„შევამჩნიეთ პრესის თავისუფლებისა და, ზოგადად, ადამიანის უფლებების გაუარესება საქართველოში. ჩვენთვის ცხადი გახდა, რომ განსხვავებული აზრის მქონე პირების, მათ შორის, დამოუკიდებელი ჟურნალისტების დისკრედიტაციისა და შეზღუდვისთვის ფართო სპექტრის იარაღები და მექანიზმები გამოიყენება. ჩვენ მედიის თავისუფლების შესახებ შეშფოთებულები ჩამოვედით, თუმცა იმ ყველაფერმა, რაც მოვისმინეთ, გაგვაოგნა“, - ნათქვამია პრესის თავისუფლების მისიის შუალედურ დასკვნაში, რომელიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ, მედიის მდგომარეობას ასახავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 3 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
პრესის თავისუფლების მისია ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის პარტნიორი ორგანიზაციებისა და „სწრაფი რეაგირება მედიის თავისუფლებისთვის“ (MFRR) კონსორციუმის წევრებისგან შედგება. მისიის წევრი ორგანიზაციების „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ (RSF), ARTICLE 19 Europe, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ), ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია (EFJ), ევროპული ცენტრი პრესისა და მედიის თავისუფლებისთვის (ECPMF), ცენზურის ინდექსი, საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI), ფონდი სამართლიანობა ჟურნალისტებისთვის წარმომადგენლები საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ.
მისიის მიზანი იყო ინფორმაციის შეგროვება საქართველოს მიერ გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების ვალდებულებების შესრულების შესახებ, მათ შორის, მიმდინარე საარჩევნო კამპანიის კონტექსტში.
მისიამ შუალედური დასკვნა დღეს წარმოადგინა.
მედივითარება არჩევნების წინ
ჟურნალისტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, პოლიტიკურ და ინსტიტუციურ ლიდერებთან გამართული შეხვედრები ცხადყოფს, რომ საქართველოში ღრმავდება დემოკრატიული უკუსვლა და ადამიანის უფლებების დარღვევები, რომლებიც უკვე სცდება მედიის პლურალიზმის ეროზიასა და პრესის თავისუფლების დარღვევებს. მთლიანობაში, სამოქალაქო საზოგადოება აწყდება არალიბერალურ ტენდენციას, რომელსაც დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის ღერძის შესუსტება ახასიათებს.
შეშფოთება ბოლო პერიოდში მიღებული კანონების მიმართ
ჟურნალისტური, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მკაცრად გააკრიტიკეს ახლახან მიღებული კანონები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და მცირეწლოვანთა დაცვის შესახებ“. მათ აღნიშნეს მედიის ორგანიზაციების ნორმალური ფუნქციონირებისთვის შექმნილი დაბრკოლებები, რაც იძულებულს ხდის მედია და სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოური დაფინანსების მინიმუმ 20%-ს იღებენ, დარეგისტრირდნენ „უცხოური გავლენის გამტარად” კანონის ფარგლებში. აღინიშნა, რომ მხოლოდ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და ერთი მედია არხი დათანხმდა დარეგისტრირებას. ორივე კანონი განიხილება, როგორც მექანიზმი, რომლის საშუალებითაც აღმასრულებელი ხელისუფლება და მმართველი პარტია მედიის წინააღმდეგ ზეწოლას ახდენენ.
როცა ამ თემაზე კითხვა დავუსვით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ჩვენს შეშფოთებას სრულყოფილად არ უპასუხეს. მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ სრულად არ ამოქმედებულა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა უკვე შეასრულა თავისი როლი მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების თვითცენზურის, ჟურნალისტების წყაროების დაშინებისა და არახელსაყრელი გარემოს შექმნის გამოწვევით, რაც ჟურნალისტებს ხელს უშლის ველზე მუშაობაში.
