საქართველოს ახალმა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა რუსთაველის გამზირზე, 7-9 მარტს განვითარებული მოვლენები შეაფასა და განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სპეციალური საშუალებების გამოყენება ხდებოდა მაშინაც, როდესაც მსგავსი აუცილებლობა არ იკვეთებოდა. სახალხო დამცველი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, ჩაატარონ ეფექტიანი გამოძიება არაპროპორციული ძალის გამოყენების, ასევე მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტებზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
7 და 8 მარტს, პარლამენტის წინ, „აგენტების შესახებ“ რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ მრავალათასიანი აქციები გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მშვიდობიანი დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და სხვა საშუალებების გამოყენებით დაარბია. დარბევისას მიღებული დაზიანების შედეგად აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ცალ თვალში მხედველობა დაკარგა. პოლიციამ 133 მოქალაქე ადმინისტრაციული, ერთი კი სისხლის სამართლის წესით დააკავა. დაკავებულთა შორის იყო პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც. პროტესტმა „ქართული ოცნება“ აიძულა, პარლამენტიდან კანონი გაეწვია.
ლევან იოსელიანის განცხადებით, 7 მარტის საღამოს ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც შეკრების მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან სცადა მიახლოება, რომლისკენ მიმავალი გზაც სამართალდამცავებს ჰქონდათ გადაკეტილი.
„აღნიშნულს მოჰყვა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო, მოხდა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის ბლოკირების მცდელობა და ადგილი ჰქონდა სამინისტროს მოსამსახურეებზე ძალადობის ფაქტებს. მალევე, მოქალაქეთა მცირე ნაწილმა პარლამენტის მეორე შესასვლელთანაც გადაინაცვლა. ორივე ლოკაციაზე ფიქსირდებოდა დაპირისპირების შემთხვევები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 2023 წლის 7 მარტის საღამოს საათებში გაფრთხილების თაობაზე განცხადებების გაჟღერების დროისთვის, აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი. რაც შეეხება აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობის შემთხვევებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მათ მიმართ უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური - აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სამართალდამცავებმა შეკრების მონაწილეების, მათ შორის, მშვიდობიანი მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს, რაც ეწინააღმდეგება უფლებაში აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტს“, - აცხადებს სახალხო დამცველი.
მისივე შეფასებით, პარლამენტის უკანა შესასვლელთან, შეკრების მონაწილეთა ნაწილის მიერ დაწყებული ძალადობრივი ქმედებები დაედო საფუძვლად სამართალდამცავების მხრიდან მთელი შეკრების ძალის გამოყენებით, გაუმართლებელ შეწყვეტას 8 მარტსაც.
„მას შემდეგ რაც შეკრების მონაწილეთა ნაწილმა დაიწყო საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელის მხარეს შენობის დაზიანება, მინების ჩამსხვრევა, პოლიციამ შესაბამისი რეაგირებები განახორციელა, თუმცა აღნიშნული ძალის გამოყენება სრულიად არალეგიტიმურად გაგრძელდა საქართველოს პარლამენტის წინ მდგარი შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ.
აღსანიშნავია ისიც, რომ, ორივე შემთხვევაში, და განსაკუთრებით 8 მარტის ღამის საათებში ძალის პირველად გამოყენების შემდეგ, ვითარება რამდენჯერმე კვლავ დაიძაბა და ადგილზე შეკრებილი პირების წინააღმდეგ განმეორებით არაერთხელ მოხდა სპეციალური საშუალებების გამოყენება, მათ შორის, მაშინაც, როდესაც არ იკვეთებოდა მსგავსი აუცილებლობა. სახალხო დამცველის შეფასებით, მსგავს ვითარებაში ძალის გამოყენების გაუმართლებელი შემთხვევები ყოველთვის ხელს უწყობს სიტუაციის ხელოვნურ ესკალაციას, რაც სამართალდამცავებმა თავიდან უნდა აირიდონ.
ამ დღეებში მედია საშუალებებით გავრცელებულ კადრებში ასახულია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც აქციის მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება ხდებოდა სრულიად უსაფუძვლოდ, ერთეული ადამიანების მხრიდან პოლიციის თანამშრომლებთან მშვიდობიანი მიახლოებისთანავე ხდებოდა სპეციალური საშუალებების გამოყენება, მათ შორის, დამიზნებით სახის არეში ზემოქმედება. აღნიშნული ცალსახად წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას.
