საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მედია პრეზიდენტს მოუწოდებენ, შეიწყალოს ნიკა გვარამია

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ფოტო

3 მაისს, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, მედიის წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს და სალომე ზურაბიშვილს მოუწოდეს, შეიწყალოს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. 16 მაისს გვარამიას დაპატიმრებიდან ერთი წელი შესრულდება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„დემოკრატიულ საზოგადოებაში აზრისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის არავინ უნდა იდევნებოდეს. ნიკა გვარამია არის სინდისის პატიმარი, ის არის ადამიანი, რომელიც თავისი სარედაქციო პოლიტიკის, ჟურნალისტური საქმიანობის გამო დღეს საპატიმრო დაწესებულებაშია. არაფერ შუაში არ არის მისთვის წარდგენილი ბრალი. ამით ხელისუფლება საზოგადოებას ეუბნება, რომ მე თუ მომინდება ჩემთვის მიუღებელი ადამიანი გავანეიტრალო და ჩავსვა საპატიმროში, აუცილებლად ვიპოვი მიზეზს და დავსჯი მას“, - განაცხადა ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ.

„ძალიან დიდი ხანია გვაქვს მოლოდინი, რომ შეიწყალებს, მაგრამ ჯერჯერობით პრეზიდენტი ამ მოლოდინს გვიცრუებს. როდესაც ქვეყნაში გვყავს პოლიტიკური პატიმრები და თვითონ პოზიციონირებს, როგორც ძალიან პროევროპელი, ჩვენ გვიჩნდება ეს პრეტენზია, გვაინტერესებს, რას ელოდება, როდემდე შეიძლება პოლიტიკური პატიმარი ციხეში იჯდეს? ეს ჩვენთვის გაუგებარია“, - აღნიშნა გამომძიებელმა ჟურნალისტმა და სტუდია „მონიტორის“ რედაქტორმა ნინო ზურიაშვილმა.

დღესვე, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. განცხადების ხელმომწერები, ერთი მხრივ, საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ შეიწყალოს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, მეორე მხრივ კი, საქართველოს უზენაეს სასამართლოს - დროულად, ობიექტურად და მიუკერძოებლად განიხილოს ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე.

განცხადების თანახმად, გვარამიას მიმართ წარმოებული საქმე მთლიანობაში ძირს უთხრის მის მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობას, ატარებს მსუსხავ ეფექტს გამოხატვის თავისუფლების მიმართ და ქმნის თავისუფალი სივრცის შევიწროების იმგვარ პრეცედენტს, რომელსაც გავლენა აქვს სახელმწიფოში პლურალისტული მედია გარემოს არსებობაზე.

განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ნიკა გვარამიას პატიმრობის საკითხი პირდაპირ უკავშირდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ შესასრულებელი 12 პირობიდან ერთ-ერთს.

მარტის ბოლოს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მის მიმართ პირადი წყენა არ აქვს და ეს საკითხი ღიაა. ამასთან, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, „ეს უნდა იყოს თავისუფალი გადაწყვეტილება“ და „ერთადერთი შემაკავებელი დაუმთავრებელი რეკომენდაციები თუ ზეწოლებია“.

2022 წლის 2 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ძალაში დატოვა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორისთვის მისჯილი სასჯელი - 3.6 წლით თავისუფლების აღკვეთა. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის განაჩენი ნაწილობრივ შეცვალა. კერძოდ, ნიკა გვარამია დაპატიმრებული იყო „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ავტომობილის პირადი მიზნების გამოყენებისთვის (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განაჩენით, მას ბრალდების მეორე ეპიზოდზე - „რუსთავი 2“-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ნაწილში, 50 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. სააპელაციო სასამართლომ მას ამ ეპიზოდზეც პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამიას საქმე უზენაეს სასამართლოშია გასაჩივრებული. ოთხ თვეზე გავიდა და საკასაციო საჩივარის განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

 

ამ თემაზე:

გარემო სულ უფრო მტრული ხდება - საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში 77-ე ადგილზეა

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).