რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. რუსული მედიის ინფორმაციით, მან ქვეყანაში „დაძაბულობის ზრდაში“ ნატო და ევროკავშირი დაადანაშაულა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
„ალიანსის ცალკეული ქვეყნები ცდილობენ გააძლიერონ თავიანთი პოზიციები კავკასიაში, რითაც მიიღებენ წვდომას კასპიის ზღვის რესურსებზე და უშუალო წვდომას ცენტრალურ აზიაში. ხდება ვითარების დესტაბილიზაცია და საპროტესტო აქციების დაფინანსება საქართველოში, რომლისგანაც აქტიურ ანტირუსულ ქმედებებს თხოვენ“, - განაცხადა ბელოუსოვმა ყაზახეთის ქალაქ ალმათიში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) თავდაცვის მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას.
ბელოუსოვმა ხაზი გაუსვა, რომ ნატოსა და ევროკავშირის კურსი, რომელიც, მისი თქმით, რუსეთთან დაპირისპირებისკენაა მიმართული, იწვევს დაძაბულობის ზრდას კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის რიგ რეგიონებში.
„სომხეთსა და აზერბაიჯანს წინააღმდეგობების მოსაგვარებლად უცერემონიოდ სთავაზობენ მედიაციის სერვისებს. სთავაზობენ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას ექსკლუზიურად დასავლურ პლატფორმებზე და კარნახით. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ვაშინგტონისა და ბრიუსელის გეგმები, უსაფრთხოებისა და თავდაცვის გაძლიერების საბაბით, ჩვენი სომეხი პარტნიორები თავიანთ ინტერესთა სფეროში ჩართონ“, - თქვა ანდრეი ბელოუსოვმა. აღსანიშნავია, რომ სომხეთის თავდაცვის მინისტრმა დღევანდელ სხდომაში მონაწილეობა არ მიიღო.
საქართველოში მრავალათასიანი აქციები მმართველი პარტიის მიერ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის ხელახლა ინიცირებამ და მიღებამ გამოიწვია. მასშტაბური პროტესტისა და დასავლელი პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომლის ლიდერებიც აღნიშნული კანონის მიღებას საჯაროდ მიესალმნენ და მოიწონეს.
