ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ბიჭვინთის აგარაკი რუსეთს გადასცა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა 27 დეკემბერს, დილის 6 საათზე მოახდინა რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების რატიფიცირება, რომლითაც ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკი რუსეთს გადასცა. ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დე ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს ხელი დღესვე მოაწერა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ამ ვითარების გამო ყველანი ვღელავდით. პარლამენტის დეპუტატებიც ძალიან განიცდიდნენ. დღეს ჩვენ რამდენიმე დელეგაცია მივიღეთ, ამ შეთანხმების მიღების რამდენიმე შესაძლებლობა განვიხილეთ რესპუბლიკის უსაფრთხოებისთვის. შედგა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შესაბამისი შეხვედრა, რომელზეც ჩვენ კონსენსუსზე დამყარებული დოკუმენტი მივიღეთ. ესენია ცვლილებები შესაბამის კანონებში, საერთაშორისო შეთანხმებების შესახებ კანონში, სამოქალაქო კოდექსში და სპეციალურ კონსტიტუციურ კანონში, რომელიც კონკრეტულად სახელმწიფო აგარაკის გადაცემას შეეხება. მასში მითითებულია, რომ ობიექტის მესამე პირებისთვის გადაცემის შემთხვევაში, ხელშეკრულება უქმდება და საკუთრება უბრუნდება აფხაზეთის რესპუბლიკას, ასეთი გადაწყვეტილება განიხილეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრაზე“, - აცნობა ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე ლაშა აშუბამ დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

მომიტინგეებმა დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდეს და მისი გაუქმება მოითხოვეს. აშუბამ მათ მოუწოდა, რომ სიტუაცია არ გაემწვავებინათ და დაშლილიყვნენ.

წინა დღეს, აფხაზეთის მოსახლეობას დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა ადგურ აგრბამ მიმართა და მოუწოდა, ოპოზიციის არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობისგან თავი შეეკავებინათ.

ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხზე რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების რატიფიცირება დე ფაქტო პარლამენტს 28 დეკემბრის სესიაზე ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, საბოლოოდ გადაწყდა, რომ საკითხი ერთი დღით ადრე განეხილათ. დე ფაქტო პარლამენტში სულ 35 წევრია. სესიას 28 მათგანი ესწრებოდა, რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემას მხარი 26-მა დაუჭირა.

„მოხდა ყველაზე საშინელი, რასაც მოველოდით, დეპუტატებმა უგულებელყვეს აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია, ქვეყნის კანონები. პარლამენტის წევრებმა უნდა დაასაბუთონ, რატომ მიიღეს გადაწყვეტილება რიგგარეშე სხდომის ღამით ჩატარების შესახებ. მათ უნდა დაესაბუთებინათ ამ სხდომის კანონიერება“, - თქვა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ყოფილმა სახალხო დამცველმა ასიდა შაკრილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის მიერ, რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია მორიგი უკანონო ქმედება და რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებაა.

„საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით ნებისმიერი მსგავსი სახის ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია. შესაბამისად, აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციის პირობებში ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას ვერ ექნება რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი“, - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შესახებ შეთანხმება 2022 წლის იანვარში გაფორმდა. დოკუმენტის ძალაში შესვლიდან 6 თვის განმავლობაში რუსეთს უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს აგარაკი (184 ჰექტარი ტერიტორია) -  მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობები და მასთან არსებული ზღვის აკვატორიის ნაწილი. შეთანხმება 49 წლის ვადით არის დადებული, თუმცა შესაძლებელია ავტომატურად გახანგრძლივდეს კიდევ 15-წლიანი პერიოდით. რუსული მხარე გადაცემული ქონების სანაცვლოდ ბიუჯეტში ყოველწლიურად 1 რუბლს გადაიხდის.

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის ტერიტორიაზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს თანამედროვე რეზიდენციის მოწყობა სურს.

გასული წლის აგვისტოში სააგენტო „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის ე.წ. ელჩი მიხაილ შურგალინი აცხადებდა, რომ შეთანხმების რატიფიცირების გაჭიანურება აფხაზეთში რუსეთის მიერ ისეთი მსხვილი პროექტების ინვესტირებაზე აისახებოდა, როგორებიცაა აეროპორტისა და ტურისტული ობიექტების მშენებლობა და აფხაზეთის რკინიგზის რეკონსტრუქცია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.