ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა The New York Times სანქციების დაწესების შემდეგ რუსეთში დასავლური საქონლის მოხვედრის გზებზე წერს და საქართველოს როლს გამოჰყოფს. სტატიის თანახმად, დასავლური სანქციების პირობებში, როდესაც ბევრი საქონლის იმპორტი აკრძალულია, დიდი ნაწილი იმისა, რაც რუსეთს სჭირდება, ახლა საქართველოდან კავკასიის მთების გავლით ნელი, სატვირთოებით გადატვირთული მარშრუტით მიდის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ყაზბეგის საკონტროლო გამშვები პუნქტი, საქართველო - სატვირთო მანქანების ქარავანი კილომეტრებზეა გადაჭიმული საქართველოში, რუსეთის საზღვართან მდებარე მთის ავტომაგისტრალზე. თითქოს, ყოველდღე რიგი უფრო გრძელდება.
საზღვრის გადაკვეთამდე სატვირთო მანქანები, რომლებიც გზას ძირითადად თურქეთში იწყებენ და ამთავრებენ რუსულ ქალაქებში, სადაც დასავლურ საქონელზე დიდი მოთხოვნაა, დღეები აჩერებენ ტვირთს - ავტონაწილებს, სამრეწველო მასალებს, ქიმიკატებს, ჩაის პაკეტებისთვის ქაღალდსაც კი.
უკრაინაში ომმა რუსეთის ბევრი სავაჭრო კავშირი ევროპასთან უცაბედად ჩაჭრა, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკა მალე გარდაიქმნა, იპოვა რა იმპორტის ალტერნატიული მარშრუტები. ბოლო ათი თვის განმავლობაში, საქართველო - 3.6 მილიონიანი ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკამ, რომელსაც 2008 წელს თავისი მტკივნეული ომი ჰქონდა მოსკოვთან - რუსეთსა და გარესამყაროს შორის მოსახერხებელი ლოჯისტიკური არხი გახდა.
ვაჭრობის გაზრდამ სატვირთო მანქანების მძღოლებს მოულოდნელი სარგებელი მოუტანა მსგავსად 48 წლის ქართველი მურმან ნაკაშიძისა, რომელსაც ოთხსატვირთოიანი მცირე სატრანსპორტო კომპანია აქვს და თურქეთიდან რუსეთში გადააქვს ტვირთი - ყველაფერი ელექტრონიკიდან დაწყებული, სამშენებლო მასალებით დამთავრებული. მისი ბიზნესი აყვავდა მას შემდეგ, რაც ბევრმა ევროპულმა კომპანიამ მოსკოვთან ვაჭრობა შეწყვიტა ომის მიმართ პროტესტის ნიშნად ან დასავლური სანქციების დაცვის გამო.
ახლა მისი მობილური ტელეფონი დაუღალავად რეკავს რუსეთში საქონლის გადატანის თხოვნებით. საფასური მხოლოდ იზრდება. „ბევრისთვის ეს ომია, მაგრამ სხვები მოგებას ნახულობენ“, - თქვა ნაკაშიძემ. „ეს კარგია ჩვენთვის, ეკონომიკისთვის, მაგრამ ცუდია სხვებისთვის“.
საქართველოს და მეზობელი ქვეყნების, სომხეთის და აზერბაიჯანის გავლით საქონლის მიღება რუსეთს დაეხმარა გადაელახა ეკონომიკური შტორმი, რაც უკრაინაში მისმა შეჭრამ გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი საქონელი არ კმარათ, ბევრმა დასავლურმა კომპანიამ კი მუშაობა შეაჩერა, მთავრობა აცხადებს, რომ გასულ წელს რუსეთის ეკონომიკა სულ რაღაც დაახლოებით 3%-ით შემცირდა. თუმცა ზრდის პერსპექტივები ბუნდოვანი რჩება. სრული კრახი, რომელსაც დასავლური სანქციების წინაშე ზოგიერთი ეკონომისტი წინასწარმეტყველებდა, არ მოხდა.
კავკასიაში, ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე საქართველო, რომელიც თურქეთისკენ უმოკლეს სახმელეთო გზას სთავაზობს, დასავლეთისკენ რუსეთის ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო მიმართულებად იქცა. წამყვანი ქართული საინვესტიციო ბანკის, TBC Capital-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2022 წლის პირველ ექვს თვეში, თურქეთსა და რუსეთს შორის ტვირთების ტრანზიტი სამჯერ გაიზარდა, მათმა დიდმა ნაწილმა საქართველოს გზებზე გაიარა.
რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის თანახმად, დეკემბერში, წინა წელთან შედარებით საშუალოდ ორჯერ გრძელი იყო სატვირთო მანქანების რიგი, რომელიც ჩრდილოეთ საქართველოს თვალწარმტაც ფერდობებს შორის მიიკლაკნებოდა და საზღვარი გადაკვეთა. ნაკადი გაცილებით დიდია, ვიდრე სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს შეუძლია გაუმკლავდეს.
