რუსული კანონის მოწინააღმდეგე სარეკლამო სააგენტოებს პოლიცია ჩხრეკს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„პუბლიკას“ ფოტო

„აგენტების შესახებ“ რუსული კანონის მოწინააღმდეგე სარეკლამო, შემოქმედებით სააგენტოებსა და ვიდეოწარმოების კომპანიებში პოლიცია შევიდა. ჩხრეკენ ოფისებს. დააკავეს ვიდეოწარმოების კომპანია „ლიმონის“ დირექტორი გიორგი ოკმელაშვილი.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„გადაღებაზე სადაც 13 ბავშვი მყავს და თავზე დავტრიალებთ, პოლიცია შემოვიდა და ჩხრეკს პავილიონს. ბავშვები მეკითხებიან, პოლიცია აქ რას აკეთებსო,  ვატყუებ, რომ მასობრივი სცენის მსახიობები არიან და ვიღებთ! მადლობა მთავრობას“, - წერს ნანუკა სიორიძე.

კომპანია „ლიმონის“ თანამშრომლების თქმით, პოლიციას მათთვის ჩხრეკის მიზეზი არ განუმარტავს, მხოლოდ ორდერი წარუდგინეს.

შპს „ლიმონს“ ვირტუალური წარმოების განვითარებისთვის საჭირო მოწყობილობების შესსაძენად დაფინანსება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID)  აქვს მიღებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გიორგი ოკმელაშვილმა 13 მაისს, თბილისში, პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. კერძოდ, აქციის მიმდინარეობისას, დაკავებულმა იდაყვისა და მუშტის დარტყმით პოლიციის თანამშრომლებს სახის არეში დაზიანებები მიაყენა.

„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია შევიდა სააგენტოებში „ედბლექსი“, „ოგილვი“, „ჰოლი მოტორსი“, „ბეთერფლაი“, „ედ გიქს“.

2 მაისს, შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ყველა იმ ბიზნესმენს და მათ დაფუძნებულ ყველა იმ კომპანიას, რომლებმაც რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს. ეს კომპანიებია: არქი, CELFIE, Wissol, Wendy’s, Dunkin’, Smart, Subway, ჯორჯიან მანგანეზი, მილდიანი, აიჯი დეველოპმენტი, VR ჰოლდინგი, KTW, თეთრი კვადრატი, ანაგი, ორბი.

„ჩვენ არ ვითანამშრომლებთ ამ ბრენდებთან. ჩვენი რესურსი არ მოხმარდება კოლაბორაციონისტ ბიზნესმენებს და მათ კომპანიებს“, - აღნიშნულია სააგენტოების ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ADHD, ABK, Betterfly, Enkeny Films, JWT Metro, Leavingstone, Maverik, Playmakers, Redberry, Socialsharks, Q&A, Quick, Watergunz, Windfor’s.

„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი 84 ხმით 30-ის წინააღმდეგ, 14 მაისს, მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ რუსულ კანონს ვეტოს დაადებს. ამისათვის პრეზიდენტს ორკვირიანი ვადა აქვს, 28 მაისამდე. „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა შეუძლია.

ერთი თვეა, რუსული კანონის წინააღმდეგ, თბილისში, მრავალათასიანი დემონსტრაციები იმართება. სპეცრაზმმა და პოლიციამ მშვიდობიანი მომიტინგეები არაერთხელ დაარბია. დააკავეს აქციების ასზე მეტი მონაწილე. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სასტიკად ცემეს მომიტინგე დეპუტატები ალექსანდრე ელისაშვილი და ლევან ხაბეიშვილი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა და სხვები. უცნობი პირები, რომლებიც ამ დრომდე არ დაუკავებიათ, თავს დაესხნენ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების არაერთ მონაწილეს და სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს. 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).