აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ რიკოთის უღელტეხილზე, რამდენიმე ადგილზე, მიწა ჩამოვიდა. ამ დროისთვის ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებულია. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169 კმ-ზე (რიკოთის მონაკვეთი) ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ადგილზე ჩამოსულმა მიწის შვავმა შეაფერხა საავტომობილო მიმოსვლა. ამ დროისათვის მიმდინარეობს აქტიური გაწმენდითი სამუშაოები , რათა უმოკლეს ვადებში სრულად აღდგეს საავტომობილო მოძრაობა“, - ნათქვამია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რიკოთის უღელტეხილზე თითქმის სამი თვეა მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული. 17 ივნისიდან მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტის გადაადგილების პერიოდი საღამოს 9 საათამდე გაიზარდა. მანამდე, საპატრულო პოლიცია მსუბუქ მანქანებსა და ავტობუსებს დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე ატარებდა.
სპეციალური რეჟიმი მას შემდეგ დაწესდა, რაც 30 მარტს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კილომეტრზე, გზის სიახლოვეს საშიში მეწყრული პროცესები განვითარდა და რიკოთის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება გომი-საჩხერე-ჭიათურის გზაზე იყო შესაძლებელი, ხოლო სატვირთოებს შემოვლით გზით სარგებლობაც ეკრძალებოდათ. ავტოტრანსპორტის მოძრაობა 8 აპრილს, სპეციალური რეჟიმით განახლდა, თუმცა, 11-13 აპრილს, ქვათაცვენის გამო, მოძრაობა ისევ აკრძალული იყო.
19 მარტს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 161-ე კილომეტრზე (სოფელ ვერტყვიჭალასთან) მთის ფერდიდან მეწყერი ჩამოწვა და საავტომობილო გზა ჩაკეტა. 13 მარტს, მეწყერი ჩამოვიდა უბისა-შორაპნის მონაკვეთზე, მე-10 კილომეტრზე და მშენებარე გვირაბის ნაწილი დააზიანა.
რიკოთის უღელტეხილზე ჩქაროსნული მაგისტრალი შენდება. სამუშაოები 2019 წლის მაისში დაიწყო და დასრულება 2022 წლისთვის იყო დაგეგმილი. პროექტი ითვალისწინებს საერთო ჯამში 51.6 კილომეტრამდე სიგრძის გზის მშენებლობას, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, მშენებლობის დასრულების შემდეგ წითელი ხიდიდან სარფამდე მანძილის გავლას 4-4.5 საათი დასჭირდება.
ამ თემაზე:
როცა ასეთ გზას აშენებ, ეს არ არის სრულყოფილი კვლევა - გოდოლაძე რიკოთის პროექტზე