საია: მზია ამაღლობელის პატიმრობა უკანონოა და ატარებს პოლიტიკური რეპრესიის სახეს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) შეფასებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობა და მისი სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონოა. დღეს გამართულ ბრიფინგზე, საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ისაუბრა საქმეში არსებულ არაერთ დარღვევაზე, რომელიც ჟურნალისტის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნას ადასტურებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ადმინისტრაციული წესით თვითნებური დაკავება

ნონა ქურდოვანიძის თქმით, 11 იანვარს, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავება თვითნებური იყო.

„საპროტესტო სტიკერის გაკვრა, რომლის მოცილება არ არის დაკავშირებული განსაკუთრებულ ძალისხმევასთან ან რესურსებთან, არ წარმოადგენს სამართალდარღვევას და ასეთ დროს დაუშვებელია პირის ადმინისტრაციული წესით დაკავება. იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ქმედება იერსახის დამახინჯებად შეფასდებოდა, შსს-ს თანამშრომელს არ აქვს ამ ქმედებისათვის პირის დაკავების უფლებამოსილება“, - ნინა ქურდოვანიძის თქმით, იმისთვის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თვითნებური დაკავება გაემართლებინა, პოლიციამ დაკავების ოქმი შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ამასთან, ამ დრომდე არ არის შედგენილი უშუალოდ არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და არც სასამართლოს დაუდასტურებია სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. მიუხედავად ამისა, ნონა ქურდოვანიძის თქმით, ეს გარემოება პროკურატურამ და ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეში გამოიყენეს.

მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობა

საია-ს თავმჯდომარის ინფორმაციით, სისხლის სამართლის წესით დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა. კერძოდ, პოლიციის შენობაში შეყვანამდე, ეზოში, დგებუაძემ მას არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა, რომ მის წინააღმდეგ საქმეს სისხლის სამართლის წესით დაიწყებდა.

„დგებუაძემ განყოფილებაში რამდენჯერმე სცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა. პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ოთახში ერთ-ერთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევისა და სხვა პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. მზია ამაღლობელი პერიოდულად ითხოვდა ადვოკატებთან დაკავშირებას, თუმცა, მისი მოთხოვნა იგნორირებული იყო. პარალელურად, ადვოკატები დაახლოებით 3 საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ პოლიციის განყოფილებაში შესვლას და მზია ამაღლობელთან შეხვედრას“, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობა არასათანადო მოპყრობის ფაქტზე

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ 12 იანვარს ეცნობა, რაც, ნონა ქურდოვანიძის განმარტებით, საკმარისი საფუძველი იყო გამოძიების დასაწყებად. პეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიების დაწყების ნაცვლად, ე.წ. მოკვლევისპროცესი დაიწყო, რომლიდ ფარგლებში, 15 იანვარს, მზია ამაღლობელმა გამომძიებელს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია არასათანადო მოპყრობის შესახებ.

სამსახურმა მხოლოდ საიას მიერ ოფიციალური განცხადების შეტანის შემდეგ, დღეს, 20 იანვარს სატელეფონო საუბრისას დაადასტურა გამოძიების დაწყება. ამ დროისათვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მზია ამაღლობელისთვის არ მიუნიჭებია დაზარალებულის სტატუსი.

სისხლის სამართლის უკანონო ბრალდება

პროკურატურამ მზია ამაღლობელს ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის 1-ლი ნაწილით, რომლითაც ისჯება პოლიციელზე თავდასხმა, რაც დაკავშირებული უნდა იყოს სამსახურებრივ საქმიანობასთან. ნონა ქურდოვანიძის თქმით, იმისათვის, რომ ქმედება ამ მუხლად დაკვალიფიცირდეს, სახეზე უნდა იყოს ამ მუხლისათვის დამახასიათებელი საკვანძო გარემოებები:

- თავდასხმა, როგორც განსაკუთრებული ძალადობრივი, აგრესიული აქტი;

- თავდასხმის განხორციელება პირდაპირი განზრახვით;

- თავდასხმის მიზანი დაკავშირებული უნდა იყოს პოლიციელის სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებასთან.

„მზია ამაღლობელის ქმედება - გაშლილი ხელი, რომელიც ირაკლი დგებუაძის სახეზე ხვდება - არცერთ ამ ელემენტს არ მოიცავს.

