საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ თანამშრომლების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ისინი ემიჯნებიან „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე, გმობენ დემონსტრატებზე ძალადობას და მოითხოვენ მაუწყებლის ეთერი საზოგადოებრივი აზრის გაჟღერებას დაეთმოს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ასახავს მოვლენებს სიღრმისეულად და მიუკერძოებლად.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
„საქართველოს ევროპული მომავალი ჩვენი ისტორიული არჩევანია, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლით მყარდება („კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.“). საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 28 ნოემბერს გაჟღერებული გადაწყვეტილება არღვევს კონსტიტუციით გამყარებულ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის უზრუნველყოფის ვალდებულებას, რამაც გამოიწვია მასობრივი აქციები და მანიფესტაციები თბილისსა და რეგიონებში. ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქეები, ვგმობთ მშვიდობიანი მოქალაქეების სასტიკ დარბევას, დევნას და დაპატიმრებას, ვდგავართ დემონსტრანტების გვერდით და ვიაზრებთ ჩვენს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას დავიცვათ ხალხის მიერ არჩეული, კონსტიტუციით გამყარებული აწმყო და მომავალი.
ამ მნიშვნელოვან პროცესებში განსაკუთრებული როლი აკისრია მედიას, განსაკუთრებით საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომლის დამოუკიდებლობაც კონსტიტუციის მე-17 მუხლითაა გაწერილი („კანონი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას სახელმწიფო უწყებებისაგან და თავისუფლებას პოლიტიკური და არსებითი კომერციული გავლენისაგან.“).
თითოეულ თანამშრომელს გვჯერა საზოგადოებრივი მაუწყებლის ძალის და გავლენის, იდეის, რომ ის ანგარიშვალდებულია მხოლოდ საზოგადოების წინაშე.
სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოლო ხანია ვერ ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, არ ასახავს მოვლენებს სიღრმისეულად და მიუკერძოებლად.
საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, შესაბამისად, საკუთარ ვალდებულებად მიგვაჩნია თავისუფალი სიტყვის დაცვა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის თანამშრომლები ვგმობთ და ვაპროტესტებთ ძალადობას ჩვენი თანამოქალაქეებისა და კოლეგების მიმართ. ვგრძნობთ მოქალაქეობრივ და პროფესიულ პასუხისმგებლობას, სწორედ ამიტომ, მივესალმებით და მოვითხოვთ, ჩვენი ეთერები დაეთმოს საზოგადოებრივი აზრის გაჟღერებას და საჯარო დისკუსიებს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ამ დროისთვის ხელს პირველი არხის 60 თანამშრომელი აწერს ხელს.
ბოლო დრეების განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლის მონაწილეები მაუწყებელს მიმდინარე მოვლენების მიკერძოებულად გაშუქებაში ადანაშაულებდნენ. ისინი გენერალური დირექტორის თინათინ ბერძენიშვილისა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას, საზოგადოებისთვის, ოპოზიციური პარტიებისა და პრეზიდენტისთვის პირდაპირი ეთერის დათმობას ითხოვდნენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა და თანამშრომლების ნაწილი კრიტიკას არ ეთახმება. მათი განცხადებით, „პირველი არხი“ საპროტესტო აქციებს უწყვეტად აშუქებს.