ყველა თანამოსაუბრე საჩივარს გამოთქვამდა მედიასფეროს პოლარიზაციის შესახებ. პოლიტიკური დებატების ნაკლებობა ოპოზიციურ პარტიებს შორის კიდევ უფრო ამძაფრებს მას და იწვევს დაყოფას. „პრესის თავისუფლების მისია“ რეკომენდაციას უწევს, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა, საზოგადო მოღვაწეებმა და პარტიებმა თავი შეიკავონ ამის გაძლიერებისგგან და არ განუდგნენ საზოგადოებრივ ჯგუფებსა და პუბლიკას.
ჟურნალისტების უსაფრთხოება: შიშის შეგრძნება და პროფესიის მიტოვების ატმოსფერო
ჩვენმა შეხვედრებმა კიდევ უფრო გააძლიერა წარმოდგენები, რომლებიც წინა ანგარიშებშიც იყო აღნიშნული.
ჟურნალისტები განიცდიან ფიზიკურ, სიტყვიერ, სამართლებრივ და ფინანსურ თავდასხმებს. საქართველოში ჟურნალისტობა სახიფათო პროფესიად იქცა.
ჟურნალისტები იმდენად არიან შიშის ქვეშ საკუთარი უსაფრთხოების გამო, რომ ჟურნალისტური მოვალეობების შესასრულებლად ზოგჯერ დაცვის თანხლებით გადაადგილდებიან. რამდენიმე მედიასაშუალების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ჟურნალისტები ტოვებენ ინდუსტრიას და ზოგიერთი მათგანი საცხოვრებლად უცხოეთში მიდის. რამდენიმე მედიასაშუალებამ განაცხადა, რომ ისინი უცხოეთში რეგისტრირდებიან.
ფიზიკურ თავდასხმებთან ერთად, „პრესის თავისუფლების მისია“ ინფორმირებული იყო ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული მუქარის, ხანმოკლე დაკავებების, ადმინისტრაციული კოდექსის სავარაუდო გამოყენებისა და სოციალურ მედიაში მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანიების შესახებ. ჟურნალისტებმა და მედიის სამართლებრივი დაცვის ორგანიზაციებმა აგრეთვე განაცხადეს ჟურნალისტებისთვის „ანტიქართველობის“ შეფასებებით ბრალდების შესახებ, რაც ეროვნული გრძნობებისა და სენტიმენტების ბოროტად გამოყენებას წარმოადგენს. მისია შეშფოთებულია, რომ „უცხოური გავლენის კანონი“ აძლიერებს პოლიტიკურ პოლარიზაციას და მნიშვნელოვნად აუარესებს ჟურნალისტთა უსაფრთხოებას.
დაუსჯელობა ჟურნალისტებზე მუქარისა და ძალადობისთვის
ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური თავდასხმების, მუქარების, ცილისწამების კამპანიების ან სხვა ზეწოლის ორგანიზატორები და დამნაშავეები, უმეტესწილად არ ისჯებიან. ჩვენ დავინახეთ, რომ ეს დაუსჯელობა ქმნის მტრულ გარემოს ჟურნალისტების მუშაობისთვის. ჩვენ შევხვდით პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, სახალხო დამცველის ოფისსა და კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებს. დაუსჯელობის შესახებ შეკითხვა ყველასთან წამოვჭერით, თუმცა ვერ მივიღეთ მკაფიო პასუხი, თუ რა უნდა გაკეთდეს ჟურნალისტების დასახმარებლად, როცა მათზე თავდასხმები ხორციელდება.
2021 წლის ივლისის ტრაგიკული მოვლენებიდან დღემდე, ჟურნალისტებზე თავდასხმებში დამნაშავეები და ამ ქმედებების ორგანიზატორები, აგრეთვე, სამართალდამცავი ორგანოების წევრები, რომლებიც ჟურნალისტების მიმართ, სავარაუდოდ, ძალადობაში მონაწილეობდნენ, არ დასჯილან.
საზოგადოებრივი მაუწყებლობა
2023 წელს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, შემცირდა და დაფინანსების მექანიზმი, ფიქსირებული პროცენტის ნაცვლად, სახელმწიფო ბიუჯეტის ყოველწლიურ განაწილებაზე გადავიდა. ცვლილებები წინასწარი შეფასების, საზოგადოებრივი მაუწყებლის (GBP) კონსულტაციების და ღია საჯარო დებატების გარეშე განხორციელდა. საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოში საჭიროებს სტაბილურ და პროგნოზირებად დაფინანსებას, რომელიც მის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.
