თბილისში ვიზიტით მყოფმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები „თავისუფალი და დემოკრატიული“ იყო, მაგრამ დავა და კამათი ევროპაში მაინც იქნება. მისი თქმით, გაეცნო უნგრელი დამკვირვებლების ანგარიშს, რომელიც „ყველა ასპექტით პოზიტიურია“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„მე არ მინდოდა საარჩევნო კამპანიის დროს საქართველოში ჩამოსვლა, რადგან ეს იქნებოდა აღქმული, როგორც ჩარევის მცდელობა. ჩვენ დაველოდეთ შედეგებს და მერე გადავწყვიტე, ჩამოსვსულიყავი თბილისში. მინდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება მივულოცო. ვაკვირდები არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ მიმდინარე კამათს, საერთაშორისო გამოხმაურებასაც ვეცნობი და შემიძლია ვთქვა, რომ არავის გაუბედავს იმის თქმა, რომ ეს არჩევნები ან მისი შედეგები რაიმე სახით არ ყოფილიყოს დემოკრატიული, იმ კრიტიკული აზრის გარდა, რაც გამოითქვა. მე შევისწავლე უნგრელი დამკვირვებლების მიერ წარმოდგენილი ანგარიში. ყველა ასპექტით იყო პოზიტიური - თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების შესახებ იყო საუბარი. ამიტომ მინდა მივულოცო საქართველოს პრემიერ-მინისტრს“, - განაცხადა ორბანმა კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, არავის უნდა თავისი ქვეყნის უაზრო ომში ჩართვა და ამიტომ ესმის „გადაწყვეტილება, რომელიც ქართველმა ხალხმა მიიღო“.
„მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ქართველმა ხალხმა მშვიდობის არჩვენი გააკეთა, ევროპული არჩევანი გააკეთა. მიმაჩნია, რომ მმართველი პარტია ერთგულია ევროპული ინტეგრაციის. ალბათ, თქვენ ხართ ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ ყველა მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა მოაკლოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ამ პირობებში ერთგულების კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა ნამდვილად სასაცილოა.
ასევე, მინდა, მივულოცო საქართველოს მთავრობას, რომ იმ პირობებში, როდესაც პროევროპულ პოლიტიკას ახორციელებთ, არავის მიეცით საშუალება, თქვენი ქვეყანა გადაქცეულიყო მეორე უკრაინად. ჩვენ დიდად ვაფასებთ პრემიერ-მინისტრის ერთგულებას ამ იდეისადმი და მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ათწლეულის ბოლოსთვის საქართველო ნამდვილად იქნება მზად, საუკეთესო ფორმაში, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დახმარება აღმოგიჩინოთ.
არჩევნების შედეგები უდავოა, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, მაგრამ დავა და კამათი მაინც იქნება ევროპაში. თქვენ ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ, რადგან ეს ჩვეულებრივი ამბავია, ბრიუსელში ყოველთვის ასეა.
როდესაც არსით კონსერვატიული პარტიები იგებენ, ჩვენ ყოველთვის ვხედავთ ასეთ კამათს, რადგან ევროპული პოლიტიკა სახელმძღვანელოზეა დაფუძნებული - თუ ლიბერალები იმარჯვებენ, მაშინ დემოკრატიაა, თუ კონსერვატორები იმარჯვებენ, მაშინ დემოკრატია არ ყოფილა. ასეთი კამათი ბრიუსელში ყოველთვის ხდება. უნგრეთში ჩატარდება არჩევნები თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ასე იღებენ და ასე აღიქვამენ“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ვიქტორ ორბანი ერთადერთია ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებს შორის, ვინც საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მმართველ პარტიას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიოს და განიხილოს საარჩევნო დარღვევები. როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, „ეს აუცილებელი ნაბიჯია საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღსადგენად“. გამოძიების მოთხოვნას უერთდება ამერიკის შეერთებული შტატებიც.