თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ სერჟანტ როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე დაკვებულ 8 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. იგივე გადაწყევტილება იქნა მიღებული ძებნაში მყოფი კიდევ ორი ბრალდებულის მიმართ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
როინ შავაძის საქმეზე, 15 წლის შემდეგ, პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ დროს არსებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) აჭარის მთავარი სამმართველოს მაღალჩინოსნებისა და სპეცრაზმელების წინაღმდეგ დაიწყო. ძებნაა გამოცხადებული აჭარის კუდ-ის იმჟამინდელი უფროსის, თეიმურაზ პატარიძის და ერთ-ერთი სპეცრაზმელის, გიორგი არაბულის მიმართ.
დაკავებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ. ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, ისინი წლების განმავლობაში გამოძიებასთან თანამშრომლობდნენ, უდანაშაულოები არიან და შესაბამისად, მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი არ არსებობდა.
„ისინი არიან უდანაშაულოები - ეს პოზიცია აქვთ იმთავითვე, როგორც კი საქმეზე გამოძიება დაიწყო. ამ პოზიციას პროკურატურაც, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო ხელისუფლებაში, მრავალი წლის განმავლობაში იზიარებდა. მაგალითად, 2008 წლიდან 2012 წლამდე თუ სხვა ხელისუფლება იყო, 2012 წლიდან 2023 წლის ჩათვლით ახალი ხელისუფლების პირობებში, არცერთი მათგანის მიმართ დევნა დაწყებული არ ყოფილა და მეტიც, მათი ნაწილი ძალოვან უწყებებში მუშაობას აგრძელებდა, მათი ჩვენებები პროკურატურას მიაჩნდა სანდოდ.
რაც შეეხება მოტივაციას, თუ რატომ მოხდა დევნის დაწყება, აქ წარმოდგენილი სპეცრაზმელები არიან ის მებრძოლები, ვინც 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის აგრესიის შეკავებისთვის იბრძოდნენ. დღეს ჩვენ ვიცით, როგორი პოლიტიკა აქვს ხელისუფლებას აგვისტოს ომის გმირებთან დაკავშირებით და შეიძლება, ერთ-ერთი მოტივაცია ესეც იყოს. თუმცა, ამ ნაწილში მე სპეკულაციას არ დავიწყებ“, - განაცხადა ბასილაიამ.
სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენელის, პროკურორ გიორგი მუჯირის თქმით, ბრალდებულები 15 წლის განმავლობაში შეთანხმებულად მოქმედებდნენ და გამოძიებას წინასწარ შემუშავებული ყალბი ვერსიის შესაბამისად ცრუ ინფორმაციას აწვდიდნენ.
„ეს ყველაფერი ხდებოდა კოორდინირებულად. ამისთვის შეიქმნა ყალბი სისხლის სამართლის საქმე, რათა არ მომხდარიყო მათი დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენა. გარდა ამისა, მოცემული საქმე კომპლექსურია, მოიცავს რამდენიმე დანაშაულს, ამიტომ გამოძიებას დრო დასჭირდა და სწორედ ახლა შეკრებილია მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომელიც მათი ბრალდების შესაძლებლობას ქმნის“, - განაცხადა პროკურორმა.
გიორგი მუჯირის თქმით, სერჟანტ როინ შავაძის დაკავება და მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა მოტივით, თითქოს, ის უცხოეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა: „მსგავსი ინფორმაცია არ დადასტურებულა არც იმ პერიოდში, არც მომდევნო და არც მიმდინარე გამოძიების პერიოდში. როინ შავაძე იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტი. ის მონაწილეობდა ერაყის მისიაში და აგვისტოს ომში. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის მედლითაც იყო დაჯილდოებული. საბოლოო ჯამში, თუ რას ემყარებოდა მათი პოზიცია, რომ როინ შავაძე სამშობლოს მოღალატე იყო... მსგავსი რამ არც გამოკვეთილა, არც მათი მხრიდან დადგენილა და არც სისხლის სამართლის საქმეში არ მოიძებნება“.
პროკურორის ინფორმაციით, აჭარის კუდ-ის უფროსს თეიმურაზ პატარიძეს როინ შავაძეზე ოპერატიული თვალთვალის და შესწავლის დავალება ხელმძღვანელისგან ჰქონდა მიღებული. კითხვაზე, ვინ იყო მაშინ მისი ხელმძღვანელი, გიორგი მუჯირმა თქვა, რომ კუდ-ის უფროსი დავით ახალაია იყო, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი - ივანე მერაბიშვილი. პროკურორმა აღნიშნა, რომ შემდგომი გამოძიების საგანია, თუ ვინ იყო ჩართული დანაშაულში.
საქმეზე მორმდევნო სასამართლო სხდომა 18 სექტემბერს გაიმართება.
სერჟანტი როინ შავაძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან რამდენიმე დღეში, 16 აგვისტოს მოკლეს. პროკურატურის ვერსიით, კუდ-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა, მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით, შავაძე ჯერ ბათუმში დააკავეს და სასტიკად ცემეს, შემდეგ კი ქობულეთის და გურიის საზღვართან წაიყვანეს და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოკლეს. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, როინ შავაძეს სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა. გარდა ამისა, გარდაცვლილს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, რაც მას გარდაცვალებამდე ძალადობის შედეგად მიაყენეს, მათ შორის, მარცხენა მხრის ძვლის, მარცხენა ბარძაყის ძვლის და ნეკნების მოტეხილობები. როინ შავაძეს სხეულზე ჰქონდა თერმული დაზიანებების კვალიც, რაც ანთებული სიგარეტის ზემოქმედების შედეგად უნდა ყოფილიყო მიყენებული.
2020 წლის ნოემბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე საქართველოს სახელმწიფოს მიერ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. სასამართლოს შეფასებით, იმჟამინდელი მთავრობის მტკიცება, რომ შავაძის სიკვდილი, დაკავებისას მისი გაქცევის აღსაკვეთად საჭირო ძალის გამოყენების შედეგი იყო, არ შეესაბამებოდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ეფექტიანი გამოძიების ჩატარება დაავალა. გადაწყვეტილების აღსრულებაზე და გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ახორციელებდა.