„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) განცხადებით, არალეგიტიმური პარლამენტის ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის პრეზიდენტის არჩევნების თარიღის დანიშვნა და მისი არჩევა, უკანონო და არაკონსტიტუციურია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
ორგანიზაციის შეფასებით, პრეზიდენტის არჩევნების პროცესი კანონმდებლობის დარღვევით ჩატარდა.
„25 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მიერ მოწვეულ პარლამენტის პირველ სხდომაზე პარლამენტის წევრების უფლებამოსილება ისე იქნა ცნობილი, რომ პარლამენტის სამანდატო კომისია არ დაელოდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტისა და 30 დეპუტატის მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო სარჩელის თაობაზე, რომლითაც გასაჩივრებული იყო 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობა.
საქართველოს კონსტიტუციით, პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წევრების საკონსტიტუციო სარჩელით გასაჩივრებული იყო პარლამენტის 150-ვე წევრის არჩევის კანონიერება, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო ამ სარჩელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, ახალი პარლამენტი უფლებამოსილებას ვერ შეიძენდა.
აქედან გამომდინარე, არალეგიტიმური პარლამენტის ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის პრეზიდენტის არჩევნების თარიღის დანიშვნა და მისი არჩევა, უკანონო და არაკონსტიტუციურია“, - ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს, 14 დეკემბერს, არალეგიტიმურ პარლამენტში საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა - „ქართულმა ოცნებამ“ ამ თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილი აირჩია, რომელიც ამავე პარტიის მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან არჩევნებში მონაწილეობა 225-მა წევრმა მიიღო, 224-მა ხმა ყაველაშვილს მისცა, ერთი ბიულეტენი კი, რომელიც აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს წევრს, ადა მარშანიას ეკუთვნოდა, ბათილად ჩაითვალა.
მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბრისთვისაა დაგეგმილი. ფორმალურად სწორედ ამ დღიდან შეუწყდება უფლებამოსილება ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ამბობს, რომ ის ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება და მისი „მანდატი გრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს მას“, ვინც ის უნდა შეცვალოს.
