შარლ მიშელს ვუთხარი, რომ ოპოზიციას არ აქვს სახალხო მხარდაჭერა - კობახიძე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უდაპეშტში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შარლ მიშელთან „ძალიან მეგობრული, კონსტრუქციული საუბარი“ ჰქონდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„მას აინტერესებდა, როგორ ვითარდება მოვლენები საქართველოში. ვუთხარი, რა მდგომარეობაც არის დღეს საქართველოში, მათ შორის ვუთხარი, რომ ოპოზიციას ძალიან უჭირს ადამიანების მობილიზება, ოპოზიციას არ აქვს სახალხო მხარდაჭერა.

ასეთ პირობებში, ვფიქრობ, მოვლენები ბევრად უფრო მარტივად წარიმართება, ვიდრე წარიმართა ოთხი წლის წინ. ოპოზიციას არაფრის რესურსი არ აქვს. ამ შემთხვევაში იმაზე ბევრად ნაკლები რესურსიც კი აქვს, ვიდრე ჰქონდა ოთხი წლის წინ.

რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას, მე კიდევ ერთხელ გავიმეორე შარლ მიშელთან, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ნებისმიერი დისკუსიისთვის, ვართ აბსოლუტურად მოქნილი. ჩვენ დავუფიქსირეთ მზაობა დისკუსიებისთვის შარლ მიშელს და ეს არის ჩვენი ღია პოზიცია“, - უთხრა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

კობახიძისა და მიშელის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი არ გამოხმაურებია.

26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა 53.93%-მა (1 120 011 ამომრჩეველი) ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა. ამ შედეგის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, რომელთა შორის ხმები ასე გადანაწილდა:

  • „კოალიცია ცვლილებისთვის“ (11.037%)
  • „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ (10.164%)
  • „ძლიერი საქართველო“ (8.814%)
  • „გახარია საქართველოსთვის“ (7.771%)

ოპოზიციური პარტიები და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებენ, რომ არჩევნები „ტოტალურად გაყალბდა“. ოპოზიცია ახალ არჩევნებს და დარღვევებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ითხოვს.

ევროკავშირს „ქართული ოცნებისთვის“ არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცია. შარლ მიშელი 27 ოქტომბერს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის უწყებებს მოუწოდებდა, „სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად“ გამოეძიებინათ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.