სამინისტროს განცხადებით, აფთიაქები რიგ მედიკამენტებს 32-ჯერ ძვირად ყიდიან

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში, იმპორტის ფასთან შედარებით 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება. საკითხი შესასწავლად კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს გადაეცემა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საუბარია რუსეთიდან, ინდოეთიდან, თურქეთიდან და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნიდან შემოტანილ სხვადასხვა მედიკამენტზე: „ოფლაბ-ოზი“ (34.58 ლარი), „იორილი -10“ (23.81 ლარი), „ადაზალ-ნეო“ (12.6), „დოზილაქსი“ (81.3 ლარი), „ზინასენი“ (45.3 ლარი), „ლორნიკუსი“ (22 ლარი), „ტრიბუქსი ფორტე“ (43.5 ლარი), „დიოვანი“ (31.7 ლარი), „ბისეპტოლი“ (10.2 ლარი), „ტრეპარინი“ (116.3 ლარი), „ჰაიზინი“ (15.72 ლარი), „ფლოქსაზოლი“ (43.38 ლარი), „ეტრიციბი“(22.74 ლარი), „არიპრადა“ (15 ლარი), „პიტავასტატინი ნორმონი“ (75.5 ლარი), „დეპრერამი“ (47.2 ლარი), „ერითრიმიცინი“ (18.1 ლარი), „ჰიდროკორტიზონი“(4.9 ლარი), „ადმირალი“ (30.9 ლარი), „ლუთეინა“ (75.6 ლარი).

სამინისტროს განცხადებით, მედიკამენტებს დიდ ფარმაცევტულ ქსელებში თითქმის იდენტური ფასი აქვს, რის გამოც უწყება „საფუძვლიან ეჭვს“ გამოთქვამს, რომ ადგილი აქვს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენებას.

„მიუღებელია წამლების ფასის ხელოვნური ზრდა. არსებული არასამართლიანი ფასებითა და  არაჯანსაღი კონკურენციით, სექტორი მაქსიმალური მოგების უზრუნველყოფის მიზნით, აზარალებს მოქალაქეებს. ნათელია, რომ მედიკამენტებზე არ ხდება თავისუფალი ფასწარმოქმნა, ბაზარზე მოქმედ დიდ ეკონომიკურ აგენტებს შორის, შეთანხმების საფუძველზე კი იზღუდება ჯანსაღი კონკურენცია. მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების მიერ, წარმოებული საფასო პოლიტიკა კარტელური გარიგების ნიშნებს შეიცავს“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში და უახლოეს მომავალში, ამ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებას აპირებენ.

„PSP ფარმა“ მთავრობას არაზუსტი ინფორმაციის გამოქვეყნებაში ადანაშაულებს. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დღეს საქართველოში 50-ზე მეტი GDP-ს (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სერტიფიცირებული დისტრიბუტორი კომპანია და 100-ზე მეტი ბროკერი ოპერირებს, რომლებიც ე.წ. დიდი ფარმაცევტული ქსელების მომწოდებლები არიან. PSP განმარტავს, რომ სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მედიკამენტების ჩამონათვალიდან მხოლოდ ერთი მედიკამენტი - „დიოვანი“ არის მათ მიერ იმპორტირებული, ხოლო ყველა დანარჩენი შესყიდულია ადგილობრივი მომწოდებლებისგან.

„დიოვანის“ ფასნამატი 26%-ია, ხოლო ყველა დანარჩენ მედიკამენტზე არა 3000%, არამედ მარჟა  29%-ს არ აღემატება“, - აცხადებს ფარმაცევტული კომპანია.

რამდენიმე თვის წინ ჯანდაცვის სამინისტრომ აფთიაქებს „ავერსი ფარმა“, „ფარმადეპო“, „ჯიპისი“, შპს „მერმისი“ და „PSP ფარმა“ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასების ხელოვნურად გაზრდა დასდო ბრალად. უფრო მეტიც, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ PSP, რომელიც ოპოზიციონერ დეპუტატს კახა ოქრიაშვილს ეკუთვნის, 200-300%-იან ფასნამატს აკეთებდა. ეს საკითხიც შესასწავლად კონკურენციის სააგენტოს გადაეცა, თუმცა ბრალდებიდან ცხრა თვეა გასული და მოკვლევის შედეგები ჯერ ცნობილი არ არის.

ჯანდაცვის სამინისტრო წამლებზე რეფერენტულ ფასებს 2022 წლის 1-ლი იანვრიდან აწესებს, რაც გულისხმობს ფასის ზედა ზღვარს, რომელზე ძვირადაც წამლის გაყიდვა აკრძალულია. ამ ეტაპზე რეფერენტული ფასი 3200-ზე მეტ მედიკამენტზე ვრცელდება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).