პარლამენტთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მორიგი აქცია გაიმართა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს პარლამენტთან ჟურნალისტებმა მორიგი აქცია გამართეს ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ უკანონოდ დაპატიმრებული ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით. კოლეგები ამაღლობელს სთხოვენ, შიმშილობა შეაჩეროს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ აქციაზე განაცხადა, რომ დღეს „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის მცდელობა ჰქონდა, თუმცა „კომუნიკაცია ვერ შედგა“. თურაძემ პაპუაშვილს მოუწოდა, მზია ამაღლობელის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და მისი გაშავება შეწყვიტოს.

„მინდოდა, მისთვის მეცნობებინა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემები. მას აქვს ჯანმრთელობის სხვადასხვა ტიპის დარღვევა, ღრმა დეტალებში არ შევალ. ასევე, მინდოდა მეთქვა, რომ ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ ფუნქციონირებს კონსტიტუცია. შეეშვას უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, შეეშვას მზია ამაღლობელის გაშავებას. ეს არ არის სწორი არც პოლიტიკურად, არც კაცურად, არც ნებისმიერი იმ გაგებით, რა გაგებასაც ისინი აღიარებენ. არ არის სწორი, ქალი, რომელიც სინდისის პატიმარია, ყოველდღიურად თავდასხმის მსხვერპლი იყოს ამ რაღაც ვერტიკალის მხრიდან. თავიანთ სასამართლოს მაინც დაელოდონ და ისე თქვან, რომ მზია დამნაშავეა“, - განაცხადა ეთერ თურაძემ.

„ბათუმელების“ რედაქტორმა აღნიშნა, რომ მზად არის, პაპუაშვილს მარტო შეხვდეს და როგორც თვითმხილველმა, მზია ამაღლობელის დაკავების დეტალები აუხსნას:

„რა თქმა უნდა, მას შეუძლია არ გაიზიაროს ჩემი მონათხრობი, მაგრამ მე მას და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებს დაჟინებით ვთხოვ, შეეშვან მზია ამაღლობელის გაშავებას. ტროლების და ბოტების ძალიან დიდი ქარხანა ისედაც მუშაობს მზიას წინააღმდეგ და „აცალონ“ მათ მზიას გაშავება, თვითონ თავი შეიკავონ“.

თურაძეს მიაჩნია, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირების განცხადებებმა „დიდი ზეგავლენა იქონია“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებაზე, განსახილველადაც კი არ მიეღო მზია ამაღლობელის ადვოკატების საჩივარი: „რა თქმა უნდა, ამის გარეშეც დიდად თავისუფლებით ვერ დაიკვეხნის ქართული სასამართლო, მაგრამ ეს განცხადებები სასამართლო სხდომის წინ იყო პირდაპირი მესიჯი, რომ მზია უნდა დარჩეს პატიმრობაში“.

აქციაზე წაიკითხეს წერილიც, რომელსაც მზია ამაღლობელს კოლეგები, მეგობრები და გულშემატკივრები ციხეში გაუგზავნიან:

„მზია, ჩვენ, შენი მეგობრები და კოლეგები, პატივისცემით ვუყურებთ შენს ურყევ ნებას და ბრძოლას სამართლიანობისთვის. შენი ხმა ფასდაუდებელია ჩვენი და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. გვჯერა, რომ ბევრი ერთად გასაკეთებელი მნიშვნელოვანი საქმე წინ გვაქვს. მე-11 დღეა შიმშილობ. გთხოვთ, შეაჩერო პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა. შენ ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ, როგორც პროფესიონალი და როგორც ადამიანი. შენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე სასწორზე არ უნდა დადო, ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომელსაც თითოეულ ჩვენგანზე, ჩვენს პროფესიაზე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე ამხელა გავლენა აქვს. ყველანი შენ გვერდით ვართ, შენი მაგალითით გამხნევებულები და ძალამოცემულები, და გთხოვთ, იფიქრო საკუთარ ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და მის მნიშვნელობაზე ჩვენთვის. თავისუფლება ჩვენ შენთან ერთად გვჭირდება“.

მზია ამაღლობელი 11 იანვარს, აჭარის პოლიციის სამმართველოსთან მიმდინარე აქციაზე, ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მას 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შალვა პაპუაშვილმა „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დისკრედიტაცია სცადა და მზია ამაღლობელის დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან თქვა: „ეს არის შედეგი იმისა, რომ ჩვენ ამ უცხოური დაფინანსებით მედიაში, ნაცვლად ჟურნალისტიკისა, მივიღეთ პოლიტიკური აქტივიზმი, რომელსაც ამ ვითარებამდე მივყავართ. ჟურნალისტმა ხელი აღმართა პოლიციელზე“.

უფლებადამცველების განცხადებით, ამაღლობელის სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონოა, ატარებს დაშინების და პოლიტიკური რეპრესიის სახეს, რადგან მისი ქმედება - სახეში სილის გაწვნა - პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება.

სახალხო დამცველის შეფასებით, მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 14 იანვარს მიიღო, დაუსაბუთებელია.

მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ციხიდან გამოგზავნილ წერილში ის წერს, რომ „სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა“ და არ აპირებს „რეჟიმის დღის წესრიგი“ მიიღოს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.