სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, რომელსაც ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად ბოიკოტი გამოუცხადა, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ზაზა ყურაშვილმა გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 96.68 % მიიღო. ყურაშვილის არჩევით, „ქართულ ოცნებას“ სენაკის საკრებულოში უმრავლესობის შექმნა და თავმჯდომარის არჩევა შეუძლია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
- 4 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 5 აქციაზე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა
- 6 17 მოსამართლე: საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს
შუალედური არჩევნები თეკლათისა და ჭალადიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე ჩატარდა, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2307 იყო. არჩევნებში მონაწილეობა 44.26 %-მა, 1021-მა ამომრჩეველმა მიიღო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმები ასე გადანაწილდა:
- ზაზა ყურაშვილი, „ქარული ოცნება“ - 971 ხმა (96.713 %);
- მამუკა ტუსკაძე, „სოციალური სამართლიანობისთვის“ - 33 ხმა (3.287 %).
„ვერც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ვერ გაბედა კანდიდატურის დასახელება. ისინი ძალიან კარგად ხედავენ საერთო ფონს, საზოგადოების განწყობას და აქედან გამომდინარე, გამარჯვება იოლად მოვიპოვეთ. ჩვენთვის სენაკში არჩევნების მოგება ძალიან პრინციპული იყო, რადგან ამ მუნიციპალიტეტში, საბოლოო ჯამში, უმრავლესობის საკითხი წყდებოდა.
ამ გამარჯვებით ჩვენ ვახერხებთ სენაკის მუნიციპალიტეტში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
შუალედურ არჩევნებში საკუთარი კანდიდატები არ დააყენეს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ და „ლელომ“. ოპოზიციურ პარტიებს მიაჩნიათ, რომ სენაკში საკრებულოს ახალი არჩევნები უნდა ჩატარებულიყო.
2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციამ მოიპოვა. კერძოდ, 33 მანდატიდან 13 „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო, 4 – პარტიამ „გახარია - საქართველოსთვის“, ხოლო 16 – „ქართულმა ოცნებამ“.
3 დეკემბერს, საკრებულოს პირველივე სხდომაზე გახარიას პარტიიდან პროპორციული სიით არჩეულმა წევრმა, ილია ახალაიამ საკრებულო დატოვა, რის შედეგადაც ოპოზიციის წევრთა რიცხვი 16-მდე შემცირდა. „ქართული ოცნება“ საკრებულოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებდა და შესაბამისად, ილია ახალაიას ადგილმონაცვლის, ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილების ცნობა ვერ ხერხდებოდა, რადგან სხდომის ჩატარებას 17 დეპუტატის რეგისტრაცია სჭირდება.
3 დეკემბრის შემდეგ სხდომის ჩატარების არაერთი მცდელობა იყო, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო, ვერ გაიმართა. 9 თებერვალს, „გახარია საქართველოსთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ სენაკის საკრებულოს დეპუტატები შეიკრიბნენ. მათ ცნეს ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილება, გადაირჩიეს დროებითი ხმის დამთვლელი და სამანდატო კომისიები. ამავე შემადგენლობამ, 23 თებერვალს საკრებულოს თავმჯდომარეც აირჩია - გახარიას პარტიის წარმომადგენელი ირაკლი კაჭარავა. საკრებულოს წევრებს სხდომის გახსნის კვორუმი არ ჰქონდათ (საჭირო იყო 17 დეპუტატის რეგისტრაცია), თუმცა მათი განმარტებით, გააგრძელეს 2021 წლის 3 დეკემბრის სხდომა და უფლებამოსილება ჰქონდათ, გადაწყვეტილება მიეღოთ.
„ქართულმა ოცნებამ“ სენაკის საკრებულოს წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა. მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებების მოქმედება საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე შეაჩერა. საქმე ისევ სასამართლო განხილვაშია, სენაკის საკრებულოს კი 23 თებერვლის შემდეგ სხდომის ჩატარება აღარ უცდია.
2022 წლის მაისში, პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში, რომლის გარდამავალი რეგულირებით, ბათუმისა და სენაკის საკრებულოებში სხდომის გახსნასთან დაკავშირებული კვორუმის პრობლემა იხსნებოდა იმით, რომ საკრებულოს წევრებად ავტომატურად ჩაითვლებოდნენ საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტით ასეთად ცნობილი პირები.
სენაკის საკრებულომ მაინც ვერ შეძლო შეკრება, რადგან საკანონმდებლო ცვლილებებიდან რამდენიმე დღეში საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვახტანგ წურწუმიამ მანდატი დატოვა, რის შემდეგაც სენაკის საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს ისევ აღარ ჰქონდა უფლებამოსილება სხდომა გაემართათ. პარლამენტის წევრის ანი წითლიძის ინფორმაციით, ვახტანგ წურწუმიას კანონიერი ქურდი მიუგზავნეს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სენაკის საკრებულოს შუალედური არჩევნები 12 აგვისტოს განკარგულებით დანიშნა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ეს განკარგულება სასამართლოში გაასაჩივრა. საია მიიჩნევს, რომ სენაკის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისიდან უფლებამოსილება უნდა შეწყვეტოდა, რადგან 6 თვის განმავლობაში შეკრება ვერ მოახერხა, მთავრობა კი ვალდებული იყო ამ მუნიციპალიტეტში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა შემოეღო, რის შემდეგაც სენაკში რიგგარეშე არჩევნები უნდა დაენიშნათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ საიას სარჩელი არ დააკმაყოფილა.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ერთ-ერთი იყო იმ საკრებულოთაგან, სადაც 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა ვერ მოიპოვა.