„როდესაც არის გლობალური დათბობა, ტემპერატურის ასეთ ზრდას აუცილებლად მოჰყვება ღვარცოფული მოვლენები; როდესაც არის მყინვარული მდინარეები, უნდა მიმდინარეობდეს მუდმივი მონიტორინგი - იქნება ეს სატელიტური, რადარული, თუ ვერტმფრენით. უამრავი მეთოდია, რითაც ასეთ პერიოდში შესაძლებელია ყოველდღიური ანალიზის გაკეთება და მონიტორინგის შედეგად საფრთხის ალბათობის დათვლა. ეს არის მსოფლიო პრაქტიკა, არაფერს ახალს არ ვიგონებთ. პრევენციაა ზუსტად ის, რომ თქვენ ხართ ინფორმირებული, რომ მყინვარული მდინარის შენაერთში კოტეჯები არ უნდა ჩადგათ; პრევენცია არის ის, რომ უნდა იყოს მონიტორინგის სისტემები“, - განაცხადა სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ რაჭაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 4 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 5 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
- 6 აქციაზე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა
მეცნიერის თქმით, ადგილი ჰქონდა კომპლექსურ მოვლენას, რომელიც მსგავსია გასულ წლებში სვანეთში, უფრო ადრე კი დევდორაკის ხეობაში განვითარებულ პროცესებთან.
„კურორტი შოვი მდინარე ბუბას და მდინარე ჭანჭახის შესართავთან მდებარეობს. ორივე მდინარე სათავეს მყინვარებიდან იღებს: ბუბას შემთხვევაში ეს არის ბუბას მყინვარი და მყინვარი თბილისა, ხოლო ჭანჭახის შემთხვევაში - ჭანჭახის მყინვარი. ანუ, ორივე მდინარე მყინვარული სახისაა. მყინვარული მდინარეები საშიში მდინარეებია, რადგან ღვარცოფული მოვარდნები ახასიათებთ. მსგავსი მაგალითები გვქონდა. გაგახსენებთ 2017 და 2019 წლის მესტიაჭალის მოვლენებს. ესეც მყინვარული მდინარეა. გახსოვთ როგორ ადიდდა და ფაქტობრივად, ორჯერ აშენებული ჰესი დაანგრია. ასევე, გაგახსენებთ 2018 წელს ჭუბერში ჰოკრილას ადიდებას, რომელიც ასევე ხარიხრას მყინვართან არის დაკავშირებული. დაახლოებით, ეს პროცესიც არის იდენტური.
აქ ნალექების რაოდენობა წყალმოვარდნისთვის საკმარისი არ იყო. საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებს თუ დავეყრდნობით, ამ დღეებში, საშუალო რაოდენობაზე დაახლოებით 10 მილიმეტრით მეტი ნალექია მოსული. ეს წყალმოვარდნისთვის საკმარისი არ არის. საქმე გვაქვს მყინვარულ დნობასთან. ჭალაათის შემთხვევაშიც, ჰოკრილას შემთხვევაშიც - ყველა მოვლენა მოხდა ზაფხულში, ტემპერატურის მატებისა და მყინვარის დნობის პერიოდში“, - განაცხადა გოდოლაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
როგორც თეა გოდოლაძე ამბობს, მყინვარული მდინარეების შესართავთან, ჭალაში სამშენებლო ინფრასტრუქტურის განვითარება - სასტუმროებისა და კოტეჯების აშენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება: „თქვენ არ უნდა დაახვედროთ მეწყერს ნაგებობები და ღვარცოფს ადამიანები, არ უნდა გაწიროთ ისინი სასიკვდილოდ. ეს სცენარი დატრიალდა“.
ადგილობრივების ინფორმაციით, ორი დღის წინ ბუბას მთაზე მეწყერი ჩამოვიდა, რის შედეგადაც მდინარის ხეობაში დიდი რაოდენობით წყალი დაგუბდა, გუშინ, 3 აგვისტოს კი, წყალმა გამოხეთქა და ღვარცოფი წარმოშვა. თეა გოდოლაძის თქმით, საჭიროა ვერტმფრენით გადაფრენა ან სატელიტური ფოტოები იმისთვის, რომ დაზუსტდეს, რა მონაკვეთებზეა ჩამოწოლილი მეწყერი: „ეს არის ჰიპოთეზა, რომელიც განმტკიცებას საჭიროებს და ეს განმტკიცება ტექნოლოგიებით ხდება. მე მაქვს ინფორმაცია, რომ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ჰქონდა საშუალება გადაეფრინა და კონკრეტულად ამ მდინარის [ბუბას] ხეობაში ენახა ის ლოკაციები, სადაც დაგუბება მოხდა. ლიკალური მოსახლეობა ყოველთვის უტყუარი ინფორმაციის წყაროა“.
რაჭაში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, 25-ს კი ამ დრომდე ეძებენ. დაკარგულებს შორის ბავშვებიც არიან. სტიქიის ზონაში ჩასულმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ასეთი სტიქიები ყველა ქვეყანაში ხდება და ყოველგვარი საუბარი, რომ „ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა, მგონი, ძალიან არასერიოზულია“.