„ქართული ოცნების“ პარლამენტის ბიურომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაავალა, განიხილოს საკანონმდებლო წინადადება, რომელიც სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეების განხილვის დროს ფოტო-ვიდეოგადაღების და ტელეტრანსლაციის აკრძალვას ეხება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ირლანდიიდან საქართველოს 32 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა
- 2 პროკურორი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე: „აუცილებლად დაიწყება გამოძიება“
- 3 მაკრონმა უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის ერთთვიან გეგმაზე ისაუბრა
- 4 რატომ შეხვდა აშშ-ის ელჩი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს
- 5 კობახიძე: აქედანვე შემიძლია გითხრათ, რომ თვითმმართველობის არჩევნებს მოვიგებთ
- 6 რუსეთის დაზვერვა: EU საქართველოში აქციის მონაწილეებს დღიურად 120 ევროს გადაუხდის
წინადადების ავტორი ავთანდილ კახნიაშვილია, რომელიც მიიჩნევს, რომ 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სასამართლო სხდომის დარბაზებში ფოტო-ვიდეო და ტელეკამერების კვლავ დაშვება „აშკარად პოპულისტური ქმედება“ იყო.
კახნიაშვილი აღნიშნავს, რომ „სასამართლოს სხდომის დარბაზის კარი ფოტო-ვიდეო-ტელე აპარატურისთვის იმაზე ფართოდ იღება, ვიდრე ევროკავშირის მოწინავე ქვეყნებში“ და „რიგ შემთხვევებში, საქმის განხილვის პროცესი აშკარად პოლიტიზებული ხდება“. ამის მაგალითად საკანონმდებლო წინადადების ავტორს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და ბოლო პერიოდში პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა სასამართლო პროცესები მოჰყავს.
„სისხლის სამართლის პროცესის „ღიაობა-საჯაროობა-საქვეყნოობის“ გონივრულ ფარგლებში შეუზღუდაობის ბრალია, რომ, ერთი მხრივ, განსასჯელის სკამზე აღმოჩენილი ზოგიერთი ბრალდებული (სავარაუდო დამნაშავე) ტელევიზიას (მით უმეტეს, მიკერძოებულს...), შეუძლია, გამატყუნებელი განაჩენის გამოტანამდე წარუდგინოს დამწაშავედ საზოგადოებას და მორალურად გაანადგუროს, მეორე მხრივ, კი თავად განსასჯელს მისცეს შანსი, რომ მოსამართლის წაცვლად, სასამართლო დარბაზიდან მხოლოდ „ქართველ ხალხს“ მიმართოს პირდაპირი ეთერით და აწ ბრალმდებელივით (პროკურორივით) ღიად (საქვეყნოდ, საჯაროდ) „ამხილოს“ მისთვის არასასურველი ხელისუფლება („პოლიტიკური გუნდი“, „სისტემა“, „კლანი“ თუ „ოლიგარქი“...) ან პრეზიდენტობის კანდიდატივით „ქვეყნის აღმშენებლობის მოკლევადიანი გეგმაც“ გააცნოს ტელემაყურებელს (ფაქტობრივად, ამომრჩეველს...).
მიმდინარე წელს გამართულმა სასამართლო პროცესების სერიამაც დაადასტურა, რომ სხდომებიდან ტელეტრანსლიაციების შედეგად, აშკარად ხდება სამართალდამცავი ორგანოების დისკრედიტაცია, ხოლო გუშინდელი სხდომის შემდეგ, რომელზეც, ფაქტობრივად, 11-ვე ბრალდებულმა, ფაქტობრივად, აბუჩად აიგდო მოსამართლეც და პროკურორებიც (ადვოკატებმაც მოითხოვეს მათი აცილება, რის გამოც მოსამართლემ სხდომა დახურა...), თავი ვალდებულად ჩავთვალე პარლამენტისთვის რეაგირებისთვის მომემართა. მით უმეტეს, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება არსებითად არის შეცლილი.
[...] გარდა იმისა, რომ ტელეკამერები სასამართლოს სხდომის დარბაზში ზედმეტ დაძაბულობას ქმნიან, არც ის არის გამორიცხული, რომ მოსამართლე საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაზე მეტად საკუთარი პერსონის წარმოჩეწითაც იყოს დაინტერესებული და გადაწყვეტილების გამოტანისას მასმედიით საზოგადოებაში წინასწარვე შექმნილ აზრს (კონიუქტურას) უფრო გაუწიოს ანგარიში, ვიდრე შინაგან რწმენას. [...] გადაღება მხოლოდ საქმის გაწმხილველი მოსამართლის გადაწყვეტილებით, მისი მითითების შესაბამისად და სპეციალური წესების დაცვით უნდა წარმოებდეს.
გთხოვთ, განიხილოთ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ჩემი თანდასწრებით და მისი დასაბუთებულად მიჩნევის შემთხვევაში, „საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის მე-13 პრიმა მუხლის მეორე ნაწილში შეიტაწოთ შესაბამისი ცვლილება“, - სწერს ავთანდილ კახნიაშვილი „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს.
სასამართლოებში ფოტო და ვიდეოგადაღება 2007 წელს, ხელისუფლებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის პერიოდში აიკრძალა, რასაც წინ გახმაურებული საქმეების - მათ შორის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის დაკავებულთა პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემა უძღოდა. 2012 წელს სასამართლო სხდომის დარბაზში მობილური ტელეფონის შეტანა და აუდიოჩაწერაც აიკრძალა. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, 2013 წელს, ნებადართული გახდა სასამართლო სხდომის ფოტო, ვიდეო, აუდიო ჩაწერა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გადაცემა. ამასთან, სასამართლო სხდომების გადაღების/პირდაპირ ეთერში გადაცემის უფლება საერთო საეთერო მაუწყებლებს აქვთ და არა ინტერნეტმედიას.
