ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 66 ხმით „საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების“ შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები „სერიოზულ ეჭვს ბადებს“ საერთაშორისო დემოკრატიული ნორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საქართველოს ერთგულებაზე. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა 4-მა დეპუტატმა მისცა, მათ შორისაა „ქართული ოცნებიდან“ საქართველოს პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ასამბლეის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეუთავსებელია ევროპულ დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან და დაუყოვნებლივ მთლიანად უნდა გაუქმდეს.
„ამ კანონს არაფერი აქვს საერთო არაკომერციული სუბიექტების, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის ფინანსურ გამჭვირვალობასთან (რისთვისაც საქართველოში უკვე არსებობს ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ბაზა), არც მანკიერი ფარული უცხოური ჩარევის პრევენციასთან, არამედ იძლევა ხელისუფლების მიერ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე გადაჭარბებული კონტროლის საშუალებას. ამიტომ კანონი ყოველგვარი შეფერხების გარეშე, მთლიანად უნდა გაუქმდეს“, - ვკითხულობთ რეზოლუციაში.
ასამბლეა შეშფოთებულია იმით, რომ რუსული კანონის მიღება არ არის იზოლირებული მოვლენა, არამედ წარმოადგენს კულმინაციას მთელი რიგი მოვლენებისა, რომლებიც „აშკარად მიუთითებენ ქვეყნის დემოკრატიულ უკანდახევაზე“.
„ეს ტენდენცია უნდა შეიცვალოს“, - აცხადებს ასამბლეა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაადასტუროს თავისი ერთგულება ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისა და შემდგომი ევროინტეგრაციის მიმართ, ასევე, შეასრულოს ევროსაბჭოში წევრობის ვალდებულებები არა მხოლოდ სიტყვით, არამედ კონკრეტული და ხელშესახები ქმედებებით.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიიჩნევს, რომ რუსული კანონის მიღება არ უნდა იქნეს დანახული 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისგან იზოლირებულად; შიშობს, რომ ის უარყოფითად იმოქმედებს არჩევნების ჩატარებასა და სანდოობაზე, რამაც შესაძლოა ლეგიტიმურობაზე იქონიოს გავლენა.
„ასამბლეა შეშფოთებულია რეალური შესაძლებლობით, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შედეგად პატივცემულმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, რომლებსაც არჩევნებზე დაკვირვების ხანგრძლივი და დიდი გამოცდილება აქვთ, ვეღარ შეძლონ არჩევნებზე დაკვირვება. არჩევნების დამკვირვებლებიდან მათი გამორიცხვა სრულიად მიუღებელი და რა თქმა უნდა, კონტრპროდუქტიული იქნება“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.
დოკუმენტი ეხება „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანომდებლო პაკეტსაც, რომელიც, ასამბლეის შეფასებით, შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან.
„სამწუხაროა არჩევნების პერიოდში ემოციურად დატვირთულ საკითხებზე ამ საკამათო კანონპროექტების შემოღება“, - ვკითხულობთ რეზოლუციაში. ამ კონტექსტში, ასამბლეა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას წინასაარჩევნოდ ლგბტი-ფობიით პოლიტიკური მანიპულირების გამო და მოუწოდებს ხელისუფლებას, სრულად გაითვალისწინონ ამ კანონების შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაში მოცემული რეკომენდაციები.