თბილისის სააპელაციო სასამართლომ სასჯელი შეუმცირა 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე თავდასხმაში ბრალდებულებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნლისტ მირანდა ბაღათურიასა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას მიმართ ჯგუფური ძალადობისთვის მსჯავრდებული ექვსივე პირი - დავით კუტალაძე, აკაკი ნაკაშიძე, თორნიკე დავლაშერიძე, ოთარ გელაშვილი, ცოტნე ჩიხლაძე და გია გიგუაშვილი მოსამართლე მაია თეთრაულმა გაამართლა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილში, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
სააპელაციო სასამართლომ ექვსივე მსჯავრდებულს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისთვის (154-ე მუხლი), პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ადამიანის დევნისთვის (156-ე მუხლი) და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის (118-ე მუხლი) მისჯილი პატიმრობა 5 წლის ვადით, 4 წლამდე შეუმცირა. მსჯავრდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.
„პროკურატურა კატეგორიულად არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენს. ბრალდების მხარე აღნიშნულ განაჩენს კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს საქართველოს უზენაეს სასამართლოში“, - განაცხადა პროკურორმა თამარ იაკობიძემ.
2021 წლის 5 ივლისს, თბილისში, საქართველოს საპატრიარქოს, პრორუსული ორგანიზაციის „ალტ-ინფოს“ და კიდევ სხვა ჰომოფობიური ჯგუფების მოწოდებით აქცია გაიმართა „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების - „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ. აქციის დროს ჯგუფურად თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, სცემდნენ, ტექნიკას უმტვრევდნენ. ძალადობის მსხვერპლი გახდა 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი. მათგან რამდენიმე მძიმედ დაშავდა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მათ შორის იყო ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი, 36 წლის ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფი თავს მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში დაესხა.
ლაშქარავა საავადმყოფოდან 8 ივლისს გაწერეს, 11 ივლისის დილას კი საკუთარ სახლში ნახეს გარდაცვლილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპერატორის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიება დღემდე არ დასრულებულა.
2022 წლის 7 იანვარს მედიით გასაჯაროვდა ალექსანდრე ლაშქარავას საქმეზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის ფრაგმენტი, რომლის მიხედვითაც ლაშქარავას სიკვდილის მიზეზი „ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინით“ ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა“ გახდა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, დასკვნის მიმართ ნდობას ამცირებს ის ფაქტი, რომ საჯარო შეთავაზების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექსპერტიზაში საერთაშორისო ექსპერტები არ ჩართო.
5 ივლისს საქმეზე სამართალდამცავმა უწყებებმა სულ 31 პირი დააკავეს, რომელთაგან 26-ს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა. ძალადობის ორგანიზებისთვის არავის დაუკავებიათ.