„აგენტების შესახებ“ რუსული კანონის წინააღმდეგ, 7-9 მარტის აქციების დაკავებულ მონაწილეს, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავი მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს. სტრასბურგის სასამართლოს ციხეში თმის იძულებით გადაპარსვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევად აქვს შეფასებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის ლიკა ბითაძის განცხადებით, ბრალდებული მას მოუყვა, რომ ციხის თანამშრომლებს თმის გადაპარსვაზე უარი სამჯერ უთხრა. „მისი მონათხრობის თანახმად, არ დასთანხმდნენ იმაზე, რომ თმა ჰქონოდა იმ ფორმაში, რა ფორმაშიც ჰქონდა და იძულებული გავხდი, გადამეპარსაო“, - ამბობს ადვოკატი, რომელიც ლაზარე გრიგორიადისს გლდანის ციხეში გუშინ, 3 აპრილს შეხვდა.
ლაზარე გრიგორიადისი თავისი გარეგნობისა (სახეზე ტატუები და პირსინგები, თმები შეღებილი) გამო და ამავე ნიშნებით, 7-9 მარტის აქციების სხვა მონაწილეები არაერთხელ გახდნენ პრემიერ-მინისტრის და „ქართული ოცნების“ სხვა მაღალჩინოსნების მხრიდან თავდასხმის ადრესატები.
„რაც შეეხება ამ კონკრეტულ პირს, მას, ჩანს, რომ ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული და ასეთი ადამიანები ძალადობდნენ პოლიციელების წინააღმდეგ და ამას სჭირდება სათანადო შეფასება. თავისთავად ის, რომ ეს პირი, ეს ახალგაზრდა კაცი, გზას აცდენილი კაცი“, - ასე მოიხსენია მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ლაზარე გრიგორიაიდი.
„მე რამდენიმეს ფოტო ვნახე და გაოგნებული დავრჩი, რამდენიმე ადამიანს, ახალგაზრდებს რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ. შემაშფოთებელია რაც აქ ხდება“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა 12 მარტს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
24 მარტს, პარლამენტში გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა დააზუსტა, რომ მათზე, ვინც „სატანისტებად“ მოიხსენია, ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიიღო.
„ბევრჯერ გაისმა ბრალდებები, თითქოს მე ახალგაზრდებს განზოგადებულად ვუწოდე სატანისტები და ა.შ. რომელიც კონკრეტულ შემთხვევას შეეხებოდა. ჩემს გამოსვლაში ვთქვი რამდენიმე ახალგაზრდა. შეგნებულად არ მინდოდა, არც მინდა, რომ 4-5 ახალგაზრდის სახეების იდენტიფიცირება მოვახდინო, ეს იყო ჩემი სურვილი. მე ამის თაობაზე ვისაუბრე, მართლაც არანორმალურ შემთხვევებთან გვქონდა საქმე - ამის თაობაზე ინფორმაცია მივიღე პოლიციის სამსახურებიდან“, - აღნიშნა პრემიერმა.
ხელისუფლების პირველი პირების მხრიდან აქციების მონაწილეთა მადისკრედიტირებელი განცხადებების პარალელურად, პროსახელისუფლებო ტელევიზიები ავრცელებდნენ ფოტოს, სადაც ლაზარეს შუა თითი აქვს აწეული და ინფორმაციას, რომ ის წარსულშიც ნასამართლევი იყო პოლიციელის დაუმორჩილებლობისა და მამის დაჭრისთვის. მოგვიანებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 7 მარტს, დაახლოებით 23:15 საათზე, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ლაზარე გრიგორიადისმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“, რის შედეგადაც ორმა თანამშრომელმა სხვადასხვა სახის დამწვრობა მიიღო. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულმა 9 მარტს, ღამის საათებში, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შსს-ს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ავტომობილის დაწვით სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
პროკურატურამ მტკიცებულების სახით აქციებზე გადაღებული ვიდეოკადრები გაავრცელა და განაცხადა, რომ კადრებში ასახული ახალგაზრდა ლაზარე გრიგორიადისია.
31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე დუმილის უფლებით ისარგებლა.
ლაზარე გრიგორიადისს ბრალად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფა და სახელმწიფო ქონების განადგურება ედება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
3 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის დაკავებასთან დაკავშირებით მტკიცებით ფორმაში განაცხადა, რომ მას პოლიციელის ცოცხლად დაწვა ჰქონდა განზრახული. არადა, დაკავებულის მიმართ პროკურატურას ჯერ გამოძიებაც კი არ აქვს დასრულებული.