ასევე, მედია საშუალებებით გავრცელდა რამდენიმე ვიდეო მასალა, რომელშიც პირდაპირ ჩანს მოქალაქეებს მიმართ უხეში ფიზიკური ძალადობის ფაქტები.
შეკრებების მართვის მიზნით, სამართალდამცავთა მიერ გამოყენებული ღონისძიებების შედეგად, დაშავდნენ ადგილზე მოვლენების გაშუქების მიზნით მყოფი მედიის წარმომადგენლებიც, გავრცელდა ინფორმაცია მათი საქმიანობის ხელშეშლის შესახებაც, მაშინ, როდესაც, აქციის მიმდინარეობისას, კანონმდებლობა მათ განსაკუთრებული დაცვის ქვეშ აქცევს.
ამავდროულად, შეკრების შეწყვეტამდე და მის პარალელურადაც, სამართალდამცავები აქტიურად მიმართავდნენ მონაწილეების ადმინისტრაციული წესით მასობრივი დაკავების პრაქტიკას. გავრცელებული კადრები ცხადყოფს, რომ ცალკეულ შემთხვევებში, მსგავსი ღონისძიება არ წარმოადგენდა მიმდინარე სამართალდარღვევის აღკვეთის ზომას, შესაბამისად, ვერ პასუხობდა აუცილებლობის მოთხოვნას და უფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის სახე ჰქონდა“, - განაცხადა სახალხო დამცველი.
7-9 მარტს სახალხო დამცველმა და მისმა რწმუნებულებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სამმართველოებში, განყოფილებებსა თუ დროებითი მოთავსების იზოლატორებში 96 დაკავებული პირი მოინახულეს. რამდენიმე დაკავებულმა პირმა სახალხო დამცველის აპარატს მათი დაკავების კანონიერების შესწავლის მოთხოვნით მიმართა. დაკავებულები მიუთითებდნენ დაკავების უხეშ ფორმებზე და რიგ შემთხვევაში, აღენიშნებოდათ დაზიანებები. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით ხაზგასასმელია ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევა. მისი და მოწმის განმარტებით, შსს-ს რამდენიმე წარმომადგენელი მას ფიზიკურად გაუსწორდა, სცემეს ხელებით, ფეხებითა და ხელკეტებით, აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები თავისა და კისრის არეში, ასევე ხელის მტევნის არეში.
„გარდა ამისა, ამ დღეების მანძილზე მუდმივად ვრცელდებოდა ინფორმაცია და სახალხო დამცველის აპარატსაც არაერთი პირი უკავშირდებოდა იმის თაობაზე, რომ ვერ პოულობენ ოჯახის წევრები თუ ადვოკატები დაკავებულ პირებს და შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აწვდიდა მათ განთავსების ადგილების შესახებ ინფორმაციას. აღნიშნული არღვევს დაკავებულების დაცვის უფლებას, რადგან მათ არ ეძლეოდათ ადვოკატებთან დროულად შეხვედრისა და დაცვის სტრატეგიის შემუშავების შესაძლებლობა“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
სახალხო დამცველი ხაზგასმით მიუთითებს, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული. თავის მხრივ, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის განმარტებით, „ძალადობა“ გულისხმობს შეკრების მონაწილეთა მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენებას, რომლის შედეგადაც, მოსალოდნელია გარდაცვალება, ჯანმრთელობის ან საკუთრების სერიოზული დაზიანება. კომიტეტის მითითებით, ძალადობად არ უნდა ჩაითვალოს, მათ შორის, უბრალო მიწოლა ან ხელის კვრა. სახალხო დამცველის თქმით, ცალკეულ პირთა ან პირთა მცირე ჯგუფის სიტყვიერი თუ ფიზიკური აგრესიის თუ ძალადობის აქტები არ აბათილებს იმ ადამიანთა შეკრების თავისუფლებას, რომლებიც მშვიდობიან ქცევას განაგრძობენ. მსგავს შემთხვევებში, ნებისმიერი სახის ჩარევა მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული ინდივიდების ძალადობრივ ქმედებებზე პასუხს და არა მთელი შეკრების დაშლას.