თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისთანავე, სომხეთ-თურქეთის ურთიერთობის საკითხიც გადაიჭრება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
2022 წლის 6 ოქტომბერს, პრაღაში, ბოლო 13 წლის განმავლობაში პირველად, თურქეთისა და სომხეთის ლიდერებს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერდოღანმა უპასუხა „რადიო თავისუფლების“ სომხური სამსახურის შეკითხვას, დღეს რა უშლის ხელს თურქეთ-სომხეთის საზღვრების გახსნას და ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას:
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თურქეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობები რაც შეიძლება მალე საკმაოდ დათბება და პრობლემები გადაიჭრება. ჩვენ წინაპირობები არ გვაქვს. ჩვენ მხოლოდ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას ველით. როგორც კი ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდება, ისინი ამ დონეს მიაღწევენ, ვფიქრობ, ჩვენი მხრიდან არანაირი პრობლემა არ იქნება და გავხსნით საზღვრებს, დავიწყებთ სატვირთო და საჰაერო გადაზიდვებს“.
ჩეხეთში, 6 ოქტომბერს, ერთმანეთს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც შეხვდნენ. სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების წინადადებით ალიევი გამოვიდა და თქვა, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. ამავე შეხვედრაზე, სომხეთმა და აზერბაიჯანმა დაადასტურეს ერთგულება გაეროს წესდებისა და 1991 წლის ალმა-ატის დეკლარაციის მიმართ, რითიც ისინი ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს აღიარებენ. გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სომხეთში, აზერბაიჯანთან საზღვრის გასწვრივ ევროკავშირის სამოქალაქო მისია იმუშავებს, აზერბაიჯანი კი მასთან ითანამშრომლებს. ორთვიანი მისია მუშაობას ოქტომბერში დაიწყებს. მისი მიზანი ნდობის მშენებლობა და საკუთარი ანგარიშებით საზღვრის დელიმიტაციის კომისიების დახმარება იქნება.
„სომხური მხარე არაერთხელ აღნიშნავდა ფაქტების დასადგენად საერთაშორისო მექანიზმების ჩართვის, ასევე, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ მონიტორინგის აუცილებლობის შესახებ. ევროკავშირის სამოქალაქო მისია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის გასწვრივ სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე განახორციელებს საქმიანობას. მისიის ფუნქციებსა და უფლებამოსილებაზე, კონკრეტულ ადგილებზე და სხვა დეტალებზე საუბარი ალბათ ნაადრევია, რადგან ეს საკითხები ჯერ კიდევ სამუშაო განხილვის ეტაპზეა“, - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა, ვაჰან ჰუნანიანმა.
1993 წელს, მთიანი ყარაბაღის ომის დროს, თურქეთმა სომხეთთან საზღვრები აზერბაიჯანისადმი მხარდაჭერის ნიშნად ჩაკეტა. მოსაზღვრე ქვეყნებს ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გააჩნიათ, რაც უკავშირდება ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივ მკვლელობას, რასაც სომხეთი გენოციდად აფასებს.