პროკურატურას მოწმეების ვინაობის დაფარვის შესაძლებლობა ექნება

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, შესაძლებელი იქნება იმ პირის ვინაობის დაფარვა, რომელიც გამოძიების ორგანოებთან ითანამშრომლებს. „ქართული ოცნება“ ამ კანონპროექტსაც დაჩქარებული წესით განიხილავს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის იდენტიფიცირების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებას, გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით, პროკურორი მიიღებს.  

კანონპროექტის მიხედვით, ბრალდების მხარე უზრუნველყოფს საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ყველა დოკუმენტში, მასალაში და სხვა საპროცესო მოქმედებებში ვინაობის იმგვარად დაფარვას, რომ შეიზღუდოს პირის ვინაობის იდენტიფიცირების და ამოცნობის შესაძლებლობა. პირის ვინაობა, საქმის წარმოების ყველა ეტაპზე, ხელმისაწვდომი იქნება მოსამართლისთვის.

ცვლილებები არეგულირებს მხარეებს შორის მტკიცებულების გაცვლის წესს. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ მიღებულია გადაწყვეტილება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე იმ პირის ვინაობის დაფარვის შესახებ, რომელიც თანამშრომლობს გამოძიებასთან, დაცვის მხარეს ყველა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ამსახველი მტკიცებულებები გადაეცემა ამ პირის ვინაობის იდენტიფიცირებისგან დამცავი და ამოცნობის შესაძლებლობის შემზღუდავი ფორმით. ასეთი პირი მოწმედ დაიკითხება დისტანციურად, იმგვარად რომ დაცული იყოს დაცვის მხარის მიერ მისი იდენტიფიცირების ან/და ამოცნობის შესაძლებლობა.

პირის იდენტიფიცირების შეზღუდვა შესაძლებელია გამოყენებული ქნეს უვადოდ. შეზღუდვის მოხსნა შეუძლია პროკურორს საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით.

კანონპროექტის ავტორები ცვლილებების საჭიროებას „გამოძიების ორგანოებთან მოთანამშრომლე პირთა დაცვის და მათი საქმიანობის კონფიდენციალურობის პრინციპის უზრუნველმყოფი რეგულაციების დახვეწის აუცილებლობით“ ხსნიან. 

„მიზანშეწონილია იმგვარი საკანონმდებლო ნორმების შემოღება, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში ჩართული პირის ვინაობის გასაჯაროების შეზღუდვას მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის, მასთან დაკავშირებული პირების უსაფრთხოების დაცვას და მეორე მხრივ გაზრდის გამოძიებასთან თანამშრომლობის პროცესის კონფიდენციალურობის ხარისხს და მინიმუმამდე დაიყვანს მოთანამშრომლე პირთა ვინაობის გასაჯაროებას“, - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

ადვოკატები მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი, იმ ცრუ მოწმეების დაცვაა, რომლებიც ცრუ ჩვენებებს აძლევენ, მათ შორის, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე.

„ქართული ოცნება კანონმდებლობას კიდევ უფრო დრაკონულს ხდის და ცდილობს ამოქოლოს ყველა ის სივრცე, სადაც შესაძლებელია საზოგადოებისთვის ხმის მიწვდენა, დემონსტრირება იმისა, თუ რამდენად უსამართლოდ მიმდინარეობს განხილვები მათ მიერ წარდგენილი ბრალდების საქმეებზე. ამ ხაზის გაგრძელებაა ეს ცვლილებები. შეეცდებიან, რომ მოწმეები, ვინც ცრუ ჩვენებას იძლევიან, ვინც დაცვის მხარის მიერ მხილებულნი არიან ტყუილში, ვინც მოდიან პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე, დემონსტრანტების წინააღმდეგ საქმეებზე, დაიცვან ამ ჩანაწერით და თქვან, ეს მოწმე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში მონაწილე პირია, ამიტომ მისი ვინაობა არ უნდა გახმაურდეს“, - ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია.

იურისტი გოგა ხატიაშვილი აღნიშნავს, რომ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებით ირღვევა სასამართლოში მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპი.

„ფაქტობრივად, სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება დაეყრდნოს ისეთ მტკიცებულებას, რომელიც დაცვის მხარეს არ გამოუკვლევია სათანადოდ და არ იცის ასეთი მოწმის ვინაობა“, - აცხადებს ხატიაშვილი. ის გაუგებარს უწოდებს „ქართული ოცნების“ არგუმენტს, რომ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში ჩართული პირის ვინაობის გასაჯაროების შეზღუდვა მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზანს ემსახურება - „როდესაც არსებობს დაცვის სპეციალური ღონისძიებები, რატომ არ იქნება საკმარისი მათი გამოყენება პროცესის მონაწილის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.