6 თვე გავიდა, სად არის გამოძიების შედეგები? - ნაცვლიშვილი გომელაურს შოვის ტრაგედიაზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პარლამენტის წევრი ანა ნაცვლიშვილი

„ამ 15 წუთის განმავლობაში ვერ მოძებნეთ ვერცერთი წუთი რომ გესაუბრათ ამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ტრაგედიაზე, შოვზე. ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ რა დროც არ უნდა გავიდეს, რა მოვლენაც არ უნდა დაემატოს, ამ თემაზე აქ კითხვას არ დავსვამ. დღეს არ მაინტერესებს, მოვისმინო ვერსიები, რა მოხდა შოვში. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ თქვენ და თქვენი უწყება იძიებთ შოვში ჩადენილ დანაშაულებს. რამდენად სწორად მიგაჩნიათ,რომ კონკრეტული უწყება, რომელმაც ჩაატარა სამაშველო ღონისძიება, იგივე უწყება იძიებს რამდენად სწორად ჩატარდა ეს ოპერაცია? ანუ საკუთარ თავს იძიებთ. თქვენ განცხადებებიც გაქვთ გაკეთებული, რა არის გამოსაძიებელიო. ეს გამოძიება მიმდინარეობს არა სიმართლის დადგენის, არამედ სიმართლის მიჩქმალვის მიმართულებით“, - მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს ვახტანგ გომელაურს პარლამენტში, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობდნენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

რატომ ამ დრომდე არ იძიებთ თანამდებობის პირთა შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებს შოვში? რატომ ამ დრომდე არ არის სათანადო კვალიფიკაცია მიცემული ამ დანაშაულისთვის? რომელი უმაღლესი თანამდებობის პირები დაიკითხნენ ამხელა ტრაგედიასთან დაკავშირებით? არა მაშველები, არამედ თანამდებობის პირები.

ვიცი, რომ შოვი ძალიან მწვავე საკითხია თქვენთვის, რადგან ყველანი ამ დანაშაულის თანამონაწილეები ხართ. მაშინ, როდესაც სხელმწიფომ ვერ შეძლო სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება, დღეს არ ახორციელებთ სრულყოფილ და სამართლიან გამოძიებას, რომ გარანტია მაინც ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს, თუ მომავალში თავს ასეთი უბედურება დაგვატყდება, მაშინ მაინც გექნებათ გამოკვლეული, ზუსტად სად და როგორ არ იმუშავა სისტემამ, რომ მომავლის ხედვით მაინც უკეთ იყოს მოქალაქე დაცული. 6 თვე გავიდა. სად არის გამოძიების შედეგები?", - ჰკითხა ნაცვლიშვილმა შს მინისტრობის კანდიდატს.

ვახტანგ გომელაურის თქმით, შოვში მაქსიმალურად სწრაფად იმოქმედეს და ყველაფერი გააკეთეს.

„რაც შეეხება შოვის ტრაგედიას, არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება არამხოლოდ მე, არამედ, მთელმა მთავრობამ, პარლამენტარებმა, ჩვენი გუნდის წევრებმა, ეს იყო უდიდესი ტრაგედია. უდიდესი უბედურება მოხდა, ალბათ, ბოლო წლებში, რაც საქართველოში მომხდარა.

ჩვენი თვალით ვუყურებდით, თუ რა დღეში იყვნენ იქ გარდაცვლილები, როგორ მდგომარეობაში ამოგვყავდა მიწის სიღრმეებიდან და ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენ, ყველაფერი, რომ თუ საშუალება იყო, ვინმე გადაგვერჩინა.

თუმცა, სამწუხაროდ ისეთი დიდი უბედურება იყო მომხდარი, ვერანაირად ვერ მოხდებოდა, გადარჩენის საშუალება ვერ გვექნებოდა. ყველაფერი, დროულად რაც შეგვეძლო, მაქსიმალურად სწრაფად ვიმოქმედეთ. ამაზე ძალიან ბევრჯერ გავაკეთეთ განცხადება და აღარ მინდა ამაზე. მესმის პოლიტიკა, მესმის ტრაგედია, მაგრამ ამაზე ქულებს არ უნდა ვიწერდეთ, სირცხვილია უბრალოდ“, - განაცხადა გომელაურმა.

ვახტანგ გომელაური საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრია 2019 წლის 8 სექტემბრიდან.

რაჭაში, კურორტ შოვში სტიქიური უბედურება 2023 წლის 3 აგვისტოის მოხდა და 33 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის, ბავშვები. შს მინისტრი ვახტანგ გომელაური შოვში სტიქიური უბედურებიდან მხოლოდ მე-11 დღეს გამოჩნდა.

„მთის ამბების“ ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ სტიქია შოვში ათწლეულების განმავლობაში მოსალოდნელი იყო. ამას ათობით დოკუმენტი, კვალიფიციური კვლევები, გეოლოგიური რუკები და მომხდარი სტიქიები მიუთითებდა. მიუხედავად ამისა, საკურორტო ზონაში ერთი საევაკუაციო გეგმა, დაფა, ფირნიშიც კი არ არსებობდა. ხელისუფლების დანაშაულებრივი გულგრილობის გამო სრულად არ აშენდა ჯებირი მდინარე ბუბაზე, რომელმაც გადაარჩინა „სანსეტის“ დამსვენებლები და ურომლისოდაც დაიღუპა მამისონის კოტეჯების ყველა ბინადარი. სტიქიის შემდეგ სამაშველო ოპერაცია არაკოორდინირებული იყო. არ არსებობდა პროტოკოლი, მაშველებს არ ჰქონდათ საჭირო აღჭურვილობა, დაიკარგა ყველაზე ძვირფასი პირველი საათები. ადამიანები სიკვდილთან პირისპირ დარჩნენ. სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო, 3 აგვისტოს შებინდებისთანავე კი შეწყდა. მთელი ღამის განმავლობაში არ უფრენია ვერტმფრენს, არ უმუშავია მაშველს, არ გამოუყენებიათ დრონები. არ ჩატარდა სათანადო საგამოძიებო მოქმედებები, ცხედრები პროზექტურაში სავალდებულო პროცედურების გარეშე გადაასვენეს, რამაც სიკვდილის ზუსტი მიზეზისა და დროის დადგენა შეუძლებელი გახადა.

შოვში ადამიანთა სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით ) და 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).