მედიის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) მიერ 2 მაისს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, პრესის თავისუფლების ინდექსი საქართველოში 103-ე ადგილიდან 114 ადგილამდე გაუარესდა. ბოლო 2 წელიწადში საქართველო 37 ადგილით ჩამოქვეითდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს
ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს ჩარევა ძირს უთხრის მედიის თავისუფლების გაუმჯობესების ძალისხმევას. გარემო კვლავაც მტრულია დამოუკიდებელ და ოპოზიციურ მედიაზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების, აგრეთვე დამოუკიდებელი მედიის მარგინალიზაციისა და თავისუფალი სიტყვისთვის სივრცის შესავიწროებლად.
ეკონომიკური დასუსტება მედიის თავისუფლების უმთავრეს საფრთხედ არის აღნიშნული.
„მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმები მედიის თავისუფლების ყველაზე თვალსაჩინო დარღვევაა, ეკონომიკური ზეწოლაც არის ერთ-ერთი უმთავრესი, უფრო მზაკვრული პრობლემა. მსოფლიოში მედიის თავისუფლების წლევანდელ ინდექსში ეკონომიკური ინდიკატორი უპრეცედენტოდ დაბალ დონეზეა და განაგრძობს კლებას. შედეგად, მედიის თავისუფლების გლობალური მდგომარეობა ინდექსის ისტორიაში პირველად ფასდება „რთულ ვითარებად“.
საქართველოში სარეკლამო ბაზარი კონტროლდება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელიც არის მმართველი პარტიის დამფუძნებელი და რომლის წინააღმდეგაც საპროტესტო აქციები იმართება. „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონი კი ბლოკავს დაფინანსების სხვა წყაროებს.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მედიაგარემო მრავალფეროვანია და ამავდროულად, პოლიტიკურად უკიდურესად პოლარიზებული. მანიპულაცია, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდ ვრცელდება მედიაში, განსაკუთრებით ტელევიზიაში, რომელიც ინფორმაციის მთავარი წყაროა. მედიის მფლობელები ხშირად აკონტროლებენ სარედაქციო შინაარს, როგორც ეს იყო „რუსთავი-2“-ის საქმეში, როცა ტელევიზიამ შეცვალა სარედაქციო ხაზი მას შემდეგ, რაც ის ყოფილ მესაკუთრეს გადაეცა. რეგიონულ და სათემო რადიოებს დაფინანსების პრობლემა აქვთ, მცირდება ბეჭდვითი მედიის მკითხველთა რიცხვი. ამავდროულად იზრდება ონლაინმედიების მომხმარებელთა რაოდენობა.
RSF-ის ანგარიშში მიმოხილულია საქართველოში არსებული პოლიტიკური კონტექსტიც და აღნიშნულია, რომ 2024 წლის „სადავო საპარლამენტო არჩევნების“ შემდგომი „სერიოზული პოლიტიკური კრიზისი“ არის ტელევიზიებზე კონტროლისთვის კონკურენციის ხელშემწყობი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონი პოლიტიკურ პარტიებს უკრძალავს მედიასაშუალების ფლობას, დიდი ტელევიზიები, როგორც წესი, იცავენ თავიანთი მფლობელების ინტერესებს. მფლობელებს კი ხშირად აქვთ ახლო კავშირები პოლიტიკურ ლიდერებთან. იგივე შეიძლება ითქვას სახელმწიფო მედიაზეც, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ჩარევის ობიექტია. ამავე დროს, ხელისუფლება ხშირად უარს აცხადებს უპასუხოს მედიას, რომელიც მას აკრიტიკებს და ზოგჯერ ცენზურას, რეიდებს, მადისკრედიტებელ კამპანიასა და დაშინებას მიმართავს.
ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებას კვლავაც არ შეუსრულებია ევროკავშირის რეკომენდაცია მედიის თავისუფლებაზე, რაც არის აუცილებელი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. ამის საპირისპიროდ მან მიიღო ახალი საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის „უცხოეთის აგენტებზე“, რომლებიც რუსეთიდან არის გადმოღებული და რომ სასამართლოები ზოგჯერ ცდილობენ ინფორმაციის წყაროების კონფიდენციალურობის პრინციპის დარღვევას, მიუხედავად იმისა, რომ ის დაცულია გამოხატვის შესახებ კანონით.
საქართველოში მცირდება ბეჭდვითი და ონლაინ მედიის ისედაც განუვითარებელი სარეკლამო ბაზარი. ეს მედიასაშუალებები დიდწილად ფინანსდებიან დონორების მიერ, ჩვეულებრივ - დასავლეთიდან. აღნიშნულია კერძო მედიების ეკონომიკური პრობლემებიც - რეკლამის შესახებ კანონში ცვლილებებმა გააუარესა მასშტაბურად სუბსიდირებულ სახელმწიფო მედიასთან კონკურენციის პირობები.
საქართველოს სოციოკულტურული კონტექსტის აღწერისას, აღნიშნულია, რომ საქართველო გამოირჩევა გარკვეულ საკითხებზე ძლიერი დაძაბულობებით, როგორებიცაა: რელიგია, ლგბტქ+ უფლებები და რუსეთის გავლენა, რაც ზეგავლენას ახდენს ჟურნალისტურ გაშუქებაზე. გავლენიანი სოციალური როლის მქონე პირები, როგორებიც არიან მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები, არიან უსაფრთხოების სამსახურის ფარული მიყურადების ქვეშ, შესაბამისად ირღვევა ჟურნალისტური წყაროების კონფიდენციურობაც.
ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები ხშირია, მათ შორის მთავრობის მაღალჩინოსნების მხრიდან, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის დროს. 2021 წლის ივლისში დაახლოებით 50 ჟურნალისტზე სასტიკი თავდასხმა, დიდი რაოდენობით სამართალდამცავის თვალწინ, იყო უპრეცედენტო უკუსვლა. გამოძიების გაუმჭვირვალობა და პროგრესის არარსებობა მეტყველებს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობაზე.
მედიის თავისუფლების ხარისხით გამორჩეული ქვეყნების პირველ ხუთეულში არიან ნორვეგია, ესტონეთი, ნიდერლანდი, შვედეთი და ფინეთი (გამოყენებულია რადიო თავისუფლების თარგმანი).
