საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. როგორც მათ განაცხადეს, განიხილეს, თუ როგორ ხედავენ პოლიტიკური ძალები ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„ჩვენ გვქონდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ქვეყანაში, როგორ ვხედავთ ოპოზიციური პარტიები, რა გეგმები გვაქვს, ხომ არ შეცვლილა ეს გეგმები და ა.შ. ცხადია, ეს გეგმები არ შეცვლილა, ჩვენ ვიბრძვით არჩევნების შედეგების ბათილობისთვის. ამისთვის გამოვიყენებთ ყველა გზას როგორც ლეგალურ გზებს - სასამართლოებს, მათ შორის, სავარაუდოდ, საკონსტიტუციო სასამართლოსაც - ასევე, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ სახალხო დემოკრატიის კონსტიტუციითა და კონვენციებით ნებადართულ გზას, რომელსაც მარტივად ქუჩა ჰქვია.
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არჩევნები არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, ეს იცის მსოფლიოში ყველამ. ბუნებრივია, ამ არჩევნების საერთაშორისო შესწავლა აუცილებლად მოხდება. ახალი არჩევნები იქნება, ქართველი ხალხის ნება იქნება დაცული და რეალიზებული ახალი არჩევნების გზით“, - განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ.
პარტიის „გახარია - საქართველოსთვის“ წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, პრეზიდენტმა ისინი საქმის კურსში ჩააყენა „მაღალი დონის კომუნიკაციების“ შესახებ. ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ანა დოლიძემაც, რომელიც შეხვედრაზე კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ წარმოადგენდა.
„ყველაზე კარგი წყარო არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც პირდაპირი შემხებლობა აქვს ჩვენს მეგობრებთან და ის ადასტურებს, რომ კავშირზეა, საქმის კურსშია მთელ პროცესებთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი აქვს ევროკავშირში და შესაბამისად, ჩვენს მეგობრებს აწვდის ზუსტ ინფორმაციას მტკიცებულებებთან დაკავშირებით, იმ ზიანთან დაკავშირებით, რაც ქვეყანას მიადგა“, - აღნიშნა დოლიძემ.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო არჩევნების საერთაშორისო გამოძიებას, რაც ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.
„პრეზიდენტმა ღიად განაცხადა, რომ არ აპირებს ივანიშვილის პროკურატურასთან თანამშრომლობას. ამ ტოტალური გაყალბების გამოძიება შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში. პრეზიდენტს ასევე აქვს ეს პოზიცია და ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იქნება მისი მიმართვაც საერთაშორისო პარტნიორებისთვის, თუ ის ამას საჭიროდ ჩათვლის, რადგან ის არის ქვეყანაში დარჩენილი ერთადერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი.
პრეზიდენტს ვესაუბრეთ იმ დარღვევების ანგარიშზეც, რომელიც ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ ერთობლივად შეადგინა და რომლის გაგზავნასაც ვაპირებთ ერვოსტრუქტურებში, აშშ-ში და ზოგადად, საერთაშორისო პარტნიორებთან.
კიდევ რამდენიმე კონკრეტული საკითხის განხილვა მოხდა, რაზეც ასევე გვექნება ერთობლივი გეგმები და მოქმედება პარტიების მხრიდან. ამაში პრეზიდენტს, სავარაუდოდ, ასევე ექნება ძალიან მნიშვნელოვანი როლი. არ ვიცი, კოლეგებმა რამდენად ღიად ისაუბრეს და ამიტომ, არ მინდა თავს უფლება მივცე ეს კონკრეტული საკითხები განვიხილო“, - უთხრა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 53.93%-მა (1 120 011 ამომრჩეველი) ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა. ამ შედეგის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, რომელთა შორის ხმები ასე გადანაწილდა:
- „კოალიცია ცვლილებისთვის“ (11.037%)
- „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ (10.164%)
- „ძლიერი საქართველო“ (8.814%)
- „გახარია საქართველოსთვის“ (7.771%)
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მიიჩნევს, რომ არჩევნები „ტოტალურად გაყალბდა“ და საქართველო „რუსული სპეცოპერაციის მსხვერპლი“ გახდა.