სად მიიღეს კანონის ხელახლა შემოღების გადაწყვეტილება? საქართველოში თუ მოსკოვში? - პრეზიდენტი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით მიიღო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ეს არის ზუსტი ასლი პუტინის კანონისა, რომელიც 2012 წელს მიიღეს და შემდეგ თანდათან შეიცვალა. ეს არის კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის წინააღმდეგ, ეს არის კანონი მედიის საქმიანობის წინააღმდეგ და ეს არის კანონი ჩვენი პარტნიორი ქვეყნების - ევროპის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთისა თუ შეერთებული შტატების ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც 30 წელზე მეტია მხარს უჭერენ საქართველოს დამოუკიდებლობას, აშენებენ ჩვენს სახელმწიფო ინსტიტუტებს, ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. ასე რომ, ეს ძალიან შემაშფოთებელია. ამის გამო იგივე კანონი შარშან მასიური დემონსტრაციებით იქნა უარყოფილი და ის ვერ მიიღეს. ამჯერად ამ კანონის ხელახლა წარმოდგენა პირდაპირი პროვოკაციაა ქართული საზოგადოებისთვის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მხარდამჭერი საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებაში ყველაფერი ძალიან გამჭვირვალეა და გაუმჭვირვალე რჩება მაღალი დონის კორუფცია და ის, თუ სად მიიღება გადაწყვეტილებები.

„ის, რაც არ არის გამჭვირვალე, არის კორუფცია ხელისუფლების მაღალ დონეზე. არ არის გამჭვირვალე, სად მიიღება გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით ეს გადაწყვეტილება კანონის ხელახლა წარმოდგენის შესახებ, რომელზეც ყველა ჩვენი ევროპელი პარტნიორი ამბობს, რომ ეწინააღმდეგება ჩვენს ევროპულ მომავალს და ინტეგრაციას. ვინ გადაწყვიტა მისი ხელახლა შემოღება? ეს საქართველოში მოხდა, თუ ჩვენს საზღვრებს მიღმა? არის თუ არა ეს გადაწყვეტილება მიღებული მოსკოვში? ეს არის გამჭვირვალობის შესახებ მთავარი კითხვა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა სვამს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ სამი დღეა, რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისში მასობრივი დემონსტრაციები მიმდინარეობს.

პრეზიდენტის თქმით, ეს კანონი ნათლად აჩვენებს ზოგიერთი ხელისუფალის განზრახვას, შექმნას დაბრკოლებები ევროინტეგრაციის გზაზე, მაგრამ ის, რაც ქუჩაში ხდება, აჩვენებს, რომ ხალხს გადაწყვეტილი აქვს ამ გზით სიარული და ევროინტეგრაცია.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მთავარი გამოცდა 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად მოვა. პრეზიდენტი რუსულ კანონს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ხელის შეშლის მცდელობადაც განიხილავს.

დღეს, 17 მარტს, ხალხმრავალი საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსულ კანონს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. 83 დეპუტატიდან, ვინც ამ კანონის მიღებას მისცა ხმა, 73 „ქართული ოცნების“ წევრია, დანარჩენები კი მმართველი პარტიის სატელიტებს - „ხალხის ძალასა“ და „ევროპელ სოციალისტებს“ წარმოადგენენ. ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. მათი ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარემ გააძევა, ნაწილმა კი სასესიო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

ანალოგიური კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ პირველი მოსმენით შარშან, მარტშიც მიიღო, მაგრამ ხალხის პროტესტმა აიძულა, მასზე უარი ეთქვა. პარტიის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ კანონპროექტს „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“ გაიწვევდნენ, თუმცა ერთი წლის შემდეგ, აპრილის დასაწყისში, ის კვლავ დააინიცირეს. კანონპროექტის ტექსტი იგივე დარჩა - მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვალა ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის მიზანი დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაა. მმართველი პარტია აპირებს, ის სამივე მოსმენით საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ ამან შესაძლოა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი დააზიანოს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).