სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 121-ე შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებაა. 23 ივლისს გამართული ბოლო შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის 6 ადამიანი დააკავეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 3 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
- 4 ევროკომისია: საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი
- 5 სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი გაათავისუფლეს – პაპასქუა საგარეო უწყებას ტოვებს
- 6 ოთარ ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის თქმით, ბოლო ინციდენტი - მამა-შვილის, გოდერძი და უჩა ჯოხაძეების დაკავება - რამდენიმე დღის წინ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაფიქსირდა. დე ფაქტო ხელისუფლებამ ასაკოვანი მამა გაათავისუფლა, შვილი კი ცხინვალის იზოლატორში რჩება.
„დღევანდელ შეხვედრაზე, ისევე როგორც წინა შეხვედრაზე, აქცენტი გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების საკუთარ ოჯახებში დროულ დაბრუნებაზე. დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაშია 10 პირი“, - აღნიშნა ანთაძემ.
დაკავებული 6 პირიდან 2 ტაჯიკეთის მოქალაქეა. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, დადგინდა, რომ უცხოელები დაიკარგნენ და „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი“ უნებლიედ დაარღვიეს. 11 სექტემბერს, ე.წ. ცხინვალის სასამართლომ ისინი სამართალდამრღვევებად ცნო და დააჯარიმა. მათ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას „დადგენილი წესით“ გადასცემენ.
ირაკლი ანთაძის თქმით, შეხვედრებს შორის პერიოდში, ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების სოფლებში ბორდერიზაციის 8 შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები გაავლეს და მავთულხლართების გასაბმელად მეტალის ბოძები აღმართეს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების დელეგაცია ერგნეთის შეხვედრაზე კვლავ მოითხოვს ოკუპირებულ სოფელ წნელისში (უისტა) „საქართველოს პოლიციის უკანონო პოსტის“ აღებას.
