„ოცნება“ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფს აუქმებს და სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების წესს ცვლის

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

დეპუტატები ანრი ოხანაშვილი და დავით მათიკაშვილი

„ქართულ ოცნებას“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო კოდექსში კიდევ შეაქვს ცვლილებები და ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკონსულტაციო ჯგუფს აუქმებს. გარდა ამისა, პარლამენტში 2 მაისს დარეგისტრირებული კანონპროექტის მიხედვით, მარტივდება  ცესკოს სხდომაზე გადაწყვეტილებების მიღების წესი.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საარჩევნო კოდექსის თანახმად, ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, საარჩევნო პერიოდით, არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში იქმნება. იგი შედგება სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისგან და დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო ან/და ადგილობრივი ექსპერტებისგან - არანაკლებ 9 და არაუმეტეს 15 წევრისგან. საკონსულტაციო ჯგუფი ცესკოს წარუდგენს რეკომენდაციებს დავების განხილვის პროცესთან დაკავშირებით. ამ ჯგუფს შეიძლება მიენიჭოს დამატებითი ფუნქციები, კერძოდ, კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის პროცესზე დაკვირვება.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები აცხადებენ, რომ საკონსულტაციო ჯგუფის გაუქმების მიზანშეწონილობას არსებული პრაქტიკული გამოცდილება ადასტურებს. „ეს ჯგუფი რეალურად არ ფუნქციონირებს, რაც ძირითადად დამკვირვებელი ორგანიზაციების მხრიდან ამ ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობის სურვილის უქონლობით იქნა გამოწვეული“, - ამბობენ კანონპროექტის ავტორები.

კანონპროექტით ასევე განსაზღვრულია ის, რასაც „ქართული ოცნება“ ე. წ. ანტიჩიხურ მექანიზმს უწოდებს. კერძოდ, თუ ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ცესკოს ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა კომისიის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, ცესკოს ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

მოქმედი კანონით, საარჩევნო კომისია არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერით იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეეხება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, საარჩევნო ოლქის/უბნის შედეგების გაუქმებას, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნასა და საარჩევნო ბიულეტენების გადათვლას.

„ორი მესამედის მხარდაჭერით მიიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ამისთვის გათვალისწინებული იყო ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული წევრების მხარდაჭერაც. „ქართული ოცნება“ ცესკოში ხანდახან ვერ აგროვებს ორი მესამედის უმრავლესობას და გადაწყვიტა, რომ საერთოდ მოხსნას ეს ბარიერი - უბრალო უმრავლესობით, ანუ მათ მიერ მართული ბრთვის, კლანის მეშვეობით მიიღონ ნებისმიერი გადაწყვეტილება“, - ამბობს გიორგი სიორიძე, რომელიც საარჩევნო კომისიაში პარტია „ლელოს“ წარმოადგენს. ის ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეც იყო, თუმცა პარლამენტმა, მიმდინარე წლის მარტში, ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობა გააუქმა.

კანონპროექტის ავტორები არიან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი და უმრავლესობის სხვა წევრები - დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, გურამ მაჭარაშვილი და ქეთევან ჩარკვიანი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.