა ხელი, ეფუძნება ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭების ფარგლებში საქართველოსთვის ბოლო ორი წლის განმავლობაში წარდგენილ ევროპულ რეკომენდაციებს.
„რეკომენდაციები, რომლებიც ეხება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას და ზოგადად, ქვეყნის ყველა ინსტიტუტს, საარჩევნო კოდექსის რეფორმას. ის ითვალისწინებს ბოლო წლებში მიღებული ისეთი კანონების გაუქმებას, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირთან დაახლოებას, უგულებელყოფს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ინსტიტუტებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ უზრუნველყონ საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში. იდეა ისაა, რომ მომავალი გაზაფხულისთვის შესაძლებელი იყოს ევროკავშირისათვის იმის ჩვენება, რაც გაკეთდა, რეკომენდაციების დასაკმაყოფილებლად, რათა მივიღოთ წევრობის მოლაპარაკებების გახსნის უფლება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო ეგზისტენციალური არჩევანის წინაშეა - 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით მიჰყვება თავის ევროპულ ბედს, ან რუსეთის მსახურებაში დაბრუნდება, პუტინის რეჟიმის მოდელირებული რეჟიმით.
„უცხოური აგენტების შესახებ კანონს ტყუილად არ შეერქვა რუსული კანონი: სწორედ ამ კანონით დაიმორჩილა პუტინმა თავისი სამოქალაქო საზოგადოება და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები სრულყოფილად შეესაბამება იმას, რასაც პუტინი თავისთან აკეთებს.
საქართველოს მთავრობა ცდილობს ქვეყანა ევროპას მოჰკვეთოს და რუსეთის პროტექტორატის ქვეშ მოაქციოს. მოსახლეობამ გასულ გაზაფხულს, მასობრივი დემონსტრაციებით უარი უთხრა ამ კანონსა და ამ მიმართულებაზე, რომლის თავსმოხვევასაც ცდილობენ. ახლა მათ ეს არჩევნებზე უნდა დაამტკიცონ.
საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არის ძალიან მკაფიო არჩევანი მოსკოვთან დაახლოებისკენ.
ეს ნათელი გახდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. მას შემდეგ, დასავლეთის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წინააღმდეგ თავდასხმებმა სისტემატიური სახე მიიღო. ხელისუფლებამ მიატოვა ისტორიული პროდასავლური პოზიციონირება მოსკოვთან კავშირის სასარგებლოდ. სწორედ ამის გამო რუსეთის ლიდერები ქართველ კოლეგებს რეგულარულად ულოცავენ გადაწყვეტილებებისა და განცხადებების გამო. არის თუ არა ეს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, ერთადერთი ინიციატივა თუ კრემლის ზეწოლა, ძნელი სათქმელია, მაგრამ ცხადია, რომ ეს პოლიტიკა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერაა ნაკარნახევი, რომლის მოსკოვთან ურთიერთობაც ყველაზე გაუმჭვირვალეა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა 2024 წლის დეკემბერში ეწურება. ის პირდაპირი წესით არჩეული ბოლო პრეზიდენტია, ახალ პრეზიდენტს კი 5 წლის ვადით, დებატების გარეშე, ფარული კენჭისყრით საარჩევნო კოლეგია აირჩევს. პრეზიდენტის არჩევნები ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომიდან 45 დღის განმავლობაში გაიმართება. კონსტიტუციის 50-ე მუხლის თანახმად, საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში 300 ხმოსანი შედის, მათ შორის, პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. სხვა ხმოსნებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების - საკრებულოების შემადგენლობიდან ასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები, განსაზღვრული კვოტების მიხედვით. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ ხმოსანთა სრული შემადგენლობის უმრავლესობისა.