„ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა“ - მზია ამაღლობელის წერილი ციხიდან

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

მზია ამაღლობელი 14 იანვრის სასამართლო სხდომაზე წიგნით „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“

ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი რუსთავის N5 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ამის შესახებ ნათქვამია მის წერილში, რომელიც ციხიდან გაავრცელა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ფაქტი, რის გამოც დღეს ბრალდებული ვარ, შედეგია იმ რეპრესიული, მოღალატეობრივი, ძალადობრივი, ადამიანის, სიტყვის და გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული პროცესების, რომელიც ბოლო ერთი წელია ვითარდება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ფეხს იკიდებს, როგორც დიქტატურა.

არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი. ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა.

ჩემს მოცემულობაში ნებისმიერი ის მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს, ვისაც დემოკრატიულ, სამართლიან, ევროპულ, რუსული გავლენებისგან თავისუფალ საქართველოში უნდა ცხოვრება.

იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის. იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, სოფელსა თუ ქალაქში, ქუჩებსა თუ აუდიტორებში, საზოგადოებრივ და სამუშაო სივრცეებში. იყავით მამაცები, გაუფრთხილდით და გააძლიერეთ ერთმანეთი. არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან“, - წერს მზია ამაღლობელი.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელი მხოლოდ წყალს იღებს.

მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციაზე, ორჯერ დააკავეს. პირველად მისი დაკავება სამმართველოს დამხმარე შენობის კედელზე პლაკატის გაკვრის გამო მოხდა. დაახლოებით ორ საათში ის და კიდევ სამი ქალი აქტივისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე ხელმეორედ დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის საბაბით. სამი საათის განმავლობაში ადვოკატებს მასთან შეხვედრის უფლებას არ აძლევდნენ.

„ბათუმელებმა“ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს დაკავების შემდეგ პოლიციელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მას თავად ბათუმის პოლიციის უფროსიც აგინებდა და ემუქრებოდა: „სისხლით... ბო*იშვილი ვიყო სისხლით დავიჭერ... ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.

როგორც მზია ამაღლობელი ამბობს, ირაკლი დგებუაძე პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა და სახეში შეაფურთხა. ჟურნალისტმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აცნობა ისიც, რომ დგებუაძის ბრძანებით, გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება.

14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და მზია ამაღლობელს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის რუსთავის N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.

15 იანვარს ადვოკატებმა მოსამართლე სახელაშვილის გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა, დღეს 20 იანვარია და სასამართლოს საჩივრის დასაშვებობის საკითხიც კი არ განუხილია, რაც საპროცესო ვადების დარღვევაა.

მზია ამაღლობელისთვის წარდგენილი ბრალი - პოლიციელზე თავდასხმა - 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.