ევროკავშირის ქვეყნები ირლანდია, ნორვეგია და ესპანეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებენ. გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში 28 მაისს შევა, ლიდერებმა დღეს გამოაცხადეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში - ზურაბიშვილი
- 4 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 5 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 6 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, ონას გარ სტიორემ განცხადება დღეს პირველმა გააკეთა და თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარება პალესტინის აღიარების გარეშე შეუძლებელია.
„პალესტინის სახელმწიფოს აღიარებით ნორვეგია მხარს უჭერს არაბულ სამშვიდობო გეგმას“, - თქვა მან და დასძინა, რომ სკანდინავიური ქვეყანა „პალესტინას განიხილავს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ყველა უფლებითა და ვალდებულებით“.
„ნორვეგია აპირებს გააგრძელოს მჭიდრო კონტაქტი ისრაელის ხელისუფლებასთან. ის იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა ისრაელის სახელმწიფო 1949 წელს. ნორვეგია აღიარებს ისრაელის ლეგიტიმურ უფლებას დაიცვას საკუთარი თავი საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.
ჩვენ გვჯერა, რომ ორი სახელმწიფოს შექმნის გადაწყვეტილება ისრაელის საუკეთესო ინტერესებშია. ეს ხელს შეუწყობს უფრო მშვიდობიანი, უსაფრთხო და სტაბილური რეგიონის ჩამოყალიბებას“, - თქვა პრემიერმა.
ირლანდიის პრემიერ-მინისტრი საიმონ ჰარისიც მიიჩნევს, რომ პალესტინის აღიარება ახლო აღმოსავლეთში მშვიდობასა და შერიგებას შეუწყობს ხელს. მისი თქმით, ირლანდიას საკუთარი გამოცდილებით ესმის აღიარების, როგორც „ძლიერი პოლიტიკური და სიმბოლური ღირებულების აქტის“ მნიშვნელობა.
„1919 წლის 21 იანვარს ირლანდიამ სთხოვა მსოფლიოს ეღიარებინა ჩვენი უფლება ვყოფილიყავით დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენი გზავნილი მსოფლიოს თავისუფალი ერებისადმი იყო ჩვენი დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების თხოვნა, რომელიც ხაზს უსვამდა ჩვენს მკაფიო ეროვნულ იდენტობას, ჩვენს ისტორიულ ბრძოლას, თვითგამორკვევისა და სამართლიანობის უფლებებს. დღეს ჩვენ იგივე ფორმულირებას ვიყენებთ პალესტინის სახელმწიფოდ აღიარების მხარდასაჭერად. ამას ვაკეთებ იმიტომ, რომ გვწამს თავისუფლება და სამართლიანობა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებია, რადგან გვჯერა, რომ მუდმივი მშვიდობის უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ თავისუფალი ხალხის თავისუფალი ნებით“, - განაცხადა ირლანდიის პრემიერმა და აღნიშნა, რომ პალესტინის ხალხი, ისრაელის მსგავსად, იმსახურებს იმედით, წარმატებითა და მშვიდობით სავსე მომავალს.
„ჩვენ თანაბრად ვაღიარებთ პალესტინის სახელმწიფოს და მის უფლებას, იარსებოს მშვიდობიანად და უსაფრთხოდ საერთაშორისო შეთანხმებულ საზღვრებში. პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარება აგზავნის მესიჯს, რომ არსებობს ჰამასის ნიჰილიზმის სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა. დღეს ჩვენ ვდგამთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯს. იქნება რეაქცია და მისი შედეგების ინტერპრეტაცია, მაგრამ მოდით არ დავკარგოთ ეს ფუნდამენტური ჭეშმარიტება: ბავშვები უდანაშაულოები არიან, ისრაელის შვილები, პალესტინის შვილები, ისინი იმსახურებენ მშვიდობას“, - აღნიშნა ირლანდიის პრემიერმა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა პალესტინის აღიარების თაობაზე პარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა, რასაც კანონმდებლები ფეხზე წამოდგომითა და ტაშით შეხვდნენ.
„ესპანეთი პალესტინის დამოუკიდებლობას 28 მაისს ოფიციალურად აღიარებს, რაც ესპანელი ხალხის უმრავლესობის ნებაა. დადგა დრო, სიტყვებიდან მოქმედებაზე გადავიდეთ. მშვიდობა, სამართლიანობა და თანმიმდევრულობა არის ჩვენი ისტორიული არჩევანის საფუძველი“, - თქვა სანჩესმა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია არა ისრაელის საწინააღმდეგოდ ან ჰამასის სასარგებლოდ, არამედ მშვიდობისთვის.
„პრემიერი ნეთანიაჰუ კვლავ ხუჭავს თვალს და ბომბავს საავადმყოფოებს, სკოლებს, სახლებს. ის ჯერ კიდევ იყენებს შიმშილს, სიცივეს და ტერორს მილიონზე მეტი უდანაშაულო ბიჭისა და გოგოს დასასჯელად და საქმე იქამდე მივიდა, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორებმა ამ კვირაში მოითხოვეს მისი დაპატიმრება ომის დანაშაულისთვის.
ის ქვეყნები, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებს და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სამართალს, ვალდებულნი არიან იმოქმედონ - უკრაინასა და პალესტინაში - ორმაგი სტანდარტების გარეშე“, - აღნიშნა სანჩესმა.
სამი ევროპული ქვეყნის გადაწყვეტილებას ისრაელის მხრიდან მწვავე და დაუყოვნებელი რეაქცია მოჰყვა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამივე ქვეყნიდან ელჩების გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელი არ გაჩუმდება მათ წინაშე, ვინც ძირს უთხრის მის სუვერენიტეტს და საფრთხეს უქმნის მის უსაფრთხოებას.
„დღევანდელი გადაწყვეტილება პალესტინელებს და მსოფლიოს შემდეგ გზავნილს უგზავნის: ტერორიზმი იხდის. მას შემდეგ, რაც ჰამასის ტერორისტულმა ორგანიზაციამ ჰოლოკოსტის შემდეგ ებრაელების ყველაზე დიდი ხოცვა-ჟლეტა მოაწყო, ჩაიდინა საზარელი სექსუალური დანაშაულები, რომლის მოწმეც მსოფლიო გახდა, ამ ქვეყნებმა აირჩიეს ჰამასისა და ირანის დაჯილდოება პალესტინის სახელმწიფოს აღიარებით“, - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მან დაამატა, რომ „მძიმე შედეგები იქნება“.
პალესტინის სახელმწიფოს გაეროს 193 წევრი ქვეყნიდან სულ მცირე 140 აღიარებს. მათ შორის არ არიან ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია. დღემდე პალესტინის სახელმწიფოებრიობას ევროკავშირის 27 წევრიდან 9 სცნობდა, თუმცა ქვეყნების უმრავლესობამ ეს ბლოკში გაწევრიანებამდე გააკეთა. 2014 წელს შვედეთი გახდა ევროკავშირის პირველი წევრი ქვეყანა, რომელმაც პალესტინის სახელმწიფო აღიარა. საქართველომ ეს გადაწყვეტილება 1992 წელს მიიღო.