„ახლა ყველა აქ არის - ბელარუსები, ყაზახები, უზბეკები. ისინი მანამდე აქ არასოდეს ყოფილან“, - თქვა 60 წლის ალიკ ოგანესიანმა, რომელიც რიგში დგომისას საკუთარი სატვირთო მანქანის შეკეთებით იყო დაკავებული. მისი თქმით, მძღოლებს ხან იმდენი ხანი უწევთ ლოდინი, რომ მალფუჭებადი ტვირთი უფუჭდებათ.
რუსული საბაჟო სამსახური გამშვები ხაზების რაოდენობის გაზრდაზე მუშაობს, ვიდრე საქართველო 8.8-კილომეტრიან გვირაბს აშენებს ავტომაგისტრალის ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ მონაკვეთზე, რომელიც ზვავების გამო პერიოდულად იკეტება.
რიგი ხანდახან საქართველოს დედაქალაქ თბილისამდე, საზღვრიდან დაახლოებით 160 კილომეტრზე იჭიმება. შემოვლითი გზის გასწვრივ სპეციალური გასაჩერებელი ადგილებია, სადაც სატვირთო მანქანების მძღოლებს შეუძლიათ დაისვენონ და დაიძინონ, სანამ იცდიან. (რიგი უწყვეტი არ არის. პოლიცია მოძრაობას არეგულირებს. მთიანი რელიეფის გამო არის მონაკვეთები, სადაც სატვირთოების მძღოლებს გაჩერებებით გავლა ეკრძალებათ. როდესაც ისინი საზღვარს მიაღწევენ, იღებენ ნომრიან ბილეთს, რაც მათ ადგილს უზრუნველყოფს). მოცდის ხანგრძლივობა ბევრ მძღოლს გადახვევას და რუსეთში მეზობელი აზერბაიჯანის გავლით შესვლას აიძულებს, რაც გზას კიდევ რამდენიმე დღით აგრძელებს.
შეუძლებელია იმის თქმა, საქართველოზე გამავალი ევროპული ტვირთის რა ნაწილი ექვემდებარება ევროკავშირის სანქციებს, მაგრამ რუსეთისთვის ვაჭრობის მთავარ რგოლად გადაქცევა ევროკავშირის სანქციების პოლიტიკაში არსებულ პოტენციურ ხვრელზე მიუთითებს.
საქართველოს მთავრობა დაჟინებით აცხადებს, რომ დასავლეთის სანქციებს მკაცრად აღასრულებს და ბევრ გადაზიდვაზე უარს ამბობს, თუმცა, მმართველი პარტიის ოპონენტები პარლამენტში ამბობენ, რომ საქონელი და ფული ძირითადად შეუფერხებლად მიედინება.
როგორც სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, მარია შაგინამ თქვა, საქართველოს შემთხვევა ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ მისცეს მესამე ქვეყნებმა სანქცირებულ ქვეყნების საშუალება, სავაჭრო შეზღუდვებს გვერდი აუარონ.
„საქართველო ასრულებს დამაბალანსებელ აქტს მის ოფიციალურ პრო-ევროპულ ორიენტაციასა და რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას შორის“, - განაცხადა შაგინამ სატელეფონო ინტერვიუს დროს და დაამატა, რომ ვაჭრობის სწრაფად მზარდმა მოცულობამ, შესაძლოა, დათრგუნოს საქართველოს შესაძლებლობა, აღასრულოს სანქციები. „ძალიან ვიწროა სივრცე, სადაც საქართველო აღმოჩნდება“.
მაშინ, როდესაც რუსეთი საკვების უმეტეს ნაწილს თავად აწარმოებს და სამომხმარებლო საქონელს აზიიდან იღებს, საქართველოს მარშრუტი რუსეთს ევროპული ნაწილებისა და ქარხნების ნედლეულის პრობლემური დეფიციტის გადაჭრაში ეხმარება, ამბობს ივან ფედიაკოვი, ბაზრის საკონსულტაციო რუსული კომპანიის, InfoLine-ის ხელმძღვანელი, რომელიც კომპანიებს აძლევს რჩევებს, როგორ გადარჩნენ არსებული შეზღუდვების პირობებში. „მთავარი პრობლემა ინდუსტრიული ტვირთი იყო“, - განაცხადა მან.
ფედიაკოვის თქმით, რუსეთი, მაგალითად, ძალიან ბევრ ჩაის აწარმოებს, მაგრამ ახორციელებს საფილტრი ქაღალდის იმპორტს, რაც ჩაის პაკეტებისთვის გამოიყენება. აპრილში ევროკავშირმა რუსეთში ამ ქაღალდის ექსპორტი აკრძალა, რამაც რუსული ქარხნები აიძულა ალტერნატივები ჩინეთსა და თურქეთში მოეძებნა. ფედიაკოვმა განაცხადა, რომ საქართველოს გავლით არსებულმა მარშრუტმა პროდუქტის რუსეთში მიწოდებას შეუწყო ხელი, რითაც ქარხნებს საქმეში დარჩენასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში დაეხმარა.
