თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სასარგებლოდ 25 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„სააპელაციო სასამართლომ გააგრძელა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი მანკიერი პრაქტიკა, რომელიც შრომის კანონმდებლობას არღვევს. განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რომ მოხდა ეკა კვესიტაძისთვის, „რუსთავი 2“-ის სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების დაკისრება. ეს არის სანქცია, რომელიც განპირობებული იყო „რუსთავი 2“-ის ქმედებით, როდესაც თავად „რუსთავი 2“-მა გაათავისუფლა ეკა კვესიტაძე სამსახურიდან. საგანგაშოა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანი ვალდებულია, „რუსთავი 2“-ს 25 ათასი ლარი გადაუხადოს. სამწუხაროდ, როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ძირითადი მტკიცებულებები შეფასების მიღმა დატოვა და ეს პრაქტიკა დაადგინა“, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ.
ეკა კვესიტაძემ „რუსთავი 2“-ს 2019 წელს უჩივლა, რადგან მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანიის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა. ჟურნალისტი დისკრიმინაციული მოტივებით მიღებული გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას და იმ სახელფასო დავალიანების გადახდას ითხოვდა, რაც „რუსთავი 2“-ს მის მიმართ ჰქონდა.
2022 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლომ კვესიტაძის სამსახურიდან გათავისუფლება კანონიერად შეაფასა და „რუსთავი 2“-ს მხოლოდ ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურების, 13 000 ლარის გადახდა დაავალა. ამასთან, სასამართლომ დაადგინა, რომ ჟურნალისტმა შრომითი ხელშეკრულების პირობები დაარღვია, რაც „მთავარ არხში“ მუშაობის გაგრძელებას გულისხმობდა და მას „რუსთავი 2“-ის სასარგებლოდ 25 000 ლარის გადახდა დააკისრა.
ეკა კვესიტაძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
„ჩემი საქმე ჯდება მედიის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლის კონტექსტში, ეს არის დასჯის პოლიტიკა და ცინიზმი. ისეთივე ტიპის ცინიზმი, რა ცინიზმითაც იყო დაკავებული ნიკა გვარამია [„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი]. შეგვიძლია ნებისმიერი რამ დაგაბრალოთ, ნებისმიერი მიზეზით დაგაკისროთ ჯარიმა ან ჩაგსვათ ციხეში, ეს ჩვენ შეგვიძლია და ყველაფერი გაგვივა - ეს არის მესიჯი. რასაკვირველია, ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით და საქართველოში ყველა ინსტანციის სასამართლოს მივმართავთ, თუმცა მოლოდინი არ გვაქვს, რომ უზენაესი სასამართლო სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა ჟურნალისტმა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში საკადრო ცვლილებები 2019 წლის ივლისში დაიწყო, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ტელეკომპანიის წილები მისმა ყოფილმა მფლობელმა, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა გადაიფორმა. ხალვაშმა არხის მაშინდელი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სამსახურიდან გაათავისუფლა და მის ადგილას საკუთარი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. აგვისტოში პაატა სალიამ სამსახურიდან გაათავისუფლა არხის წამყვანი ჟურნალისტები, მათ შორის, საინფორმციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და გადაცემების წამყვანები - გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი. პროტესტის ნიშნად „რუსთავი 2“ თითქმის სრულმა შემადგენლობამ დატოვა. დაახლოებით ერთ თვეში მათ, ნიკა გვარამიას ხელმძღვანელობით, ტელეკომპანია „მთავარი არხი“ დააფუძნეს.
„რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ სასამართლოს ნოდარ მელაძემ და ნანუკა ჟორჟოლიანმაც მიმართეს. 2022 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე მათგანის გათავისუფლება უკანონოდ ცნო. „რუსთავი 2“-ს მელაძისთვის 80 000 ლარის, ჟორჟოლიანისთვის კი - 82 000 ლარის გადახდა დაეკისრა. ტელეკომპანია გადაწყვეტილებების გასაჩივრებას აპირებდა.