საქართველოს მიერ EU-ის კანდიდატის სტატუსის მიღება გავლენას ახდენს რეგიონზე - ფაშინიანი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ახლა ევროკავშირი რეალურად ჩვენი რეგიონია“, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 7 თებერვალს, პარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა. ფაშინიანის თქმით, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება მთელ რეგიონზე ახდენს გავლენას.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„დღევანდელი მსოფლიო, ზოგადად, გლობალური სამყარო, არ არის ის, რაც 5 ან 6 წლის წინ იყო. ფაქტობრივად, ჩვენი ურთიერთობა არცერთ სუბიექტთან არ არის ისეთი, როგორც ადრე, შეიცვალა ამ ურთიერთობების ხასიათიც.

ჩვენს რეგიონში ბევრი მნიშვნელოვანი გარემოება შეიცვალა და ერთ-ერთი არის ის ფაქტი, რომ საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაც ობიექტურ გავლენას ახდენს ჩვენს რეგიონზე. გამოდის, რომ ჩვენს ორ მეზობელ ქვეყანას აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და თუ ადრე შესაძლებელი იყო იმის თქმა, სად ევროკავშირი და სად ჩვენი რეგიონი, ახლა ევროკავშირი რეალურად ჩვენი რეგიონია და ჩვენ ამ ფაქტს უნდა შევეგუოთ. ამ მხრივ, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ საქართველოსთან სტრატეგიული დიალოგის დაწყებას“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

რამდენიმე კვირის წინ, თბილისში ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტის დროს, საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაცია გაფორმდა. საქართველოს მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ფაშინიანმა თქვა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოსთვის, ისევე როგორც მთელი რეგიონისთვის, ისტორიული მოვლენაა.

საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო იმ დათქმით, რომ ქვეყანა 9 მიმართულებით ნაბიჯებს გადადგამს.

ევროკავშირი საქართველოსგან ითხოვს მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან და ჩარევასთან ბრძოლას; საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესაბამისობის გაუმჯობესებას ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან; პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ ბრძოლას; თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფას განსაკუთრებით 2024 წელს; საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესებას; სასამართლო რეფორმას; ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტურობის, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას; დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესებას; ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესებას.

პირობების შესრულება აუცილებელია გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ეტაპზე გადასასვლელად.

რეგიონის კიდევ ერთი სახელმწიფო - თურქეთი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა 1999 წლის ბოლოდან. ევროკავშირმა და თურქეთმა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 2005 წლის ოქტომბერში დაიწყეს, თუმცა ეს პროცესი ჩიხშია 2018 წლის ივნისიდან - თურქეთში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის მხრივ მდგომარეობის გაუარესების გამო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.