რუსულმა ორგანიზაციამ - „კომუნიკაციების განვითარების ეროვნულმა კვლევითმა ინსტიტუტმა“ თბილისში დღეს, 22 აპრილს, გამართა კონფერენცია - „რუსეთი და მსოფლიო: დიალოგი - 2024. მიზიდულობის ძალები“. Agent Media-ს ინფორმაციით, აღნიშნული ინსტიტუტი რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის, საგარეო დაზვერვის საბჭოსა და ფედერალური უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომლების მიერაა შექმნილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
ანონსის მიხედვით, კონფერენციის ფარგლებში ექსპერტებმა, რუსეთიდან და საქართველოდან, იმსჯელეს თემაზე „ტრადიციული ღირებულებები, როგორც ქვეყნებისა და ხალხების დაახლოების ფაქტორი“. კონფერენციაზე სიტყვით უნდა გამოსულიყვნენ კრასნოდარის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ვალენტინა კომლევა, პოლიტიკური სტრატეგი ევგენი მინჩენკო, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი ალექსანდრე იაკოვლევი, ხოლო ვიდეოზარით უნდა ჩართულიყო, ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის მსოფლიო სამხედრო ეკონომიკისა და სტრატეგიის ინსტიტუტის წამყვანი ექსპერტი ევგენია გორიუშინა.
ღონისძიების თანაორგანიზატორი ორი ქართული ორგანიზაციაა - ევრაზიის ინსტიტუტი და ფონდი SIKHA .
კონფერენციის ჩატარების ადგილი არ არ გასაჯაროვდა. ვალენტინა კომლევამ Agent Media-ს დაუდასტურა, რომ კონფერენცია თბილისში მართლაც იმართებიდა, თუმცა „დატვირთულობის გამო ამ საკითხზედაწვრილებით საუბარი ვერ შეძლო“.
Agent Media-ს წერს, რომ „კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტი“ 2020 წლიდან არსებობს. მის თანადამფუძნებლებს შორის არიან:
- გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი გრიბინი - კგბ-ს ყოფილი რეზიდენტი კოპენჰაგენში, კგბ-ს მესამე განყოფილების ყოფილი უფროსი (რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, პასუხისმგებელია დიდ ბრიტანეთზე, ავსტრალიასა და სკანდინავიის ქვეყნებზე) და საგარეო საქმეთა ყოფილი ხელმძღვანელი.
- ირინა ზავესნიცკაი - ბიზნესმენი, რომელიც, გაჟონილი ინფორმაციის მიხედვით, რეგისტრირებულიაიმავე მისამართზე, სადაც ვლადისლავ გასუმიანოვი, „კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის“ დირექტორი. ოფიციალურად გამოქვეყნებული ბიოგრაფიის მიხედვით, გასუმიანოვი 1982 წლიდან 2001 წლამდე, რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტში, საგარეო დაზვერვის საბჭოსა და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში მსახურობდა. იგი ასევე მუშაობდა რუსეთის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილედ უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული ურთიერთობების საკითხებში და იყო ნიკელის მწაროებელი უმსხვილესი კომპანიის, „ნორნიკელის“ მმართველ საბჭოში. 2015 წლიდან, საერთაშორისო ურთიერთობათა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში იკავებს „ნორილსკის“ კათედრის - „კორპორატიული უსაფრთხოება“ - უფროსის თანამდებობას. 2017 წელს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვლადისლავ გასუმიანოვი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. 2019 წლიდან არის საჯარო და კერძო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში „ნორნიკელის“ უფროსი ვიცე-პრეზიდენტი.
Agent Media წერს, რომ „კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის“ სამეთვალყურეო საბჭოში გასუმიანოვისა და გრიბინას გარდა, შედიან საბჭოთა და რუსული სპეცსამსახურების სხვა ყოფილი თანამშრომლებიც, მათ შორის, გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი ბოლიუხი - ფედერალური უშიშროების სამსახურის ოპერატიული ინფორმაციის დეპარტამენტის მე-5 სამსახურის (კურირებს უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობებს) ყოფილი უფროსი; გენერალ-ლეიტენანტი ბორის მიროშნიკოვი - ფედერალური უშიშროების სამსახურის კონტრდაზვერვის ოპერაციების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე; გენერალ-პოლკოვნიკი ვალენტინ სობოლევი - კონტრდაზვერვის ფედერალური სამსახურის დირექტორის ყოფილი მოადგილე და რუსეთის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი.
თბილისში დღეს გამართული ღონისძიება კონფერენციის „რუსეთი და მსოფლიო: დიალოგი 2024. მიზიდულობის ძალები“ ფარგლებში საზღვარგარეთ გასამართი 5 სესიიდან ერთ-ერთია. 19 აპრილს, სესია ჩატარდა ოკუპირებულ ცხინვალში და მისი თემა იყო „ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოების როლი თანამედროვე სამყაროში. მოკავშირული ურთიერთობების განვითარების მექანიზმები“. დანარჩენი სესიები მიმდინარე თვეში უკვე გაიმართა ან გაიმართება დუშანბეში, მინსკსა და ბიშკეკში. გასულ წლებში ანალოგიურ კონფერენციებში მონაწილეობას იღებდნენ კრემლისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
თბილისის სესიის ორგანიზატორის, SIKHA-ს დამფუძნებელი არჩილ სიხარულიძეა. 2022 წლის დეკემბერში სიხარულიძე მონაწილეობდა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს მიერ ოგანიზებულ ღონისძიებაში, სადაც რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე, ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე იმსჯელეს. ევრაზიული ინსტიტუტის დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძეა, რომელიც უკრაინაში რუს სამხედროებს დახმარებას უგზავნის და მხარს უჭერს რუსეთთან საქართველოს ეკონომიკურ თანამშრომლობას.