მაისის შემდეგ რუსეთმა მიიღო 20 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი, ე.წ. პარალელური იმპორტით (როდესაც ქვეყანაში რაღაც შედის სასაქონლო ნიშნის მფლობელი კომპანიის თანხმობის გარეშე), ამის შესახებ რუსეთის საბაჟოს ხელმძღვანელმა სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა. ტვირთის დიდი ნაწილი მანქანებისა და ქარხნების აღჭურვილობისგან შედგება.
მთლიანობაში, ქვეყნის ცენტრალური ბანკის თანახმად, 2022 წლის ბოლოსთვის რუსეთმა თითქმის აღადგინა იმპორტის ომამდელი დონე და იმავდროულად გაზარდა შემოსავლის ძირითადი წყარო - საბაჟო გადასახადებით, რომელსაც ქვეყანაში შემოსულ საქონელზე კრეფს.
ალექსანდრე დავითიძე, საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, აცხადებს, რომ მისი ჯგუფის წევრები რუსეთისთვის აკრძალულ ტვირთს არ გადაიტანენ, მაგრამ შესაძლოა, ამის გაკეთების სურვილი მცირე კომპანიებს ჰქონდეთ. დავითიძის თქმით, შეჭრიდან მალევე, რუსული კომპანიებისა და ინდივიდებისგან ელ.ფოსტით იღებდა თხოვნებს, სხვადასხვა საქონლის რუსეთისთვის მიწოდებაში დახმარება აღმოეჩინა. „ახლა ასეთ თხოვნებს თითქმის არ ვიღებ, რაც იმას ნიშნავს, რომ ან კომპანიები იპოვეს, ან საკუთარი დააფუძნეს“, - აღნიშნა დავითიძემ.
ეკონომიკურმა თანამშრომლობამ რუსეთთან, რომელმაც 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიის მეხუთედზე მოიპოვა კონტროლი, ბევრი ქართველის აღშფოთება გამოიწვია.
„საქართველოს მთავრობამ შუაში ყოფნა აირჩია, მაგრამ სულ მცირე ზოგიერთი მათგანი პირადად თავს უფრო ახლოს გრძნობს რუსეთთან და კრემლთან“, - განაცხადა გიორგი ონიანმა, გლობალური ანტიკორუფციული ჯგუფის, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თბილისის ოფისის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ.
ეკონომისტის თქმით, ეკონომიკის ზრდა შესაძლოა მეტისმეტი იყოს ბიზნესისა და მთავრობისთვის, რომ წინააღმდეგობა გაწიონ.
„როდესაც ძლიერი პოლიტიკური პოზიცია არ გაქვს, უმეტეს შემთხვევაში, ბიზნესი ყოველთვის მოგებას ეძებს“, - თქვა საქართველოს უდიდესი ბანკის საინვესტიციო-საბანკო მიმართულების TBC Capital-ის უფროსმა თანამშრომელმა, გიორგი მჟავანაძემ. თურქული და რუსული ბიზნესები „საქართველოს სატრანზიტო ქვეყნად იყენებენ და ჩვენ ამას არ ვსჯით“.
საქართველოს უმსხვილესი შავი ზღვის პორტი, ფოთის პორტი ამბიციურ გაფართოებაზე მუშაობს, რომელიც მის გამტარუნარიანობას გააორმაგებს და საშუალებას მისცემს, უფრო დიდი გემები მიიღოს.
ეს პროექტი, რომელიც ომის დაწყებამდე დაიწყო, ახლა „კიდევ უფრო სწორ გადაწყვეტილებად ჩანს, ვიდრე უწინ“, - განაცხადა APM Terminal-ის, ფოთის პორტის ჰოლანდიური ოპერატორის კომერციულმა დირექტორმა, იან რაულინსონმა. „საქართველოს გავლით მოცულობები დრამატულად გაიზარდა“.
რაულინსონის თქმით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ APM Terminals-მა რუსეთთან ბიზნეს კავშირები გაწყვიტა, მაგრამ როგორც კი ტვირთი საქართველოში გადმოიტვირთება, კომპანიამ არ იცის და არც აკონტროლებს, სად მიდის ის. „რა მოუვა ტვირთს მას შემდეგ, რაც ჩვენ დაგვტოვებს, ამას ვერ ვხედავთ“, - ამბობს ის. მისივე განცხადებით, ვაჭრობის უდიდესი ნაწილი, რასაც მისი პორტი ამუშავებს, განკუთვნილია ცენტრალური აზიისთვის და არა რუსეთისთვის.
რაც შეეხება ქართველ სატვირთოს მძღოლს, ნაკაშიძეს, ის ამბობს, რომ კომპანიას გააფართოვებდა, მაგრამ საშუალება არ აქვს დაიქირავოს მძღოლები, რომლებზეც დიდი მოთხოვნაა. „მათ უბრალოდ უფრო მეტი ფული უნდათ“, - თქვა მან.
სტატიის ავტორია ივან ნეჩეპურენკო, რომელიც New York Times-ის ინფორმაციით, მათი რეპორტიორია 2015 წლიდან და აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, სპორტისა და კულტურის საკითხებს როგორც რუსეთში, ისე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. Times-ის ცნობით, ის რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში და უკრაინაში, პიატიხატკში გაიზარდა.