ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში 27 მაისიდან ისევ არ შეუშვებენ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პარლამენტის შენობის წინ მობილიზებული საპოლიციო ძალები / ვანო გორგიშვილის ფოტო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას 27 მაისს, დილის 9 საათზე განიხილავს. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში სულ 10 საკითხია, პრეზიდენტის ვეტო დღის წესრიგში პირველია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ონლაინმედიას პარლამენტში არც ამჯერად დაუშვებენ. 27 მაისიდან მის მოხსნამდე, საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შენობაში დაიშვებიან მხოლოდ ტელემაუწყებლების საშუალებების აკრედიტებული, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 27 მაისიდან მის მოხსნამდე, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს სამი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, - ნათქვამია პარლამენტის აპარატის განცხადებაში.

ონლაინმედიას საქართველოს პარლამენტში 15 აპრილიდან აღარ უშვებენ, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ განმეორებით განსახილველად წარადგინა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი.

2024 წლის 16 აპრილს, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ონლაინგამოცემების ჟურნალისტების საქართველოს პარლამენტში არ დაშვების საფუძვლად, მათი მხრიდან შესაძლო სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირების, პროტესტის გამოხატვა დაასახელა.

„პუბლიკას“, „მედიაჩეკერის“, „საქართველოს ამბები/მთის ამბების“, სტუდია „მონიტორის“ და „ნეტგაზეთის“ რედაქტორებმა, 16 აპრილს, საჩივრით მიმართეს სახალხო დამცველს და მოითხოვეს დისკრიმინაციის დადგენა და მისი აღმოფხვრა. სახალხო დამცველს საჩივარზე გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.

ონლაინგამოცემების რედაქტორები მიიჩნევენ, რომ მათი დისკრიმინაცია განსხვავებული აზრის გამო ხდება.

„პარლამენტის მიერ ჩვენს მიმართ განსხვავებული მოპყრობა და დევნა ხდება ხელისუფლების ნარატივისგან განსხვავებული პოზიციისა და შეხედულებების გამო. რუსული კანონი უპირველესად გვეხება ჩვენ და განკუთვნილია ჩვენს გასანადგურებლად. სწორედ ონლაინმედიებმა ვუწოდეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს „რუსული კანონი“

კრიტიკულად ვაშუქებთ მას და საზოგადოებას ვაწვდით ობიექტურ ინფორმაციას, თუ რა საფრთხეებს შეიცავს ეს კანონპროექტი“, - ნათქვამია სახალხო დამცველისთვის წარდგენილ საჩივარში.

საქართველოს პარლამენტმა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი 14 მაისის პლენარულ სხდომაზე მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, 30 კი წინააღმდეგი იყო. პრეზიდენტის მიერ კანონზე დადებული ვეტოს დაძლევას „ქართული ოცნება“ 27-28 მაისს გეგმავს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.