თავად ირაკლი დგებუაძის განმარტებებიც კი, რომელიც ამ საქმეზე მან თავად მისცა გამოძიებას, არ ადასტურებს 3531 მუხლის კვალიფიკაციას. როგორც ის აღწერს, მზია ამაღლობელის მიერ დარტყმის შედეგად მარჯვენა ლოყაზე და მარჯვენა ყურზე აღენიშნებოდა სიწითლე და დარტყმის დროს განიცადა ტკივილი.

მხოლოდ აღქმებით დადასტურებული ფიზიკური ტკივილი სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, თავდასხმის დეფინიციაში არ ჯდება. ამასთან, მზია ამაღლობელის ქმედებას, არ შეეძლო ფიზიკური ტკივილის გამოწვევაც კი, რაც გამორიცხავს სისხლის სამართლის ბრალდებას არა მარტო ამ მუხლით, არამედ სისხლის სამართლის კოდექსის სხვა, უფრო მსუბუქი მუხლებითაც. ამდენად, მზია ამაღლობელის სისხლისსამართლებრივი ბრალდება ატარებს დაშინების და პოლიტიკური რეპრესიის სახეს“, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

პატიმრობის გამოყენება უკანონოდ

საია-ს შეფასებით, პროკურატურის შუამდგომლობა მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით ყველაზე მკაცრი ზომის - პატიმრობის გამოყენების შესახებ დაუსაბუთებელი იყო, თუმცა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დააკმაყოფილა.

„სასამართლოს გადაწყვეტილება დაეყრდნო ბრალდების მხარის აბსტრაქტულ და ჰიპოთეტურ პოზიციას ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების რისკის არსებობის შესახებ. პროკურატურის შუამდგომლობაში არ იყო წარმოდგენილი არც ერთი რეალური არგუმენტი თუ გარემოება, რომელიც აღნიშნული რისკების არსებობას დაადასტურებდა. ერთი მხრივ, პროკურორმა და მეორე მხრივ, სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნა, რომ პატიმრობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული და უპირატესობა ყოველთვის უნდა მიენიჭოს აღკვეთი ღონისძიების ალტერნატიულ სახეს.

მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების წინაპირობები, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს პატიმრობის ალტერნატივად უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების - გირაოს გამოყენებაც შესთავაზეს. თუმცა, მოსამართლემ უპირობოდ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა.

სასამართლომ მზია ამაღლობელის საწინააღმდეგოდ გამოიყენა ადმინისტრაციული დაკავებისა და შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, ისე, რომ ჯერ არც დაკავების კანონიერების საკითხია დადგენილი და არც სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. ამით, მოსამართლემ დაარღვია მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფცია და გამოავლინა აშკარა მიკერძოება პროკურატურის სასარგებლოდ“, - აღნიშნა ნონა ქურდოვანიძემ.

საჩივრის გაგზავნის დაყოვნება სააპელაციო სასამართლოში

მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობის შეცვლის შესახებ ადვოკატებმა საჩივარი 15 იანვარს, 17:45 წუთზე წარადგინეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ნონა ქურდოვანიძის თქმით, საქალაქო სასამართლო ვალდებული იყო საჩივრის მიღებიდან დაუყოვნებლივ უზრუნველეყო მისი გაგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, თუმცა, კანონმდებლობის ეს უპირობო მოთხოვნა არ შესრულდა და სასამართლომ საჩივრის გაგზავნა 4 დღით შეაფერხა. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ საქმის მასალები დღეს, 20 იანვარს მიიღო.

მოსამართლე ნონო სახელაშვილის კვალიფიკაცია

მოსამართლე ნინო სახელაშვილს, რომელმაც მზია ამაღლობელის მიმართ პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით აქვს ცაბარებული. 2022 წელს ის ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის საქმიანობას შეუდგა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. ნონა ქურდოვანიძის თქმით, არ იძებნება ინფორმაცია, როდის მოხდა მისთვის კოლეგიის შეცვლა და როდიდან იხილავს სისხლის სამართლის საქმეებს.

„იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მას შეეცვალა კოლეგია, ეს ადასტურებს იმ მანკიერ პრაქტიკას, როდესაც მოსამართლეებისათვის კოლეგიების განსაზღვრა ხდება ისე, რომ არ არის გათვალისწინებული რა მიმართულებით აქვთ მათ ჩაბარებული მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები. ეს პრაქტიკა შესაძლოა შეფასდეს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევადაც“, - აღნიშნა ქურდოვანიძემ.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, საია ითხოვს პროკურატურამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ბრალდების საქმე და მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დროულად გამოიძიოს ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობა და გამოძიების დასრულებამდე ირაკლი დგებუაძე შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.