შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის შენობასთან ე.წ. „აგენტების შესახებ“ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების კიდევ 6 მონაწილე დააკავა. მმათ მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმასა და ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, სულხან თამაზაშვილმა თქვა, რომ მოქალაქეები 8-9 მაისს დააკავეს. მისივე განცხადებით, შსს აგრძელებს საგამოძიებო მოქმედებებს იმ პირების დადგენისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც მიმდინარე აქციების დროს განახორციელეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.

„ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 16 აპრილს, აქციის მიმდინარეობისას, ერთ-ერთმა დაკავებულმა, სამართალდამცველთა მიმართულებით ისროლა ბლაგვი საგანი, რის შედეგად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა, თვალის არეში დაზიანება მიიღო. ერთ-ერთმა დაკავებულმა პირმა, მიმდინარე წლის 16 აპრილს, დააზიანა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ავტომობილი.

1-2 მაისს, მიმდინარე აქციის დროს, დაკავებულთაგან ორმა პირმა დააზიანა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის ვიდეო სამეთვალყურეო კამერები.

1 მაისს, ერთ-ერთმა დაკავებულმა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციის დროს, დააზიანა პარლამენტის ჭიშკარი, ასევე, ისროლა ქვა პარლამენტის ეზოში მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით, რის შედეგად დაზიანება მიიღო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველმა. ასევე, 1 მაისს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთმა პირმა დააზიანა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობაზე დამონტაჟებული გარე სამეთვალყურეო კამერა“, - განაცხადა თამაზაშვილმა შსს-ში გამართულ ბრიფინგზე.

პოლიციელზე თავდასხმა სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო სხვისი ნივთის დაზიანება ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 180 საათამდე, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 1 წლამდე, შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 5 წლამდე.

გარდა ამისა, სულხან თამაზაშვილის ინფორმაციით, 15 აპრილიდან დღემდე საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, 8 მაისს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით: 222-ე მუხლით, რაც გულისხმობს სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირებას; 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს და 226-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ან რომელმაც ტრანსპორტის, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია.

„აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის, ახორციელებს ყველა იმ მოწოდების, საჯარო გამოსვლისა და მიმართვის, ასევე, ვიდეომასალების შესწავლას, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მხრიდან, საგამოძიებო ორგანოში მოხდება აქციის ორგანიზატორების, პოლიტიკური ლიდერებისა და ყველა იმ პირის გამოკითხვა, რომლებსაც შესაძლოა რაიმე სახის კავშირი ჰქონდეს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან“, - თქვა სულხან თამაზაშვილმა.

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სულხან თამაზაშვილი

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე, რომელიც თბილისში 15 აპრილიდან იმართება, 100-ზე მეტი მშვიდობიანი მომიტინგე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი. მოქალაქეები რეზინის ტყვიებითაც დაშავდნენ, თუმცა სამინისტრო უარყოფს მათ გამოყენებას. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და სპეცრაზმის თანამშრომლები მოქალაქეებს ვიწრო ქუჩებში დასდევდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. აქციებზე სცემეს საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს - ალექსანდრე ელისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილს. ძალა გამოიყენეს ჟურნალისტების წინააღმდეგაც.

სახალხო დამცველის შეფასებით, 30 აპრილის აქციაზე შსს-ს მხრიდან ძალის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა. ომბუდსმენმა სამინისტროს მიუთითა, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან მშვიდობიანი შეკრების ფარგლების გაცდენის შემთხვევაში, მათ მიმართ უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური - აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები. „აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სამართალდამცავებმა შეკრების მონაწილეების, მათ შორის, მშვიდობიანი მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს, რაც ეწინააღმდეგება უფლებაში აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Amnesty International-მა 17 აპრილის აქციის დარბევის შესახებ დაწერა, რომ მშვიდობიანი დემონსტრაციისთვის ხელის შეწყობის ნაცვლად, პოლიციამ სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა. ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიციელები გაქცეულ მომიტინგეებს მისდევდნენ და ხელკეტებს ურტყამდნენ, ალყაში აქცევდნენ მათ და მიწაზე დაცემულებს უმოწყალოდ სცემდნენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).