რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, რუსი მესაზღვრეები 11 საათზე მეტი ხნის განმავლობაში არ აძლევდნენ საზღვრის გადაკვეთის საშუალებას დაღესტანში მცხოვრებ ოთხ ახალგაზრდა ქალს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ოჯახში ძალადობას გაურბოდნენ. უფლებადამცველების მეშვეობით მათ რუსეთის დატოვება მაინც მოახერხეს და საქართველოში, უსაფრთხო ადგილამდე მიაღწიეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

შაბათს, 29 ოქტომბერს, ჩრდილოეთ ოსეთში მომუშავე უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, „SOS ჩრდილოეთ კავკასიამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაღესტნის სოფელ ხაჯალმახში მცხოვრები მცხოვრები დები - 20 წლის ხადიჯათ და 18 წლის ფატიმათ ხიზრიევები, ასევე, მათი ბიძაშვილები - 24 წლის ასმინათ გაზიმაგომედოვა და 19 წლის ფატიმათ მაგომედოვა რუსეთიდან გასვლას ვერ ახერხებდნენ. რუსმა მესაზღვრეებმა მათ პასპორტები განმარტების გარეშე ჩამოართვეს, შემდეგ კი პოლიცია გამოიძახეს. ისინი გოგონებს ეკითხებოდნენ, მშობლებისგან ჰქონდათ თუ არა ქვეყნიდან გასვლის ნებართვა და ეუბნებოდნენ, რომ მათთან ნათესავები მიდიოდნენ.

„გთხოვთ არ გადაგვცეთ ჩვენს ოჯახებს. ისინი გვეძებენ, რომ მოგვკლან“, - ამბობდნენ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გოგონები.

„SOS ჩრდილოეთ კავკასიის“ ინფორმაციით, გოგონებზე ბავშვობიდან ფიზიკურად ძალადობდნენ, მათგან რელიგიურ მორჩილებას მოითხოვდნენ და წვრილმანი გადაცდომისთვისაც სჯიდნენ. ადრეულ ასაკში ისინი წინადაცვეთის მსხვერპლი გახდნენ. ეს ოპერაცია, რომელიც გენეტალიების დასახიჩრებას გულისხმობს და გაეროს მიერ ქალთა უფლებების დარღვევად არის მიჩნეული, დაღესტნის სოფლებში ჯერ კიდევ გავრცელებული პრაქტიკაა. გოგონებმა არასამთავრობო ორგანიზაციას დახმარებისთვის 2020 წელს მიმართეს და დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდნენ გაქცევას. როგორც ისინი ამბობდნენ, სახლში სისტემატურად სცემდნენ, უშლიდნენ განათლების მიღებას და გათხოვებას აიძულებდნენ. „SOS ჩრდილოეთ კავკასიამ“ გაავრცელა ფოტოებიც, სადაც ფატიმათ მაგომედოვას სახე დასისხლიანებული აქვს და კიდურებზე დიდი ჩალურჯებები ეტყობა. უფლებადამცველების განცხადებით, ფოტოები 2019 და 2021 წლებშია გადაღებული, როდესაც მასზე ძმამ და დედამ იძალადეს. 

„გოგონებზე ძებნა არ იყო გამოცხადებული, მაგრამ მათ ნათესავებს დიდი კავშირები აქვთ. ხაჯალმახი, საიდანაც ისინი არიან, ძალიან მდიდარი სოფელია. ისინი სახლიდან სამი თვის წინ წავიდნენ და კრიზისულ ბინებში იმყოფებოდნენ. ნათესავები მათ პოვნას ცდილობდნენ, მათ შორის, ჩვენს ორგანიზაციაში ხალხის შემოგზავნით“, - უთხრა გამოცემა „კავკაზსკი უზელს“ უფლებადამცველმა სვეტლანა ანოხინამ.

ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაკავებულ გოგონებთან ოჯახის წევრები მივიდნენ. ისინი ძალადობას უარყოფდნენ, გოგონებს ტყუილში ადანაშაულებდნენ და ამბობდნენ, რომ მათ „ტვინი გადაუბრუნეს“. „SOS ჩრდილოეთ კავკასიის“ ადვოკატმა მოახერხა, რომ მესაზღვრეებს ისინი გოგონებამდე არ მიეშვათ. რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ გოგონებმა, ადვოკატთან ერთად, შეძლეს რუსეთის საზღვრის გადაკვეთა, საქართველოში შემოსვლა და „შედარებით უსაფრთხო ადგილზე“ იმყოფებოდნენ.

„ამ ამბის გახმაურების წყალობით შესაძლებელი გახდა ჩვენი გადარჩენა და რუსეთიდან გამოსვლა. ახლა საქართველოში ვართ. კარგად და შედარებით უსაფრთხოდ ვართ, მაგრამ, რა თქმა უნდა, გვეძებენ. ნათესავები დაგვპირდნენ, რომ გვიპოვიან. იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, - ამბობენ გოგონები რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. 

„SOS ჩრდილოეთ კავკასიის განცხადებით, დაღესტნელი გოგონების შემთხვევა საკმაოდ ნიშანდობლივია. „ჩრდილოეთ კავკასიაში ადამიანის უფლებები შეიძლება დაირღვეს აბსოლუტურად არაერთგვაროვანი მიზეზების - გათხოვების სურვილის არ ქონის, ჭორების, რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებების, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო“, - ამბობენ უფლებადამცველები და 2021 წლის ზაფხულში ოჯახიდან ჩეჩენი ქალის გაქცევის გახმაურებულ საქმეს იხსენებენ. ხალიმათ ტარამოვა, რომელიც ამბობდა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო, ჩეჩნეთიდან დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალაში, კრიზისულ თავშესაფარში გაიქცა. მან ვიდეომიმართვა ჩაწერა და სამართალდამცავ ორგანოებს სთხოვა, მასზე ძებნა არ გამოეცხადებინათ. ამის მიუხედავად, ბინაში, რომელსაც ის სხვა ქალებთან ერთად აფარებდა თავს, ჩეჩენი სამართალდამცველები შეცვივდნენ და ძალის გამოყენებით დააბუნეს უკან, ოჯახში.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).