ევროკომისიის 12 პირობიდან სრულად მხოლოდ ერთია შესრულებული - არასამთავრობოები

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობიდან, ამ დროისთვის, სრულად შესრულებულია მხოლოდ ერთი, რომელიც ქართული სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისიწნებას ეხება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

შესასრულებელია ხუთი პირობა - დეპოლარიზაცია, დამოუკიდებელი სასამართლო, დეოლიგარქიზაცია, მედიის თავისუფლება და პირობების შესრულების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.

არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშის მიხედვით, დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით არსებულ მოლოდინებს შორისაა 2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის 2%-მდე შემცირება, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ საავადმყოფოში სამკურნალოდ გადაყვანა, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მხრიდან მტრული რიტორიკის შეჩერება და სამოქალაქო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მტრული რიტორიკის დასრულება. ყველა ეს საკითხი დღემდე გამოწვევად რჩება. არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია ხელისუფლებასა და ოპოზიციას, ხელისუფლებასა და მედიას, ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის გაზრდილია.

დამოუკიდებელი სასამართლოს ნაწილში არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოს პარლამენტს ჯერ კიდევ არ აურჩევია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არამოსამართლე წევრები, პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი კი არ მოიცავს უმაღლესი საბჭოს რეფორმას. გარდა ამისა, გენერალური პროკურორის მაღალი კვორუმით არჩევის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მხოლოდ ერთი მოსმენით არის მიღებული.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დეოლიგარქიზაცია შეიძლება სხვა რეკომენდაციების შესრულებით იქნას მიღწეული. ისინი აღნიშნავენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ორი მოსმენით მიიღო დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, თუმცა ევროკავშირს დეოლიგარქიზაციის საკანონმდებლო რეგულაცია არ მოუთხოვია. ანგარიშში გამოწვევებს შორის არის დასახელებული „ქართული ოცნების“ მიდგომა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი მხოლოდ კრიტიკული მედიისა და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებს შეეხება, მაგრამ არ შეეხება ბიძინა ივანიშვილს.

მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით არსებული მთავარი გამოწვევებია: ნიკა გვარამია პატიმრობა, სააპელაციო სასამართლოს მიერ ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებლის წინააღმდეგ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში დატოვება, დავა ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ, რაც „ფორმულას“ სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეს ქმნის, 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობა, ჟურნალისტების უკანონო მოსმენის ფაქტების გამოუძიებლობა, „ქართული ოცნების“ მიერ აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ ევროდირექტივის მიკერძოებული ინტერპრეტაცია და ხარვეზიანი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რაც მედიის თავისუფლების საზიანოდ სცდება ევროდირექტივის მოთხოვნებს. არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსცა ბრძანება პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე, რაც არღვევს და ხელს უშლის მედიის პარლამენტში თავისუფლად საქმიანობის უფლებას.

მეხუთე შეუსრულებელი რეკომენდაცია 12 რეკომენდაციის შესრულებაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვას ეხება. ანგარიშის მიხედვით, სახალხო დამცველის კანდიდატებთან, სასამართლოს რეფორმის, ანტიკორუფციული ზომების, დემოკრატიული ზედამხედველობის, მედიისა და მოწყვლადი ჯგუფების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციების უმეტესობა არ იქნა გათვალისწინებული. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო საკითხებზე არსებულ სამუშაო ჯგუფში „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) მონაწილეობა დაბლოკა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ე.წ. „აგენტების“ კანონის ჩაგდების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ სამოქალაქო სექტორზე თავდასხმები გააგრძელა და მის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია გაამძაფრა:

„კანონის მიღებაზე უარის თქმის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ ლიდერები საზოგადოებრივ ორგანიზაციებს უცხოური გავლენის აგენტებს უწოდებენ. სამოქალაქო სექტორს ევროინტეგრაციის პროცესის ხელის შეშლაში, პროვოკაციების მოწყობაში, დესტრუქციულ საქმიანობასა და საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვის სურვილშიც ადანაშაულებენ. ასევე, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ მათ ფინანსებსა და ქვეყნის მიმართ ერთგულებას“.

დიდწილად შესრულებულად ფასდება ორი რეკომენდაცია, რომლებიც ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და გენდერულ თანასწორობას ეხება. ნაწილობრივ შესრულებულ ოთხ რეკომენდაციას შორისაა საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები, ანტიკორუფციული ზომები, მოწყვლადი ჯგუფების დაცვა და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.

„წლის ბოლომდე ხელისუფლებას და საზოგადოებას ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ ამ პირობების შესრულების დაჩქარება მოხდეს და რაც მთავარია, გამოჩნდეს ერთიანი ნება. შესაძლოა, ოქტომრისთვის ყველა პირობა სრულად შესრულებული არ იყოს, მაგრამ ჩანდეს პროგრესი. ამისთვის, პირველ რიგში ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს საკმარისი პოლიტიკური ნება“, - ამბობს ქეთი ხუციშვილი, ღია საზოგადოების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.

ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება შემდეგმა ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეაფასა: ღია საზოგადოების ფონდი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, სასამართლოს გუშაგი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, მმართველობის მონიტორინგის ცენტრი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, საფარი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.