გუშინვე, ბრალდებულის ადვოკატმა თქვა, რომ ლაზარე გრიგორიადისს ციხეში თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ცნობა, თითქოს, ბრალდებულს თმა მთლიანად გადაპარსეს, მითუმეტეს მისი ნების საწინააღმდეგოდ. „31 მარტს, N8 დაწესებულებაში მიღების შემდეგ, ლაზარე გრიგორიადისმა პატიმრობის კოდექსის 21-ე მუხლით გათვალისწინებული საპარიკმახერო მომსახურების უფლებით ისარგებლა. აღნიშნული მუხლის თანახმად, „ბრალდებული/მსჯავრდებული, როგორც წესი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შხაპის კვირაში ორჯერ მიღების შესაძლებლობით, აგრეთვე საპარიკმახერო მომსახურებით არანაკლებ თვეში ერთხელ. პენიტენციურ დაწესებულებას უფლება აქვს, მოსთხოვოს ბრალდებულს/მსჯავრდებულს თმის მთლიანი გადაპარსვა, თუ არსებობს ექიმის მოთხოვნა ან ჰიგიენის დაცვის აუცილებლობა“, - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ციხეში თმის იძულებით გადაპარსვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევად აქვს მიჩნეული.
სტრასბურგის სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ნონა წოწორიას ინფორმაციით, ამ თემაზე სასამართლოს მხოლოდ ერთი საქმე - „იანკოვი ბულგარეთის წინააღმდეგ“ (Yankov v. Bulgaria) 2003 წელს აქვს განხილული.
საქმეზე „იანკოვი ბულგარეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ განმარტა, რომ პატიმრის იძულებითი გაპარსვა არის ქმედება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ადამიანური ღირსების დამცირება ან აღძრას არასრულფასოვნების გრძნობა.
სახელმწიფომ ვერ შეძლო დამაჯერებლად დაესაბუთებინა თავისი პოზიცია, რომ თავის გადაპარსვა ჰიგიენურ ღონისძიებას წარმოადგენდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ იანკოვის გადაპარსვას არ ჰქონდა კანონიერი საფუძველი და გამამართლებელი გარემოებები, რომ ეს იყო თვითნებური სადამსჯელო ქმედება ხელისუფლების მიმართ გაკეთებული კრიტიკული განცხადებების გამო.
„პატიმრისთვის თმის იძულებით გადაპარსვა არის მისი გარეგნობის იძულებით შეცვლა თმის მოშორებით. პირმა, რომელმაც ასეთი მოპყრობა გადაიტანა, დიდი ალბათობით განიცდის არასრულფასოვნების განცდას, რადგან მისი ფიზიკური გარეგნობა იცვლება მისი ნების საწინააღმდეგოდ. გარდა ამისა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში პატიმარი, რომელსაც თმა გადაპარსეს, ატარებს იმ მოპყრობის ნიშანს, რომელიც განიცადა. ეს ნიშანი უშუალოდ ხილულია სხვებისთვის, მათ შორის, ციხის თანამშრომლებისთვის, დაკავებულებისა და მნახველებისთვის ან საზოგადოებისთვის იმ შემთხვევაში, თუ პატიმარს მალევე გაათავისუფლებენ ან მიყვანილი იქნება საჯარო ადგილზე. დიდი ალბათობით, ის თავს იგრძნობს დამცირებულად იმის გამო, რომ აშკარა ფიზიკური ნიშნის მატარებელია“, - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამგვარი მოპყრობის მიზანი პატიმრის დამცირება არ იყო, სასამართლომ მიიჩნია, რომ იანკოვისთვის თმის გადაპარსვა კონკრეტული დასაბუთების გარეშე თავისთავად შეიცავდა თვითნებურ სადამსჯელო ელემენტს და, შესაბამისად, პატიმრის თვალში, მისი დაკნინება ან/და დამორჩილებისკენ იყო მიმართული.
სასამართლომ თქვა, რომ პატიმრის მთლიანად გაპარსვა უტოლდებოდა საკმარისად მძიმე გაუმართლებელ მოპყრობას იმისთვის, რომ დახასიათებულიყო დამამცირებელ მოპყრობად მე-3 მუხლის მნიშვნელობით.
ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია მიიჩნევს, რომ მითითებები ლაზარე გრიგორიადისის გარეგნობაზე და სავარაუდო ზეწოლა, რომლის მსხვერპლიც სამართალდამცავების მხრიდან გახდა, სრულ საფუძველს იძლევა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევაზე სადავოდ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უარი უთხრა დეპუტატებს ანა ნაცვლიშვილსა და ანი წითლიძეს, ციხეში ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი მოენახულებინათ და სპეციალური საშვი არ გასცა.