მედიის წინააღმდეგ SLAPP სარჩელები
ჩვენი თანამოსაუბრეების მიერ აღინიშნა, რომ პოლიტიკოსების და ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენების მიერ, მედიის წინააღმდეგ სარჩელები ხშირად გამოიყენება, ძირითადად, ცილისწამების გამო. სასამართლოს სისტემის მიმართ არსებული უნდობლობა კიდევ უფრო ამძაფრებს ამ საკითხზე შეშფოთებას. ამასთან, ჟურნალისტები, სარჩელებზე პასუხის გასაცემად, იძულებულნი ხდებიან გაამჟღავნონ თავიანთი წყაროების ვინაობა.
ჟურნალისტები ემიგრაციაში
განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ ამოქმედების შედეგად, ზოგი მედიასაშუალება უკვე გადავიდა უცხოეთში და თავის რესურსებს მედიის საზღვარგარეთ რეგისტრაციაზე ხარჯავს.
ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
გავრცელებული ინფორმაციით, კანონი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეგულირებაზე პასუხისმგებელი ორგანოს შექმნის შესახებ კანონპროექტად რჩება 2014 წლიდან. თუმცა, საჯარო უწყებების მიერ ჟურნალისტების მოთხოვნილ ინფორმაციებზე პასუხის გაცემის არსებული ნორმებიც კი ხშირად არ სრულდება. გავრცელებული ინფორმაციით, კრიტიკულ და გამომძიებელ ჟურნალისტებს თხოვნებზე პასუხის მიღება ყველაზე მეტად უჭირთ. მისია რეკომენდაციას უწევს ინფორმაციის თავისუფალი ხელმისაწვდომობის შესახებ კანონის განხორციელებასთან დაკავშირებული ორგანოს შესაძლებლობების გაძლიერებას. წესები, რომლებიც ზღუდავს ჟურნალისტების პარლამენტში ყოფნას, გამოიყენება აკრედიტაციის ინსტრუმენტად დამოუკიდებელი გაშუქების შეზღუდვის მიზნით. 2024 წელს „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის კენჭისყრისას ჟურნალისტები პარლამენტში არ შეუშვეს.
რეკომენდაციები
- გარანტირებული უნდა იყოს უსაფრთხო და თავისუფალი სამუშაო გარემო ჟურნალისტებისთვის. უზრუნველყავით, რომ ჟურნალისტებს შეეძლოთ წინასაარჩევნო პერიოდის და არჩევნების გაშუქება შეზღუდვების და ჩარევის გარეშე.
- ის კანონები, რომლებიც არ შეესაბამება გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებს, უნდა გადაიხედოს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი უნდა გაუქმდეს.
- უზრუნველყავით მედიასამართლებრივი ჩარჩოს სათანადო შესრულება. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ „ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომის შესახებ“ კანონს. საჭიროების შემთხვევაში, დაარსეთ შესაბამისი ორგანოები, რათა მხარი დაუჭირონ და გააკონტროლონ ამ კანონების ეფექტიანი განხორციელება.
- საქართველოდან დევნილმა უცხოელმა ჟურნალისტებმა თავისუფლად უნდა შეძლონ მუშაობა და არ უნდა აეკრძალოთ ქვეყანაში შესვლა.
ფონური ინფორმაცია
ვიზიტის ფარგლებში მისიის წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის სპიკერის აპარატის უფროსს, კომუნიკაციების კომისიას, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, პოლიტიკური ჯგუფების და დეპუტატების წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, მაუწყებლებს, ბეჭდვითი პრესისა და ონლაინმედიის ჟურნალისტებსა და რედაქტორებს, ასევე, საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს.
მისიის განცხადების თანახმად, მათ ითხოვეს შეხვედრა საქართველოს იუსტიციისა და კულტურის სამინისტროებთან, ასევე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან. სამინისტროებს შეხვედრა არ ჩაუნიშნავთ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სახელით კი აპარატის უფროსმა ისაუბრა".