ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო საჩივარი ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ წინასწარი პატიმრობის შეცვლის თაობაზე. ადვოკატებისთვის ამ გადაწყვეტილების საფუძველი ჯერჯერობით უცნობია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 5 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 6 საქსტატის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი 2271 ლარია
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 იანვარს შეუფარდა. ადვოკატებმა გადაწყვეტილება მომდევნო დღეს გაასაჩივრეს და საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეიტანეს. საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განმარტებით, საქალაქო სასამართლო ვალდებული იყო საჩივრის მიღებიდან დაუყოვნებლივ უზრუნველეყო მისი გაგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, თუმცა, კანონმდებლობის ეს მოთხოვნა არ შესრულდა და სასამართლომ საჩივრის გაგზავნა 4 დღით შეაფერხა. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალები მხოლოდ გუშინ, 20 იანვარს მიიღო.
მზია ამაღლობელის საქმეზე სააპელაციო ინსტანციას სახალხო დამცველმაც მიმართა. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში ლევან იოსელიანი აღნიშნავდა, რომ პატიმრობის გამოყენებაზე მოსამართლე ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო.
მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციაზე, ორჯერ დააკავეს. პირველად მისი დაკავება სამმართველოს დამხმარე შენობის კედელზე პლაკატის გაკვრის გამო მოხდა. დაახლოებით ორ საათში ის და კიდევ სამი ქალი აქტივისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე ხელმეორედ დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის საბაბით. სამი საათის განმავლობაში ადვოკატებს მასთან შეხვედრის უფლებას არ აძლევდნენ.
„ბათუმელებმა“ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს დაკავების შემდეგ პოლიციელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მას თავად ბათუმის პოლიციის უფროსიც აგინებდა და ემუქრებოდა. „სისხლით... ბო*იშვილი ვიყო სისხლით დავიჭერ... ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“, - ისმის ვიდეოში.
როგორც მზია ამაღლობელი ამბობს, ირაკლი დგებუაძე პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა და სახეში შეაფურთხა. ჟურნალისტმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აცნობა ისიც, რომ დგებუაძის ბრძანებით, გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება.
მზია ამაღლობელისთვის წარდგენილი ბრალი - პოლიციელზე თავდასხმა - 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 მარტს, 11:00 საათზეა ჩანიშნული.
დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები ამაღლობელის დაპატიმრებას კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად, სამაგალითო დასჯად მიიჩნევენ.
ჟურნალისტი პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
