ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის ფასი ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ რეკომენდირებულ ზღვარს, კერძოდ, მთლიანი ეროვნული შემოსავლის 2%-ს აღემატება და 2.35%-ს შეადგენს. ამასთან, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
კვლევის თანახმად, მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა არ აქვს ბიზნესსაც, განსაკუთრებით მცირე კომპანიებს.
2023 წელს, კომპანიების უმეტესობას, 61%-ს ჰქონდა ინტერნეტი, რომლის საშუალო სიჩქარე 30 მბ/წმ-ზე დაბალი იყო.
„ეს განსაკუთრებულ პრობლემას უქმნის მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელიც მსხვილ კომპანიებთან შედარებით, ფართოზოლოვანი ქსელის ათვისების მხრივ ჩამორჩება. მსხვილი კომპანიების 79% მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით (30 მბ/წმ-ზე მეტი) სარგებლობს, მაშინ, როდესაც ასეთი ინტერნეტი საშუალო კომპანიების მხოლოდ 54% და მცირე კომპანიების 38%-ს აქვს.
საქართველოს შეუძლია დაეხმაროს კონკურენციას, ინვესტიციებსა და ინოვაციებს, რათა, საბოლოო ჯამში, ხელი შეუწყოს უფრო სწრაფი ინტერნეტის ხელმისაწვდომობას უფრო დაბალ ფასად; გააძლიეროს მოთხოვნა მომხმარებელთათვის ფართოზოლოვანი სერვისებისა და ხარისხის შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ათვისებას“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
კვლევის მიხედვით, აღნიშნული არაპროპორციული გადანაწილება და არათანაბარი გარემო, ქვეყნის განვითარებისთვის შემაფერხებელი ფაქტორია. ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის პრობლემების შედეგია ის, რომ ქვეყანაში ფიქსირებული და მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი OECD-სა და ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე დაბალია.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში OECD-სა და ევროკავშირის მაჩვენებელზე დაბალია ციფრული უნარებიც და 2021 წლისთვის, მოქალაქეების 36%-ს მხოლოდ საბაზისო უნარები გააჩნდა.
ამასთან, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველზე მეტად დაკავშირებული ქვეყანაა. ანგარიშის მიხედვით, 2015-დან 2020 წლამდე ფიქსირებული და ფართოზოლოვანი ინტერნეტის აბონენტთა რაოდენობა დაახლოებით 50%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, ამ პერიოდის განმავლობაში, ქალაქსა და სოფლებს შორის სხვაობა, ინტერნეტზე წვდომის კუთხით, განახევრდა (-64%) და 2021 წელს 12.6%-მდე შემცირდა.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მიუხედავად იმისა, საქართველომ გარკვეულ პოზიტიურ შედეგებს უკვე მიაღწია, ამ მიმართულებით გამოწვევები კვლავ არსებობს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია დამატებითი ნაბიჯების გადადგმა ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის გაძლიერების, ასევე, ინვესტიციებისა და ინოვაციების ზრდისთვის, რათა მომხმარებლებმა უფრო სწრაფი ინტერნეტის მიღება, შედარებით დაბალ ფასად შეძლონ.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) პოლიტიკის ინდექსის ანგარიში მოიცავს უახლეს მიგნებებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკის შესახებ ხუთ პარტნიორ ქვეყანაში - სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.