პრემიერი - მინდა გაკვირვება გამოვხატო, რატომ დაასანქცირეს ფარცხალაძე, აუხსნელია ჩემთვის

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარი და აუხსნელია რატომ დაასანქცირა აშშ-მა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„მე გეტყვით ჩემ აზრს, ოთარ ფარცხალაძე 10 წელზე მეტია აღარ არის საჯარო მოხელე. 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ ადამიანმა დატოვა საჯარო სამსახური, 10 წელი. გაუგებარია, პირველ რიგში, მინდა ვთქვა და გაკვირვება გამოვხატო, ზოგადად რატომ მოხდა ფარცხალაძის დასანქცირება, გაუგებარია, აუხსნელია პირადად ჩემთვის. მე ამის თაობაზე, ღიად ვამბობ, ვაფიქსირებ ჩემ აზრს - ნათქვამია, რომ „ჭიქაში ქარიშხალი არის ატეხილი“, - უთხრა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ ოთარ ფარცახლაძე არის რუსეთის აგენტი, პრემიერ-მინისტრმა განმარტა: „ყველა ის ადამიანი, რომელიც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს, ის ჩემ თვალში არის მოღალატე, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის აგენტი იქნება.

ჩემთვის და სამსახურებისთვის, სახელმწიფოსთვის არ არის ცნობილი არცერთი ფაქტი, რომ ფარცხალაძემ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ რაიმე ქმედება ჩაიდინა. ფარცხალაძე არის ბიზნესმენი“.

პრემიერ-მინისტრმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათელა თურნავას მიერ, ოთარ ფარცხალაძის სასარგებლოდ, საგამონაკლისო ბრძანების გამოცემასთან დაკავშირებით, რომლითაც ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს აღარ ავალდებულებს, ფარცხალაძეზე სანქციები გაავრცელონ.

„ფარცხალაძეზე არ იყო, აქ იყო საუბარი მოქალაქეზე. ჩემთვის სასაცილოა მართლა ნამდვილი ჯაშუშების კომენტარების მოსმენა, ქვეყნის გამყიდველების და მოღალატეების კომენტარები“, - თქვა ღარიბაშვილმა.

„აბა, მოსამართლეები რომ დაასანქცირეს და თქვეს, რომ კორუფციის ფაქტების გამო მოხდა, ვინმემ ნახა მტკიცებულება?! მე ახლა, ფარცხალაძის ადვოკატი არ ვარ, არც სჭირდება ჩემი ადვოკატობა, მაგრამ როგორც მოქალაქეზე, გუნდის ყოფილ წევრზე და 10 წლის წინ პროკურორი იყო, ჩემ პოზიციას ვაფიქსირებ, აუცილებელია, რომ ჩვენ ასე ბრმად არ მივიღოთ გადაწყვეტილება. გასაგებია, ჩვენი პარტნიორის, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ მათთან გვაქვს ეს დისკუსია და კომუნიკაცია. მთავარი, რაც მინდა ჩემი წუხილი გამოვხატო,

ჩემი გაკვირვება რაც არის, არასდროს მოუმართავთ ფარცხალაძის შესახებ, აშშ-ს არცერთ სამსახურს, მათ რომ გადაემოწმებინათ ფარცხალაძის საქმიანობა რუსეთში.

ჩვენ ვიცოდით, რომ მას ბიზნესსაქმიანობა ჰქონდა, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ფარცხალაძე ოლიგარქი არ არის და გავლენა არ აქვს საზოგადოებაზე, მე მგონი, ეს დასამალი არ არის, ყველამ იცის. როგორ არის ფარცხალაძე ოლიგარქი? ეთანხმებით ახლა მაგ შეფასებას? რანაირი ოლიგარქია ფარცხალაძე? კაცი წასულია ხელისუფლებიდან, 10 წელზე მეტია აკეთებს ბიზნესს. მისი არჩევანია, რატომ აიღო პასპორტი, ეს ყველა ადამიანის ინდივიდუალური არჩევანია, მაგრამ იმ პოლიტიკური ძალის განცხადებები, რომელთა ლიდერები დღესაც რუსეთის მოქალაქეები არიან, მაგალითად, ბატონი კობა ნაყოფია, პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, სააკაშვილის მარჯვენა ხელი, რუსეთის მოქალაქე, ბატონი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც იყო თქვენი პრეზიდენტობის კანდიდატი და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ომის შემდეგაც რომ არ დაუტოვებია რუსეთის მოქალაქეობა. თქვენ რა გაქვთ სალაპარაკო, ვისზე გაქვთ სალაპარაკო. როგორ ბედავთ საერთოდ ლაპარაკს. ქალბატონი ია გულიაშვილი [მთავარი არხის ჟურნალისტი], რომ ყოფილიყო დასანქცირებული, ასევე დაგიცავდით თქვენ. აი, ხვალ რომ დაგასანქცირონ თქვენ, ასევე დაგიცავთ. მტკიცებულებები აუცილებელია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე აშშ-ის მიერ დასანქცირდა. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე მოხსენიებულია როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური [ეფესბე] მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე. სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთში მოქმედი ორი კომპანიაც დაასანქცირა, რომელთა 50-50%-იანი წილი ფარცხალაძეს ეკუთვნის. ეს შპს-ებია Moscow Business Brokerage-ი და International Business Corporation-ი.

„საქართველოს ამბებმა“ 2023 წლის 14 თებერვალს დაწერა, რომ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი კომპანია „მოსკოვსკი ბიზნეს ბროკერიჯ“-ის (იგივე Moscow Business Brokerage-ის) საშუალებით კლიენტებს სთავაზობს საინვესტიციო ბიზნეს პროექტებს საიმიგრაციო შეღავათებით, მათ შორის, საქართველოში. საიმიგრაციო შეღავათებში იგულისხმება ინვესტიციების მეშვეობით მუდმივი ბინადრობის, სამუშაო ვიზისა და მოქალაქეობის მიღება.

20 სექტემბერს, ოთარ ფარცხალაძემ საქართველოში მის საკუთრებაში რეგისტრირებული ქონება - ბინები, სასტუმრო ნომრები, კომერციული ფართები მთლიანად მის შვილზე გააჩუქა.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ფარცხალაძის 12 სხვადასხვა განაცხადზე საქმისწარმოება დაიწყო და დაასრულა ერთ საათში.

იმავე დღეს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. შესაბამისი დასკვნა საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნა, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა საჯარო განცხადების მიუხედავად, რომ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობას დაუყოვნებლივ შეუწყვეტდა, პირობა არ შეასრულა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახლა განმარტავს, რომ პრეზიდენტს გადაწყვეტილების მისაღებად სამთვიანი ვადა აქვს. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ფარცხალაძე უნდა დაისაჯოს როგორც საქართველოს მოქალაქე და ის შესაბამისი ორგანოებისგან საქმის გამოძიებას ითხოვს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.