ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის პირადი მიზნების გამოყენებისათვის პარტია „ლელო“ პრემიერ-მინისტრის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ითხოვს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„საპარლამენტო ოპოზიციამ უნდა დაიწყოს ეს პროცესი. თუ მსგავს აღვირახსნილ კანონდარღვევას შევეგუებით და შესაბამისად არ ვიმოქმედებთ ყველა ერთად, პარლამენტი და საზოგადოება, მაშინ ევროკავშირისკენ სწრაფვა ილუზიაა – იმპიჩმენტი ღარიბაშვილს“, - აღნიშნავს პარტიის ლიდერი მამუკა ხაზარაძე.
პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის, იურისტ ლევან სამუშიას განცხადებით, აღნიშნული სისხლის სამართლის დანაშაულია და საქმე გვაქვს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან, რაზეც შესაბამის ორგანოებს გამოძიება უკვე დაწყებული უნდა ჰქონდეთ.
„რეპორტაჟი, რომელიც ჩვენ ვნახეთ, სავსეა პირდაპირი მტკიცებულებებით და აღიარებითი ჩვენებებით პირველწყაროდან, რომელმაც მაგალითად ფრენა განახორციელა და ასე შემდეგ. წესით, გენერალურ პროკურატურაში უკვე დაწყებულიც უნდა იყოს გამოძიება და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობდეს, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, პროკურატურა მსგავს შემთხვევაში, არა თუ გამოძიებას არ იწყებს, არამედ არანაირ წინასაგამოძიებო ქმედებებს არ ახორციელებს და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ კანონს არღვევს. ამის მაგალითია შოვის ტრაგედია.
პარტია „ლელომ“ გადაწყვეტილება მიიღო, დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურები პრემიერ-მინისტრის მიერ სავარაუდო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. ყველამ კარგად ვიხილეთ, როგორი აღვირახსნილი სიტუაციაა და რა უკანონობა ხდება“, - განაცხადა ლევან სამუშიამ და საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს მოუწოდა, იმპიჩმენტის პროცედურას შეუერთდნენ.
საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის თანახმად, კონსტიტუციის დარღვევის ან ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის საფუძვლით, საქართველოს მთავრობის წევრის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს [50 დეპუტატს]. საკითხი გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც მას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას ერთი თვის ვადაში წარუდგენს.
თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, პარლამენტი დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის იმპიჩმენტის წესით მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.
მთავრობის წევრი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა (76 დეპუტატი მაინც).
საპარლამენტო ოპოზიციაში ამჟამად 56 დეპუტატია.
ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. პრემიერმა უფროსი შვილი, 18 წლის ნიკოლოზ ღარიბაშვილი, რომელიც აშშ-ის პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, თბილისიდან მიუნხენში სამთავრობო თვითმფრინავით ჩაიყვანა, იქიდან კი აშშ-ში სამგზავრო თვითმფრინავით გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ პრემიერმა თბილისიდან მიუნხენში ჩასაფრენად, პირადი მიზნებისთვის, ნამდვილად გამოიყენა სამთავრობო თვითმფრინავი, ოღონდ სახელმწიფოს ხარჯზე არ უმგზავრია. „ეს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის კერძო ვიზიტი და ის არის პასუხისმგებელი იმ ხარჯებზე, რაც დაკავშირებულია ამ ვიზიტთან“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ირაკლი ღარიბაშვილს ან მთავრობის ადმინისტრაციას აქამდე არ გამოუქვეყნებიათ სამთავრობო თვითმფრინავით სარგებლობის მიზნით დადებული ხელშეკრულება და მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.