საქართველოში გარემო სულ უფრო მტრული ხდება დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის, ხოლო ოფიციალური ჩარევა ძირს უთხრის პრესის თავისუფლების გაუმჯობესების ძალისხმევას, - წერს საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF), რომელმაც 3 მაისს, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
პრესის თავისუფლების ინდექსი 2023 წელს, 180 ქვეყანაში ჟურნალისტების მდგომარეობას აფასებს. საქართველო 61.69 ქულით 77-ე ადგილზეა და იმ ქვეყნებს შორის არის დასახელებული, სადაც მედიაგარემო ფასდება როგორც „პრობლემური“. 2022 წელთან (89 ადგილი) შედარებით, საქართველოს მდგომარეობა 12 პოზიციით გაუმჯობესდა. 2021 წელს ქვეყანა მე-60 ადგილზე იყო.
RSF, წინა წლის მსგავსად, აღნიშნავს, რომ საქართველოში მედია ლანდშაფტი მრავალფეროვანი და ამავდროულად ძალიან პოლარიზებულია.
„მანიპულაცია, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია მედიაში ფართოდ არის გავრცელებული, განსაკუთრებით ტელევიზიაში, რომელიც ინფორმაციის მთავარი წყაროა. მედიამფლობელები ხშირად აკონტროლებენ სარედაქციო პოლიტიკას. მაგალითად, ტელეარხ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო ხაზი სრულიად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ის ყოფილ მფლობელს დაუბრუნდა. რეგიონული და სათემო რადიომაუწყებლობა ძლიერდება იმ დროს, როდესაც ბეჭდური მედიის მკითხველთა რაოდენობა იკლებს, ხოლო ონლაინ მედიის მკითხველთა რიცხვი იზრდება“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ქვეყანაში პრესის თავისუფლების ინდექსის განსაზღვრისთვის ხუთ ინდიკატორს იყენებს - პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციოკულტურული და უსაფრთხოების.
RSF აღნიშნავს, რომ საქართველო 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისშია. ეს გარემო ხელს უწყობს სატელევიზიო ქსელების კონტროლისთვის მდგრად კონკურენციას.
ქართული კანონმდებლობა პოლიტიკური პარტიის მიერ მედიის ფლობას კრძალავს, მაგრამ დიდი მაუწყებლობები იცავენ საკუთარი მფლობელების ინტერესებს, რომლებსაც ხშირად მჭიდრო კავშირი აქვთ პოლიტიკურ ლიდერებთან. იგივე ხდება სახელმწიფო მედიასაშუალებებშიც, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან ჩარევას განიცდიან.
ხელისუფლება ხშირად უარს ამბობს მის მიმართ კრიტიკული მედიასაშუალებებისთვის პასუხის გაცემაზე და ზოგჯერ მიმართავს ცენზურას, რეიდებს, ცილისმწამებლურ კამპანიებსა და დაშინებას.
საქართველოს მდგომარეობა ყველაზე მეტად ამ ნაწილშია გაუარესებული. ამ ინდიკატორით საქართველოს 121-ე ადგილი უკავია, მაშინ, როცა 2022 წელს 102-ე ადგილზე იყო.
RFS-ს შეფასებით, მთავრობას ცხადად აქვს გამოხატული თავისი მიზანი, კონტროლი დაამყაროს დამოუკიდებელ რადიო სადგურებზე და სატელევიზიო მაუწყებლობებზე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონმდებლობის შეცვლისა და რუსეთიდან დაკოპირებული „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონით, რომელიც საბოლოო ჯამში შეჩერდა, ქუჩის პროტესტისა და საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ. სასამართლოები ცდილობენ, დაარღვიონ წყაროების კონფიდენციალურობა, რომელიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით არის გარანტირებული.
სარეკლამო ბაზარი სუსტად არის განვითარებული ბეჭდურ და ონლაინ მედიაში, რომელიც ძირითადად დონორების მიერ ფინანსდება, დონორთა უმრავლესობა კი უმეტესწილად დასავლეთიდანაა. კერძო მფლობელობაში არსებული მედიის შემაშფოთებელი ეკონომიკური პრობლემები გაღრმავდა რეკლამის შესახებ კანონმდებლობაში ცვლილების შემდეგ, რაც ამახინჯებს კონკურენციას ინტენსიურად სუბსიდირებულ სახელმწიფო მედიასაშუალებებთან.
ქართული საზოგადოება ხასიათდება კონკრეტულ საკითხებზე ძლიერი სოციალური დაძაბულობებით, რაც ჟურნალისტების საქმიანობაზე მოქმედებს. ამგვარ საკითხებს მიეკუთვნება რელიგია, ლგბტ უფლებები და რუსული გავლენა. სოციალურად გავლენიანი ფიგურები, როგორებიც არიან მართლმადიდებლური ეკლესიის სამღვდელოების წევრები, უსაფრთხოების სამსახურების ელექტრონული მეთვალყურეობის ქვეშ არიან, ამგვარად ირღვევა ჟურნალისტების წყაროს კონფიდენციალურობის დაცვა.
ჟურნალისტების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ხშირია, მათ შორის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის დროს. 2021 წლის ივლისში, ჰომოფობიური კონტრ-დემონსტრაციების დროს, გულგრილი უსაფრთხოების ძალების თვალწინ, 50 რეპორტიორზე განგრძობითი და სასტიკი თავდასხმა, უპრეცედენტო უკანგადადგმულ ნაბიჯად იქცა. ამ მოვლენების გამოძიებაში გამჭვირვალობისა და პროგრესის ნაკლებობა, ასევე, ოპოზიციური ტელეკომპანიის დირექტორ ნიკა გვარამიასთვის სამნახევარი წლით პატიმრობის შეფარდება, მეტყველებს დაუსჯელობაზე, რომლითაც ჟურნალისტების მიმართ დანაშაულის ჩამდენი პირები სარგებლობენ.
საქართველო პრესის თავისუფლების მხრივ ისეთი ქვეყნების ჯგუფშია, როგორებიცაა კომორის კუნძულები, სიერა-ლეონე, მალაიზია, უნგრეთი, ბულგარეთი, ტოგოს რესპუბლიკა, გვინეა-ბისაუ, უკრაინა და ეკვადორი. ამასთან, RSF აღნიშნავს, რომ უკრაინის ინდექსის (79-ე ადგილი) გაუარესებას რუსეთის ომმა შეუწყო ხელი.
რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოსთან შედარებით უკეთესი პოზიცია აქვს სომხეთს (49 ადგილი), სადაც ჟურნალისტებისთვის არსებული გარემო ფასდება როგორც „დამაკმაყოფილებელი“. თურქეთი პრესის თავისუფლების ინდექსით 165-ე ადგილზეა, რუსეთი 164-ე ადგილზე, ხოლო აზერბაიჯანი 151-ე ადგილზე.
პრესის თავისუფლების ინდექსში პირველ ხუთეულში არიან ნორვეგია, ირლანდია, დანია, შვედეთი და ფინეთი.