საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა მალხაზ მაჩალიკაშვილის, სამსონ თამარიანის და მერაბ მიქელაძის კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. მოსარჩელეები დავობდნენ, რომ მათ არ შეეძლოთ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების, შეწყვეტის ან დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ პროკურორის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება, რაც პროკურატურის თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს შეიცავდა, ეწინააღმდეგებოდა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობისა და სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამაა. სპეცრაზმმა მისი შვილი საკუთარი სახლის საძინებელ ოთახში, თავში სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევისა და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა, თუმცა, დაჭრილი მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. დანარჩენი პირები დააკავეს. სასამართლომ ისინი დამნაშავეებად ცნო და პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებდა, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. 2020 წლის 25 იანვარს, პროკურატურამ, დანაშაულებრივი ქმედების არარსებობის მოტივით, გამოძიება შეწყვიტა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მაჩალიკაშვილმა გამოძიების შეწყვეტამდე მიმართა, რადგან მას დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრეს, პროკურორის ეს გადაწყვეტილება კი სასამართლოში არ საჩივრდებოდა.
უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის იანვარში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა ეფექტური და საფუძვლიანი გამოძიების მოთხოვნები კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად. თუმცა, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება დასკვნის გამოსატანად, გონივრული ეჭვის გარდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა პირობებში, რომელიც სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა.
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სიტყვები - ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
კონსტიტუციური სარჩელების განხილვისას, მოპასუხე მხარის, პარლამენტის წარმომადგენელი აპელირებდა, რომ პროკურორის გადაწყვეტილებების გასაჩივრება სასამართლოს კიდევ უფრო მეტად გადატვირთავს.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ისეთ შემთხვევებში, როდესაც დასჯადი ქმედება ჩადენილია მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, მეტია დაუცველობის განცდაც, დაზარალებულის ნიჰილიზმი, გაუცხოება საგამოძიებო საქმიანობის განმხორციელებელი სახელმწიფო ორგანოების მიმართ. შესაბამისად, ობიექტურად იზრდება კონტროლის აუცილებლობა, ინფორმაციის საჭიროება და დანიშნულება.
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დაზარალებულს ინფორმაცია სჭირდება არა მხოლოდ საკუთარი ეჭვების გასაქარწყლებლად, ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ანდა იმაში დასარწმუნებლად, რომ სახელმწიფო იცავს მის უფლებებს, არამედ - საკუთარი უფლებების ეფექტიანად დასაცავად.
საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლო კონტროლი და მისი კანონიერების შემოწმება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც არსებობს პროკურატურის მხრიდან თვითნებობის ან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკი.