„მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს... მეტი შემოსავლები დაუგროვდა ქვეყანას. მსხვილი პროეტების დაწყებაა დაგეგმილი, როგორიც არის ანაკლიის პორტი, ასევე, ახალი აეროპორტის პროექტირება და მშენებლობა გვინდა დავიწყოთ. გვინდა, ჩვენი თანამონაწილებით დავიწყოთ ხუდონჰესი, ნამახვანჰესზე მიდის მუშაობა. ნენსკრაზე ჩვენ გავედით ბოლოში, უკვე მემორანდუმია გაფორმებული. ველოდებით, რომ წლის ბოლოს, მაქსიმუმ 2024-ში ადგილზე სამუშაოები განახლდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 სექტემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ამ გეგმის განხორციელებას სჭირდება მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, რასაც მეტი კეთილდღეობა მოაქვს.
მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების პროექტებზე, რომელთა მშენებლობაც პირველ რიგში ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის გამოა გაჩერებული, ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმაც.
„ნენსკრასთან დაკავშირებით, ძირითადი ჩარჩო შეთანხმება ინვესტორ კომპანიასთან, რომელიც ნენსკრაში იყო, ჩვენ უკვე გავაფორმეთ. ახლა მიდის უკვე დეტალური ხელშეკრულება K-Water-თან, რომელიც განსაზღვრავს სამშენებლო საკითხებს. იმედი გვაქვს, რომ შევინარჩუნებთ ინვესტორს და ინვესტორი შეძლებს პროექტის დასრულებას და განხორციელებას.
რაც შეეხება ნამახვანს, იცით რომ აქ შეწყდა ხელშეკრულება და ნამახვანის განხორციელება მოხდება სახელმწიფოს ინტენსიური ჩართულობითა და დიალოგით, მათ შორის, ადგილობრივ მოსახლეობასთან იმიტომ, რომ სწორად მოხდეს კომუნიკაცია, რომ პროექტს რა თქმა უნდა არ აქვს არანაირი როგორც გარემოსდაცვითი, ისე სამშენებლო და სხვა რისკი, მაგრამ გააჩნია ძალიან დიდი მნიშვნელობა ენერგეტიკისა და ეკონომიკისათვის“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მანვე თქვა, რომ მთავრობა მთელი წლის განმავლობაში მუშაობდა შვეიცარულ კომპანია „შტუკთან“, რომელმაც კვლევები ფაქტობრივად დაასრულა და ხუდონჰესის პროექტი გარკვეულ ცვლილებებს განიცდის.
„ეს ინფორმაცია ჩვენ სექტემბერში გვექნება განახლებული. მათ შორის, იცვლება სიმძლავრე, დიზაინი, ლოკაცია და შესაბამისად, ახალი პირობებით მოხდება ამ პროექტის განხორციელება. აქაც სახელმწიფოს ინტენსიური მონაწილეობით და გვეყოლება ძალიან კვალიფიციური პარტნიორები. ხუდონთან დაკავშირებით ჩვენი ინტერესი იყო, რომ მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა ის კულტურული და ბუნებრივი ლანდშაფტი, რომელიც სვანეთში არსებობს და აგვეცილებინა გარკვეული ტერიტორიების დატბორვა, ამიტომ მიდიოდა მუშაობა მთელი წლის განმავლობაში“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
გასული წლის დეკემბერში, დავითაშვილმა მედიას უთხრა, რომ მთავრობამ ინვესტორი კომპანიისგან ხუდონჰესის პროექტი 13.5 მილიონ დოლარად გამოისყიდა. სხვა დეტალები მთავრობამ არ გაასაჯაროვა.
ხაიშის თემში 650 მეგავატიანი ხუდონჰესის მშენებლობა მოსახლეობისა და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების პროტესტის გამო, მრავალი მიზეზითაა გაჩერებული. არსებული პროექტის მიხედვით, ხუდონჰესის კაშხლის სიმაღლე 200 მეტრია, წყალსაცავის მოსაწყობად კი 528 ჰექტარი ტერიტორია უნდა დაიტბოროს, ხაიშის თემის სოფლები, ეკლესიები, სასაფლაოები, ისტორიული ძეგლები, ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელი გზის ნაწილი. გადასახლებას ექვემდებარება 2000-მდე ადამიანი.
280 მეგავატის სიმძლავრის ნენსკრა ჰესის მშენებლობაც ზემო სვანეთში, მდინარე ენგურის შენაკადზე იგეგმება. 2020 წელს გამოქვეყნდა პროექტის დამფინანსებლების - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) შესაბამისი ორგანოების დასკვნა, რომლის მიხედვითაც ნენსკრა ჰესი ბანკების სტანდარტებს არ შეესაბამება ისეთ ფუნდამენტურ საკითხებში, როგორებიცაა: ძირძველი მოსახლეობის უფლებები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, პროექტის ალტერნატივების შესწავლა, გენდერული საკითხები, ინფორმაციის გამჭვირვალობა, ნენსკრა ჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენელთა კომპეტენცია.