კრიმინალურმა პოლიციამ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, პარლამენტთან დროებით განთავსებული რკინის ჯებირის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით, ორი პირი, 19 და 23 წლის მამაკაცები დააკავა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 14 მაისს, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ს.მ.-მ და ო.ო.-მ სხვა პირებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს.
„დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს“, - აცხადებენ შსს-ში.
გუშინ, 15 მაისს, პოლიციამ სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ დირექტორი, გიორგი ოკმელაშვილი სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.
სისხლის სამართლის წესით, პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების მუხლებით, კიდევ 6 ადამიანია დაკავებული.
ერთი თვეა, რუსული კანონის წინააღმდეგ, თბილისში, მრავალათასიანი დემონსტრაციები იმართება. სპეცრაზმმა და პოლიციამ მშვიდობიანი მომიტინგეები არაერთხელ დაარბია. ამ ხნის განმავლობაში ადმინისტრაციული წესით დააკავეს აქციების ასზე მეტი მონაწილე. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სასტიკად ცემეს მომიტინგე დეპუტატები ალექსანდრე ელისაშვილი და ლევან ხაბეიშვილი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა და სხვები. უცნობი პირები, რომლებიც ამ დრომდე არ დაუკავებიათ, თავს დაესხნენ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების არაერთ მონაწილეს და სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს. პროკურატურას ძალადობის არცერთი ფაქტი არ აქვს გამოძიებული და არავინ არის მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი 84 ხმით 30-ის წინააღმდეგ, 14 მაისს, მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ რუსულ კანონს ვეტოს დაადებს. ამისათვის პრეზიდენტს ორკვირიანი ვადა აქვს, 28 მაისამდე. „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა შეუძლია.
