„ოცნების“ დრო დამთავრდა, არსად მივდივარ - პრეზიდენტის საგანგებო მიმართვა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„დღეს ერთი ქვით მოკლეს ევროპული მომავალი ან სცადეს და დემოკრატიაც. ქვეყანა, სადაც არანაირი ბალანსი არ არსებობს სხვადასხვა შტოს შორის, ის ქვეყანა ვერ ჩაითვლება, როგორც დემოკრატიული ქვეყანა. ეს არის მცდელობა „ოცნების“, მაგრამ „ოცნების“ ოცნების დრო დამთავრდა, მათ ოცნებებს არ გავამართლებ და არსად არ წავალ. თვითონ იფიქრონ მერე, რომელი სალომე ზურაბიშვილი სჯობდა მათთვის. ეს მე აღარ მაინტერესებს. მე მაინტერესებს, სად გამოვადგები ამ ქვეყანას უფრო - ან როგორც თავისუფალი პოლიტიკოსი, ან როგორც პრეზიდენტი, რომელიც გააგრძელებს თავის მანდატს. ამას ახლო მომავალი გვეტყვის, როგორ და რა იქნება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა საზოგადოებას მას შემდეგ მიმართა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მას „ქართული ოცნების“ დეპუტატების საჩივრის საფუძველზე კონსტიტუციის დარღვევა დაუდგინა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს იმ მოსამართლეებს, რომლებაც ამ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერეს, უნდა რცხვენოდეთ. პრეზიდენტმა თქვა, რომ გადადგომას არ აპირებს.

„მართალი გითხრათ, დღეს, ცოტა არ იყოს გული მეტკინა, თუმცა ამ ქვეყანაში უკვე არაფერი მიკვირს და ნამდვილად არ გამიკვირდა დღევანდელი შედეგი. მაგრამ გული მეტკინა იმ საკონსტიტუციო სასამართლოს გამო, რომელიც დღეს დღეობით იყო დარჩენილი ჩვენს სამართლებრივ სისტემაში ერთ-ერთი ადგილი, სადაც კიდევ გარკვეულწილად ნდობას იმსახურებდა სასამართლო. დღეიდან უკვე ესეც აღარ არის, ისეთი დასკვნა დადო საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელიც მას უნდა რცხვენოდეს. ყველა მოსამართლეს, რომელმაც ხელი მოაწერა, უნდა რცხვენოდეს. სამმა ადამიანმა გარკვეულწილად გადაარჩინა თავისი რეპუტაცია უფრო, ვიდრე საკონსტიტუციოსი.

ეს ქვეყნისთვის არის ძალიან დიდი ზიანის მიყენება, იმ დროს, როცა პრაქტიკულად ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი უკვე არის ასეთი, დამახინჯებული ვთქვათ და აღარ დარჩა დამოუკიდებლობის დამცველი ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, გარდა ერთისა - პრეზიდენტი.

ამიტომ, მე მინდა გაგამხნევოთ, გითხრათ თქვენ, საზოგადოებას, ყველას, ვინც მისმენს დღეს, რომ მე არსად მივდივარ, არ გადავდგები, არ გადმოვდგები. ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ მთელი ცხოვრება და რისთვისაც ჩამოვედი, დავრჩი, ქუჩაში ვიდექი - ჩვენი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, მისი იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას ის პარლამენტში მივა. სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციას მოუწოდა, გარეთ დადგნენ „ანტიევროპული იმპიჩმენტის“ წინააღმდეგ.

„პარლამენტშიც მივალ და სხვათა შორის, მე იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე, არავინ მჭირდება მხარდასაჭერად. მინდა ვურჩიო, ყველას გადასაწყვეტია და მე ვერავის ვერაფერს ვუკარნახებ, მინდა ვურჩიო ოპოზიციას, რომ თუ უნდათ, სურათი დადგეს ძლიერი, გარეთ დადგნენ და დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ. შიგნით მე ვიქნები და მე გამოვალ თუ სიტყვა მომცეს. თუ არა, გამოვალ ისედაც და ყველაფერს ვიტყვი, რაც არის სათქმელი.

ამ მხარდაჭერისთვის, რაც ვგრძნობ, ვიცი, რომ არის ქვეყანაში, დიდი მადლობა. ერთად ვიბრძოლოთ ბოლომდე“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომლითაც დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის თანხმობის გარეშე ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრებით კონსტიტუცია დაარღვია. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს მოსამართლეებმა მერაბ ტურავამ, ევა გოცირიძემ, გიორგი თევდორაშვილმა, ხვიჩა კიკილაშვილმა, მანანა კობახიძემ და ვასილ როინიშვილმა. განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეს ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა პარლამენტში მიმდინარე კვირას გაიმართება.

პრეზიდენტის გადასაყენებლად პარლამენტის 100 წევრის ხმაა საჭირო, რაც „ქართულ ოცნებას“ არ აქვს. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ უჭერს და ამ პროცესს ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშემშლელად და საბოტაჟად მიიჩნევს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.