თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ყოფილ ცოლზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო. პროკურატურა განაჩენს არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას აპირებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს, თუმცა სასამართლომ ძალადობის ოთხივე ეპიზოდში გაამართლა: „გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 მაისის განჩინებით ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძება გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა. ნიკოლოზ ბასილაშვილს უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი“.
მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას განცხადებით, ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ ადგილი არ ჰქონია ფიზიკურ ძალადობას, სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეკონომიკურ ძალადობას და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ფსიქოლოგიურ ტერორს. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება 2018 წლის 28 აგვისტოს, აშშ-ში, სასტუმროს ნომერში შესაძლო ძალადობის ეპიზოდზე გაამახვილა.
„ნელი დოროყაშვილი ბრძანებს, რომ მას შემდეგ, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა დატოვა სასტუმროს ნომერი, ის იყო უკიდურესად მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, მას ჰქონდა მცდელობა თვითმკვლელობის - მცდელობა თუ არა, აზრები, ხომ არ მიემართა თვითმკვლელობისთვის, თუმცა ამის პარალელურად რა გვაქვს? დადასტურებული ფაქტობრივი მდგომარეობაა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მართლაც ტოვებს სასტუმროს ნომერში ნელი დოროყაშვილს და ქალბატონ ნელი დოროყაშვილს თვითდახმარებისთვის შექმნილი ფარული ვიდეოჩანაწერი არ მიაქვს პოლიციის განყოფილებაში. ის მიდის დაბადების დღეზე, სადაც მას მისი ამ სტრესული მდგომარეობიდან გამომდინარე, როგორც მან აგვიხსნა თავის ჩვენებაში, ობიექტურად არ უნდა ჰქონოდა უნარი, საათი-საათნახევრიანი ძალადობის შემდეგ, ხელებით, ფეხებით, თმით თრევით, ოცკილოიანი ჩანთის სხეულის მიმართულებით ტყორცნის შემდგომ. თუმცა, ის მიდის ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობრის დაბადების დღეზე.
როგორც იუბილარი, მოწმე გვეუბნება, ნელი დოროყაშვილს არ უთქვამს, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო... ჩვენ ვსაუბრობთ მსხვერპლზე, რომელმაც საათი-საათნახევრიანი ძალადობის შემდგომ თავი დააღწია ე.წ. მოძალადეს, მიდის დაბადების დღეზე და იქ ინტერესდება, სად იმყოფება ნიკოლოზ ბასილაშვილი. მოწმე ბრძანებს, რომ ნელი დოროყაშვილს ტანსაცმლით დაუფარავ ადგილზე დაზიანების არანაირი კვალი არ ემჩნევა. არადა, ძალადობის კვალი უნდა ემჩნეოდეს იმიტომ, რომ მასზე ძალადობენ ხელებით, ფეხებით და ოცკილოიანი ჩანთით. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ გვაქვს, რადგან ექსპერტიზა არ ჩაიტარა იმ ეტაპზე ნელი დოროყაშვილმა. გვაქვს ფოტო, რომელიც დაცვის მხარემ გამოიკვლია. ამ ფოტოს მიხედვით, შესაძლო ძალადობის შემდგომ, ნელი დოროყაშვილი იმყოფება ერთ-ერთ დაწესებულებაში, სავარაუდოდ, სასტუმროა. ჩანს თითქმის მთელი მისი სხეული - სახე, ყელი, ხელი, აცვია მოკლე ქვედაბოლო, ჩანს მისი კიდურები თითქმის მთელ რაკურსში, თუმცა არც ამ ფოტოზე ჩანს ძალადობის კვალი. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერს, რომელიც სპეკულაციის ნაწილი გახდა - ბრალდების მხარე ბრძანებდა, რომ ჩანს ძალადობა, ხოლო დაცვა ბრძანებდა, რომ ძალადობა არ ჩანს. სიმართლე გითხრათ, ობიექტური დამკვირვებლის თვალში, აშკარად და ერთმნიშვნელოვნად ძალადობის ფაქტი არ ჩანს. სასამართლოს ჰქონდა მოლოდინი, რომ წარმოდგენილი იქნებოდა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტი დაადგენდა, ჩანდა თუ არა ძალადობა. ასეთი ექსპერტიზა საქმეში არ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, არ იყო საკმარისი მტკიცებულებები ამ ნაწილში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის მისაღებად“, - განაცხადა მოსამართლემ.
ნელი დოროყაშვილის ადვოკატის, ანა თავხელიძის შეფასებით, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას გადაწყვეტილება უკანონო და უკან გადადგმული ნაბიჯია ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში.
„მოსამართლის მხრიდან მოვისმინეთ ყველა სტერეოტიპის ფრქვევა, დაზარალებულების დამუნათება, რატომ არ მიმართავენ ისინი პოლიციას დაუყოვნებლივ, რატომ იცინიან ძალადობის შემდეგ და რატომ უჩნდებათ წვეულებაზე წასვლის სურვილი. ყველა არგუმენტი, რაც მოსამართლისგან მოვისმინეთ, გარდა იმისა, რომ არ ეფუძნებოდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, წინააღმდეგობაშიც მოდიოდა. მოსამართლემ მიუთითა ისეთ მტკიცებულებებზე, რომლებიც თავად არ დაუშვა საქმეზე“, - თქვა ანა თავხელიძემ ჟურნალისტებთან.
სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალადობის ბრალდებით 2020 წლის 22 მაისს დააკავეს, თუმცა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 100 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებდა. საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ორ წელზე მეტ ხანს მიმდინარეობდა.